მთავარიაზიასირიალიბანი სირიასთან ხანგრძლივი დაძაბულობის დასრულებაზე მუშაობს

ლიბანი სირიასთან ხანგრძლივი დაძაბულობის დასრულებაზე მუშაობს

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ლიბანი დამასკოსთან დაძაბული ურთიერთობების განმუხტვას ცდილობს.

ქვეყნის ხელისუფლება ახლა სირიის ახალ მთავრობასთან რამდენიმე შეთანხმებაზე მუშაობს, რომელიც, მათი ვარაუდით, ხელს შეუწყობს კავშირების ნორმალიზებას.

ლიბანურმა მხარემ უკვე უზრუნველყო შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების ნაწილის დაკმაყოფილება ქვეყანაში სირიელი პატიმრების გარკვეულ რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც, როგორც ფიქრობენ აჰმედ ალ-შარაას კაბინეტისთვის მკაფიო გზავნილი უნდა იყოს.

„ასადის რეჟიმის პირობებში, ლიბანი, ფაქტობრივად, სირიის კონტროლქვეშ იყო. რეჟიმი სხვადასხვა გზით ერეოდა ლიბანის შიდა საქმეებში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ის ერეოდა ადამიანების პირად ცხოვრებაშიც კი. ახლა ასე არ ხდება. სირიის ამჟამინდელი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული არც ლიბანზე ჰეგემონიით და არც შიდა საქმეებში ჩარევით. ახლა ერთობლივად, ხელახლა ვამყარებთ ურთიერთობებს…

რაც შეეხება დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ პირთა საკითხს. გადავწყვიტეთ, ვიმუშაოთ ეტაპობრივად და დავიწყოთ მთავარი ნაბიჯით, რაც მოიცავს იმ პატიმრების გადაცემას. ამისთვის ჩვენ არ გვჭირდება პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირება, საკმარისია ხელისუფლების თანხმობაც, რაც უკვე მიღწეულია.

300-ზე მეტ სირიელ პატიმარს სირიის ხელისუფლებას გადავცემთ. არსებობს ორი კატეგორია. ერთ-ერთი კატეგორია შედგება იმ პირებისგან, ვინც გასამართლებულია სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის, გარდა მკვლელობისა და გაუპატიურებისა. ისინი განაგრძობენ სასჯელის მოხდას სირიის საპატიმროებში.

მეორე კატეგორია შედგება მათგან, ვინც ასევე არის მრავალწლიანი მსჯავრის ქვეშ, ისეთი მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის, როგორებიცაა: მკვლელობა, გაუპატიურება და ლიბანური არმიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები. შეიძლება იმ პატიმართა გადაცემაც, რომლებმაც 10 წელი ლიბანურ ციხეებში გაატარეს.

ზოგიერთი პატიმარი მსჯავრდადებულია ტერორისტულ ორგანიზაციებში წევრობისთვის, რაც გარკვეულწილად აღარ არის აქტუალური ბრალდება.

ზოგიერთმა პატიმრის მიმართ ჯერ არ არის გამოტანილი განაჩენი და ისინი ელიან, როდის განიხილავს მათ საქმეებს ლიბანის სასამართლო, ამას კი ისინი ძალიან ნელა აკეთებენ.

ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ მეორე შეთანხმებას, რომელსაც სირიის ხელისუფლებასთან განვიხილავთ, გაგვიმარტივებს პატიმართა გადაცემას მათი მართლმსაჯულებისთვის…“ – განაცხადა ლიბანის ვიცე-პრემიერმა, ტარეკ მიტრიმ Associated Press-თან საუბრისას.

მიუხედავად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობიდან ხანგრძლივი დროის გასვლისა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი დამასკოსა და ბეირუთს შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ლიბანის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კვლავ აქტუალურია სირიის ჯარების მხრიდან ქვეყნის მრავალწლიანი ოკუპაცია.

მართალია, ეს პროცესი 2005 წელს დასრულდა, თუმცა ორმხრივ დაძაბულობას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აქტიურად იყო ჩართული სირიის სამოქალაქო ომში.

ლიბანისთვის ბევრად რთული არის მის სამხრეთ მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზება. ამერიკის დახმარებით, ახლო აღმოსავლეთში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი თითქმის ყოველდღიურად განაგრძობს ლიბანური პოზიციების დაბომბვას.

ლიბანის ხელისუფლების განმარტებით, ისინი არ განიხილავენ განიარაღების შესახებ შეთანხმების შესრულებას, ვიდრე ისრაელი არ შეწყვეტს იერიშებს.

თელ-ავივში კი აცხადებენ, რომ მათი ამ ნაბიჯის მიზანი არის ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ქმედებების პრევენცია, რომელიც კვლავ ცდილობს ძალების მოკრებას.

სირიის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჯერ კვლავ გაურკვეველი რჩება, დამასკოს საგარეო ვექტორი.

გასულ წლებთან შედარებით, ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მეტად გამოჩნდა, აღდგა გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები, რითაც დასრულდა მისი მრავალწლიანი იზოლაციის ხანა. თუმცა, დასავლურ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების გარდა, სირიის მთავრობა არც მოსკოვთან კავშირს ერიდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend