მთავარიამერიკაკოლუმბიააშშ-სა და კოლუმბიის პრეზიდენტებმა ლათინურ ამერიკაში არსებული კრიზისი განიხილეს

აშშ-სა და კოლუმბიის პრეზიდენტებმა ლათინურ ამერიკაში არსებული კრიზისი განიხილეს

შეხვედრა, რომელსაც სტუმარიც და მასპინძელიც პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს და ოპტიმიზმის საფუძველს უწოდებს. კოლუმბიის პრეზიდენტი, რომელიც მანამდე დონალდ ტრამპის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსი იყო, თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დადებითად განეწყო.

მხარეთა თითქმის ორსაათიანი მოლაპარაკებების მთავარ საკითხებს შორის ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, ასევე ნარკოვაჭრობის ირგვლივ მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემის გადაჭრის გზები იყო.

დადებითი გზავნილების მიუხედავად, მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ისევ რჩება. ვაშინგტონი, რომელმაც სამხრეთ ამერიკულ კონტინენტზე კრიმინალის აღმოსაფხვრელად ბრძოლა დაისახა მიზნად, ჯერჯერობით კონკრეტულ სახელმწიფოებზე ეკონომიკური წნეხით ცდილობს ამ მიზნის მიღწევას.

კოლუმბიის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ფოკუსი არასწორად არის მიმართული, რაზეც, როგორც ამბობს, თავის ამერიკელ კოლეგასაც აცნობა.

„როგორია ამერიკის შეერთებული შტატების როლი ჩვენს საზღვრებთან, ვენესუელის მიმართ, თუ არა, მაგალითად, სანქციების მოხსნა. რეალობა არის ის, რასაც ბევრჯერ ვიმეორებ, რომ კოლუმბია და ვენესუელა არის ერთი ხალხი, ერთი ისტორიით…

ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ლიდერებს, ამ ყველაფრის საწყისს. ამერიკაში, ისევე როგორც კოლუმბიაში, არსებობს მოსაზრება, რომელიც სადაზვერვო და პოლიტიკურ სტრუქტურებშიც კი არის გამჯდარი. ამ მოსაზრების თანახმად, ყველაფრის საწყისი არიან კოლუმბიაში, ფორმაში ჩაცმული და შეიარაღებული პირები, სხვადასხვა მეტსახელით, რომლებიც ცნობილი არიან კოლუმბიელი ჟურნალისტებისთვის.

ნარკოვაჭრობის პირველი ხაზი ეს არ არის, რაც თქვენ გგონიათ. ნარკოვაჭრობის პირველი ხაზი მდებარეობს დუბაიში, მადრიდსა და მაიამიში. ამერიკული სპეცსამსახურებისთვის ის ცნობილია. პრეზიდენტ ტრამპს დავუსახელე მათი ვინაობა და კავშირები თავიანთი წრის მიღმა. ეს არიან ლიდერთა შორის ლიდერები. მათი დედაქალაქები კოლუმბიის ფარგლებს გარეთაა და მათ უნდა ვებრძოლოთ ერთობლივად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილის სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით“, – განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ამ საკითხზე ვმუშაობდით და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. საუკეთესო მეგობრები ნამდვილად არ ვყოფილვართ, არც მწყენია, რადგან მას არასდროს შევხვედრილვარ და საერთოდ არ ვიცნობდი. ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, მათ შორის სანქციებზე. შეხვედრას დადებითად შევაფასებდი. ვფიქრობ, ის ბრწყინვალე იყო და ერთმანეთსაც კარგად გავუგეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, თავის კოლუმბიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის პარალელურად, ბოგოტაში კოლუმბიის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. ადგილობრივების თქმით, ამერიკას სურს, დაამყაროს კონტროლი მთელ მსოფლიოზე, თუმცა მიაჩნიათ, რომ კოლუმბიის შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან, როგორც ამბობენ, მათ ქვეყანას „ბრძენი პრეზიდენტი წარმოადგენს“, ხოლო დონალდ ტრამპი „ულტრამემარჯვენეთა ტყუილებით შეცდომაშია შეყვანილი“.

აშშ-სთან დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ვენესუელაში, სადაც რამდენიმედღიანი ვიზიტით თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი იმყოფებოდა.

„ყოველთვის ვამბობ, რომ პატივისცემა არავის არაფერს ართმევს. თავაზიანობა არავის არაფერს ართმევს. ის მხოლოდ მატებს. ვთვლი, რომ სწორედ ჩვენ ვუჩვენებთ მსოფლიოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც უნდა იყოს ყველაფერი“, – განაცხადა ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა.

ნიკოლას მადუროს ძალაუფლებიდან ჩამოშორების ერთი თვის თავზე ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს.

მკვეთრად მცირდება მოსკოვის მოკავშირეთა რაოდენობა, ვაშინგტონი კი საკუთარი გავლენის გაძლიერებას პერიოდულად დიპლომატიური, ეკონომიკური ზეწოლის, სანქციების პოლიტიკითა თუ, კონკრეტულ შემთხვევებში, სპეციალური სამხედრო ოპერაციების მეშვეობით ცდილობს.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ასე იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებსაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend