მთავარიმსოფლიოNATO„ზამთარი ცივია, მაგრამ გაზაფხულიც მოვა, ძლიერად იდექით, დიდება უკრაინას“- მარკ რუტე კიევს...

„ზამთარი ცივია, მაგრამ გაზაფხულიც მოვა, ძლიერად იდექით, დიდება უკრაინას“- მარკ რუტე კიევს ეწვია

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად კიევში ჩაფრინდა. სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელმა, ქვეყნის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პირველ რიგში რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპულ მეომრებს მიაგო პატივი, რის შემდეგაც ქვეყნის პარლამენტში გადაინაცვლა. იქ მარკ რუტემ კიდევ ერთხელ გამოხატა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის გამძაფრებული იერიშები მშვიდობის მიღწევის საქმეში მოსკოვის განწყობებს მკაფიოდ აჩვენებს.

„უკრაინელი ხალხი მტკიცედ იბრძვის დემოკრატიისთვის და თქვენ, როგორც მათმა წარმომადგენლებმა უზრუნველყავით, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ ფუნქციონირება გააგრძელა ყოველდღიური იერიშების ფონზე ამ ოთხი წლის განმავლობაში. პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი, მოკავშირეებთან ერთად მოწადინებულია, დაასრულოს ეს სისხლისღვრა, ნათელია რომ ამაში ძალისხმევას დებს უკრაინაც. პირდაპირი მოლაპარაკებები პროცესშია, რაც მნიშვნელოვანი პროგრესია, თუმცა რუსეთის იერიშები, მათ შორის ისეთი, როგორიც ამაღამ განხორციელდა, აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობის მიმართ სერიოზულად განწყობილი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი იხდის მძიმე ფასს ამ ომისათვის, მილიონობით მსხვერპლით ფრონტის ხაზზე. მიუხედავად საკუთარი ხალხის მსხვერპლისა, პუტინი ვერ იმარჯვებს. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე, ასევე გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას, ახლა და მომდევნო წლებშიც. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. ვიცი, რომ ზამთარი ცივია, მაგრამ გაზაფხულიც მოვა. ძლიერად იდექით, ვიცი, რომ ასეც იქნება. დიდება უკრაინას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

გენერალური მდივნის განცხადებით, დასავლეთი უკრაინისთვის 3-კომპონენტიან უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავს, ახალი რუსული აგრესიის შემთხვევაში. პირველი, მისი თქმით, გაძლიერებული უკრაინული ჯარია, რომელსაც ფინანსურად პარტნიორები უზრუნველყოფენ, რათა ქვეყანას დაცვის პირველი ხაზი ეიმედებოდეს. მეორე – მსურველთა კოალიციაა, ევროპული ქვეყნების ერთობა უკრაინის მხარდასაჭერად, თუმცა გენმდივანს არ დაუსახელებია, თუ როგორ იმოქმედებს კოალიცია რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში სამომავლოდ. მესამე კომპონენტი აშშ-ია, რომელსაც მისი თქმით, ამ პროცესებში ინტერესი აქვს. თავის მხრივ, უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს მნიშვნელოვანი დრო დაუთმო უკვე ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სტუმართან ერთად გამართულ ბრიფინგზე მან ისიც თქვა, რომ ამ პროცესში ევროკავშირის წევრობა საკვანძო საკითხია.

„მე ვეთანხმები მარკს, 800-ათასიანი ძლიერი არმიის თაობაზე უკრაინისთვის, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით კიდეც. ამისთვის გვჭირდება საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა, შესაბამისად, გვჭირდება დაფინანსება და ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს არმია და საერთაშორისო ძალები ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს ჯარებზე იქნება დაფუძნებული. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რისთვის იქნებიან მზად ევროპელები, თუ რუსეთი ისევ დაგვესხმება თავს და რისთვის იქნებიან მზად ამერიკელები, მათ შეუძლიათ ბევრი რამ, მაგრამ კითხვა ისაა, კონკრეტულად რისთვის იქნებიან მზად ასეთ შემთხვევაში. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი  კითხვები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით მომარაგებისკენ, ასევე რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ. ეს ყველაფერი კი აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე ხდება, რომელიც 4-5- თებერვალს უკრაინასა და რუსეთს შორის აშშ-ის ჩართულობით გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend