ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს განცხადებას, საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში რუსეთის მონაწილეობის აკრძალვის გაუქმების შესახებ, უკრაინაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში, ჯანი ინფანტინო ამბობს, რომ რუსეთისთვის დაწესებული აკრძალვის გაუქმებას განიხილავს, რადგან მას არაფერი დადებითი შედეგი არ მოუტანია და მან მხოლოდ იმედგაცრუება და სიძულვილი გაზარდა.
„უკვე 40 წელია, ევროპა რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და კრიტიკაშია. როგორ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ომის მოგვარება, თუ არ ჩავერთვებით დიალოგში, თუ არ ვისაუბრებთ, თუ არ ვეცდებით ერთმანეთის გაგებას. თუ ხალხს მოსალაპარაკებლად ოთახში არ შევიყვანთ. სხვადასხვა ტიპის აკრძალვას ყოველთვის ვეწინააღმდეგები”, – განაცხადა ჯანი ინფანტინომ.
FIFA-ს პრეზიდენტის განცხადებით, ის ნებისმიერი სახის ბოიკოტს ემიჯნება, რადგან როგორც თავად ამბობს, ისინი უბრალოდ ხელს უწყობენ სიძულვილის გაღრმავებას.
„არასდროს მსმენია, არასდროს გამიგია, რომ ბიზნესს ბოიკოტი უნდოდეს. ან პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების ბოიკოტი არსებობდეს. მაშინ რატომ ფეხბურთში? სინამდვილეში, ჩვენ ბოიკოტის საპირისპირო ვართ. ჩვენ ხალხი უნდა გავაერთიანოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე 500 მილიონი ადამიანი ცდილობს ჩამოსვლას. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულად ფიქრობენ, თუმცა სურთ მოსვლა, ერთად გართობა და დროის გატარება“, – განაცხადა FIFA-ს პრეზიდენტმა.
FIFA-მ და ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა UEFA-მ რუსეთის საფეხბურთო გუნდებს თავიანთი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ასპარეზობა 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ შეიჭრა რაც რუსეთის ამრია უკრაინაში შეჭრა. თუმცა, ახლა FIFA-ს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ნაკრებსა და გუნდებზე შეზღუდვა უნდა შეწყდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდულ დონეზე.
ჟურნალისტის კითხვაზე ეს ისეთი რამაა, რასაც უახლოეს მომავალში გაითვალისწინებს და კრიტიკის მიუხედავად არსებულ მდგომარეობას შეცვლის ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ის ამას განიხილავს.
„დიახ, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ, რადგან ამ აკრძალვამ ვერაფერს მიაღწია. მან უბრალოდ გოგონებისა და ბიჭებს შორის მეტი იმედგაცრუება და სიძულვილი გამოიწვია. ვფიქრობ, რომ რუსეთიდან გოგონებისა და ბიჭების ევროპის სხვა ნაწილებში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა დაგვეხმარება”, – განაცხადა ჯანი ინფანტინომ.
ფიფას პრეზიდენტის განცხადებას დიდი კრიტიკა მოჰყვა უკრაინაში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ვერასდროს შეძლებენ ფეხბურთის თამაშს – ისინი რუსეთმა მოკლა. და ის აგრძელებს კიდევ უფრო მეტი ადამიანის მკვლელობას, მაშინ როცა აკრძალვების მოხსნას გვთავაზობენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ომის დასრულება. მომავალი თაობები ამას 1936 წლის ოლიმპიადის მსგავს სირცხვილად გაიხსენებენ”, – წერს საგარეო მინისტრი ანდრიი სიბიჰა.
FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს განცხადებას მიესალმა რუსეთის ფეხბურთის კავშირი. რუსული გამოცემის ცნობით, FIFA რუსეთის შესაძლო დაბრუნების საკითხის განხილვას აპრილში გასამართ კონგრესზე გეგმავს, სადაც მიწვეული რუსეთის წარმომადგენლებიც არიან.

