მთავარიაზიასირიასირიის უსაფრთხოების ძალების მცირე დანაყოფი ქალაქ ალ-ჰასაქაში შევიდა

სირიის უსაფრთხოების ძალების მცირე დანაყოფი ქალაქ ალ-ჰასაქაში შევიდა

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ძალების მცირე დანაყოფი ქალაქ ალ-ჰასაქაში შევიდა. ეს ნაბიჯი  დამასკოსა და ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედ სირიის დემოკრატიულ ძალებს (SDF) შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილია.  ქალაქი ალ-ჰასაქა  ამჟამად SDF-ის კონტროლქვეშაა.

უსაფრთხოების ძალებმა შეთანხმების შესახებ განცხადება პარასკევს გააკეთა. მისი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის იმ შეთანხმების გამყარებაა, რომლის შედეგადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლა დასრულდა.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სირიის ცენტრალურ ხელისუფლებაში გარკვეულ ნაბიჯებს SDF-ის სამხედრო და პოლიციური სტრუქტურების ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის, ასევე სამოქალაქო ინსტიტუტების შერწყმას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აქამდე SDF-ის კონტროლის ქვეშ იყო.

დოკუმენტის მიხედვით, სამთავრობო სამხედრო ძალები ქურთებით დასახლებულ რაიონებში არ შევლენ. ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული  უსაფრთხოების ჯგუფები განლაგდებიან ალ-ჰასაქასა და ქამიშლიში, რათა უზრუნველყონ სახელმწიფო უწყებების  სამოქალაქო რეესტრის, პასპორტის სამსახურებისა და აეროპორტის დაცვა და განაახლონ მათი ფუნქციონირება.

სირიის ახალ ხელისუფლებას, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი 2024 წლის დეკემბერში დაამხო, უჭირს ქვეყნის მასშტაბით სრული კონტროლის დამყარება. ქვეყანა თითქმის 14-წლიანი სამოქალაქო ომითაა გაპარტახებული. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მარტში მიღწეული იყო შეთანხმება SDF-ის ახალი სამთავრობო უსაფრთხოების სტრუქტურებში გაერთიანების შესახებ, ამ პროცესმა რეალური წინსვლა ვერ მოიტანა.

იანვრის დასაწყისში ჩრდილოეთ ქალაქ ალეპოში დაპირისპირების გამწვავების შემდეგ სამთავრობო ძალებმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს, რის შედეგადაც SDF-მა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა.

ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააფრთხილა ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები, რომ სირიის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟის ნებისმიერი მცდელობა რეაგირების გარეშე არ დარჩება. ერდოღანმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეასრულონ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.

„უახლესმა შეთანხმებებმა სირიელი ხალხისთვის ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობა გახსნა. იმედი გვაქვს,  რომ ეს ახალი ეტაპი კონფლიქტითა და დაძაბულობით კი არა, მშვიდობით, განვითარებითა და კეთილდღეობით დასრულდება. მკაფიოდ და ორაზროვნების გარეშე ვამბობ: ვინც ამ პროცესის ჩაშლას შეეცდება, შესაბამის შედეგებს მიიღებს. მათ, ვინც ტერორიზმს მიმართავს დღეს თუ მომავალში, უნდა იცოდნენ, რომ ვერაფერს მიაღწევენ. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება წარიმართება მისი არსის შესაბამისად, იაფფასიანი ტაქტიკების გარეშე, როგორებიცაა გაჭიანურება, წინააღმდეგობა ან გადადება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთი SDF-ს განიხილავს, როგორც იმ ქურთულ შეიარაღებულ ჯგუფთან დაკავშირებულ ორგანიზაციას, რომელიც წლებია, თურქეთის წინააღმდეგ იბრძვის. ამიტომ ანკარა მხარს უჭერს ყველა შეთანხმებას, რომელთა შედეგადაც SDF-ის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიები სირიის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავა და არ დარჩება ქურთული ძალების ხელში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend