გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის ქალაქ ზინტანში ქვეყნის ყოფილი ლიდერის , 53 წლის სეიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს. იგი ერთ დროს მამის მემკვიდრედაც ითვლებოდა.
სეიფ ალ-ისლამ კადაფის მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია.
ალ-ისლამ კადაფის გარდაცვალება სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა მისმა ადვოკატმა ხალედ ალ-ზაიდიმ, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა ასევე აბდულა ოსმან აბდურაჰიმმაც, რომელიც გაეროს შუამავლობით გამართულ ლიბიის პოლიტიკურ დიალოგში კადაფის წარმომადგენელი იყო.
ლიბიური მედიასაშუალება იუწყება, რომ სეიფ ალ-ისლამ კადაფი საკუთარ სახლში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
სეიფ ალ-ისლამ კადაფი 1972 წლის ივნისში დაიბადა. იგი მუამარ კადაფის მეორე ვაჟი იყო. მან დოქტორის ხარისხი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მიიღო და წლების განმავლობაში ლიბიის რეჟიმის რეფორმატორად მიიჩნეოდა.
მამის – მუამარ კადაფის რეჟიმი 2011 წელს ნატოს მხარდაჭერილი სახალხო აჯანყების შედეგად დაემხო, რითაც ქვეყანაში 40-წლიანი მმართველობა დასრულდა. თავად კადაფი იმავე წლის ოქტომბერში სამხედრო დაპირისპირების დროს დაიღუპა, რასაც ლიბიაში ხანგრძლივი სამოქალაქო კონფლიქტი მოჰყვა.
სეიფ ალ-ისლამ კადაფი 2011 წელს ზინტანელმა მებრძოლებმა დააკავეს მაშინ, როცა მეზობელ ნიგერში გაქცევას ცდილობდა. იგი 2017 წელს გაათავისუფლეს და მას შემდეგ ზინტანში ცხოვრობდა.
ლიბიის სასამართლომ მას 2015 წელს ძალადობის წაქეზებისა და დემონსტრანტების მკვლელობისთვის დაუსწრებლად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. ამასთან, სეიფ ალ-ისლამ კადაფი ძებნილი იყო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2011 წლის აჯანყების დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო.

