მთავარიაზიაღაზარაჰაფის გადასასვლელის გახსნის შემდეგ სამედიცინო ევაკუაციის ფარგლებში ეგვიპტეში ხუთი პალესტინელი გადაიყვანეს

რაჰაფის გადასასვლელის გახსნის შემდეგ სამედიცინო ევაკუაციის ფარგლებში ეგვიპტეში ხუთი პალესტინელი გადაიყვანეს

რაფაჰის გადასასვლელი გაიხსნა. სამედიცინო ევაკუაციის ფარგლებში  ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში უკვე გადაიყვანეს რამდენიმე პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, სასწრაფო დახმარების მანქანებით, 5 პალესტინელი პაციენტი თანმხლებ პირებთან ერთად,  ხან-იუნისიდან, „წითელი ნახევარმთვარის“ შტაბ-ბინის ტერიტორიიდან დაიძრა.

ოფიციალური პირების ცნობით, ეგვიპტეში დაახლოებით 150 საავადმყოფოა მზად ევაკუირებული პალესტინელი პაციენტების მისაღებად.

ამასთან, ეგვიპტის „წითელი ნახევარმთვარის“ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ევაკუირებული პირების დასახმარებლად ეგვიპტის ტერიტორიაზე, გადასასვლელთან, მოაწყვეს ე.წ. უსაფრთხო ზონები.

რაფაჰის გადასასვლელის გახსნა ისრაელ-„ჰამასის” მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა უფრო ალბათ სიმბოლური, რადგან ორივე მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება გადაადგილების უფლება, როგორც ცნობილია, იკრძალება ტვირთის გადატანაც.

რაფაჰის გადასასვლელი ისრაელის ჯარებმა 2024 წლის მაისში დაიკავეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დადებითად აფასებს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ხელახლა გახსნასა და პირველი სამედიცინო ევაკუაციის ფარგლებში ღაზიდან  ეგვიპტეში პაციენტების გადაყვანას.

„ჩვენ მივესალმებით რაფაჰის გამშვები პუნქტის ხელახლა გახსნას. როგორც ადრე ვთქვით, მშვიდობიან მოსახლეობას უნდა მიეცეს ნებაყოფლობით და უსაფრთხოდ დაბრუნებისა და გამგზავრების უფლება, როგორც ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის გათვალისწინებული.  აუცილებელი ჰუმანიტარული მარაგი რაფაჰისა და ყველა სხვა გამშვები პუნქტის გავლით უნდა შემოვიდეს საკმარისი რაოდენობითა და ნაკლები შეზღუდვით. გამშვები პუნქტის შეზღუდული ფორმით გახსნით ზოგიერთ პაციენტსა და მის თანმხლებ პირებს საშუალება მიეცათ, პირდაპირ ეგვიპტეში გადასულიყვნენ, ზოგი კი ისრაელის მიერ კონტროლირებადი ქერემ შალომის ქერემ აბუ სალემის გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილდებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რაფაჰის გავლით ბოლო სამედიცინო ევაკუაცია 2024 წლის მაისით თარიღდება“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა.

ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, დაახლოებით 20 000 პალესტინელი ბავშვი და ზრდასრული, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, იმედოვნებს, რომ განადგურებული ტერიტორიის დატოვებას შეძლებს.

ღაზის საზღვრებს გარეთ მყოფი ათასობით სხვა პალესტინელი კი სახლში დაბრუნებას ელოდება.

რამდენიმე პალესტინელი, რომლებსაც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ ღაზის სექტორში დაბრუნების უფლება მისცეს, ხან-იუნისში ორშაბათს საღამოს დაბრუნდა.

ცოტა ხნით ადრე ნასერის საავადმყოფოსთან გამოჩნდა ავტობუსი, რომელშიც 12 ევაკუირებული ადამიანი იმყოფებოდა.

სისტემის წარმატებული მუშაობის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ მგზავრთა ნაკადი დროთა განმავლობაში გაიზრდება.

ომამდე რაფაჰი ხალხის მთავარი გადასასვლელი იყო.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 2025 წლის ოქტომბერში შევიდა. შეთანხმების მიხედვით, რაჰაფის გადასასვლელსა და ამ ზონის შორის მდებარე ტერიტორიას, სადაც პალესტინელების უმეტესობა ცხოვრობს, ისრაელის სამხედროები აკონტროლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend