ნიკოლას მადუროს ძალაუფლებიდან ჩამოშორების ზუსტად 1 თვის თავზე ვენესუელასა და აშშ-ს შორის კავშირები ახალ ეტაპზე გადავიდა.
ორი ქვეყანა ახლა 7 წლის წინ გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. ვაშინგტონის მხრიდან ამ პროცესში ვენესუელის საკითხში თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი ლაურა დოგუა ჩართული, რომელიც კარაკასს 31 იანვარს ეწვია, 2 თებერვალს კი ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, დელსი როდრიგესსა და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
გამართული შეხვედრები მხარეებისთვის დამაიმედებელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, გაჩნდა შესაძლებლობა, ქვეყნებს შორის არაერთ საკითხზე არსებული უთანხმოება ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს – ამჯერად, დიპლომატიური კომუნიკაციის მეშვეობით.
„დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განვიხილეთ, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ვაჭრობის, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში არსებული ვითარება, ასევე ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის საკითხი, რომელსაც ქალბატონი ლაურა დოგუ უხელმძღვანელებს. განხილვის თემა იყო ვაშინგტონში ვენესუელის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნაც. ამერიკაში ჩვენს ელჩად პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ფელიქს პლასენსია დანიშნა. თავის გუნდთან ერთად ის რამდენიმე დღეში გაემგზავრება ვაშინგტონში“, – განაცხადა ვენესეულის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან გილმა.
ვენესუელასა და აშშ-ის შორის დიპლომატიური კავშირი 2019 წლის თებერვალში, ნიკოლას მადუროს, გადაწყვეტილებით გაწყდა. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი მაინც ცდილობდა სხვადასხვა არხით გამოენახა კარაკასთან კომუნიკაციის მეთოდი და დაეთანხმებინა ვენესუელის ხელისუფლება, შეეცვალა ანტიამერიკული კურსი.
ძალას მოლაპარაკებების გზა არჩია თეთრ სახლში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმაც, რომლის ადმინისტრაცია თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა, გაფრთხილებებითა და ეკონომიკური ზეწოლით, ეიძულებინა ნიკოლას მადურო, მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო.
თუმცა, ვაშინგტონის მიერ დიქტატორად მიჩნეული ვენესუელის პრეზიდენტი აშშ-ის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს „უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად“ აფასებდა და არ აპირებდა შეთანხმების მიღწევას ნავთობისა და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მსგავსად აფასებდა ვენესუელაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტროც, თუმცა დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლა მისი რიტორიკა შეიცვალა.
„ვნახოთ, რა იქნება. ბოლო ერთი ან ორი თვეა, კეთილგანწყობილი იყო. მანამდე კი კრიტიკულად განწყობილი იყო, თუმცა ვენესუელაში ჩატარებული რეიდის შემდეგ ის რაღაც ფორმით გახდა ძალიან სასიამოვნო. ძალიან შეცვალა საკუთარი დამოკიდებულება, ამიტომ მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას. ის ჩამოვა და განვიხილავთ ნარკოტიკების პრობლემაზე, რადგან ამ ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები შემოდის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ვაშინგტონსა და კარაკასს შორის 7-წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული კომუნიკაციის მიუხედავად, ჯერ კვლავ ბუნდოვანი რჩება, რამდენად იქნება შესაძლებელი, ორმა ქვეყანამ შეძლოს სადავო საკითხებზე შეჯერება.
დონალდ ტრამპი ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან შეხვედრას გეგმავს, მანამდე კი იწონებს მის გადაწყვეტილებას პოლიტიკური პატიმრების „სწრაფი ტემპით“ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

