მთავარიEuropean Unionკაია კალასი უარყოფს ნატოსა და ევროკავშირს შორის განხეთქილებას და საერთო ევროპული არმიის...

კაია კალასი უარყოფს ნატოსა და ევროკავშირს შორის განხეთქილებას და საერთო ევროპული არმიის შექმნის წინააღმდეგ გამოდის

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უარყო მოწოდებები საერთო ევროპული არმიის შექმნის შესახებ იმ არგუმენტით, რომ ეს საკმაოდ საშიში პერსპექტივაა, განსაკუთრებით ნატოს სარდლობაში არსებული ჯაჭვის გათვალისწინებით. ამის შესახებ კაია კალასმა ნორვეგიაში გამართულ უსაფრთხოებით კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც აშშ-ის მიერ შეცვლილ საგარეო პრიორიტეტებს ეთმობოდა.

„თუ უკვე ნატოს წევრი ხარ, შენ არ შეგიძლია შექმნა ცალკე არმია იმ არმიის პარალელურად, რომელიც უკვე გაქვს. ეს იმიტომ, რომ კრიზისის დროს თუ რამე მნიშვნელოვანია, ესაა სარდლობის ჯაჭვი, ის თუ ვინ ვის აძლევს ბრძანებებს. შესაბამისად, თუ არსებობს ევროპული არმია და ამავე დროს ნატოც, მაშინ პასუხისმგებლობა ჰაერში რჩება და ეს უკიდურესად, უკიდურესად საშიშია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საჭიროა ევროპული თავდაცვის გაძლიერება, რაც რეალურად ნატოს ნაწილიცაა. ნუ გადავაგდებთ ნატოს ფანჯრიდან”, – აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

ოსლოში კონფერენციას დაესწრო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტორეც, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი ძალები ქვეყნის საზღვრებიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში რუსეთის ბირთვული წყალქვეშა ნავის მონიტორინგს ეწევიან და ეს აშშ-ისთვისაც მნიშვნელოვანი რამაა. ეს არგუმენტი მან  აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცების წინააღმდეგ გამოიყენა, რომლის მიხედვითაც ევროპელი პარტნიორები ნატოსთის ნაკლებს გასცემენ.

„როდესაც პრეზიდენტ ტრამპს პირველად შევხვდი, მას ვუთხარი, რომ ჩვენი საზღვრებიდან 100 კილომეტრში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბირთვული არსენალი იდგა, და ის არა ჩვენს, არამედ მის წინააღმდეგ იყო მომართული. იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ ამ წყალქვეშა ნავებს ვამონიტორინგებთ, ვხედავთ როდის ტოვებენ პორტსა და ატარებს სწავლებებს. ჩვენ ამ ინფორმაციას ვუზიარებთ მათაც, ამიტომ არასწორია, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დგას დავოსის ტრიბუნასთან და ამბობს, რომ ნატოს ყველაფერი მისცა და ნატომ პასუხად არაფერი. ეს არაა ქველმოქმედება, ესაა საერთო ინტერესი. ჩვენ ამას შევინარჩუნებთ და  ამერიკელ პარტნიორებსაც ხშირად შევახსენებთ”, – თქვა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ.

ნორვეგიის პრემიერმა ხაზი გაუსვა მოახლოებულ ნატოს წვრთნებსაც, რომლებიც ჩრდილოეთ ნორვეგიასა და ფინეთში 25 000 სამხედროს მონაწილეობით გაიმართება. მისივე თქმით, მათგან ყვლაზე მსხვილი დელეგაციები სწორედ აშშ-სა და საფრანგეთს ჰყავთ 4-5 ათასი სამხედრო მოსამსახურით.

საგულისხმოა ისიც, ამ დისკუსიებს წინ უძღოდა  ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ ევროპა საკუთარ თავს დამოუკიდებლად ვერ დაიცავდა და აშშ-ის დახმარების გარეშე ეს ილუზიას წარმოადგენდა. ამის პასუხად, კაია კალასი აღნიშნავს, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის რაიმე სახის განხეთქილება არ არსებობს და ისინი მხარდამხარ აგრძელებენ მუშაობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend