ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევრონიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ტარიფებით შერყეული მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. ეს ხელშეკრულება ევროკავშირის 90%-ზე მეტ საექსპორტო პროდუქტზე ტარიფებს შეამცირებს.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, რომ გვესაუბრებით ევროკავშირისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს. თქვენ განაცხადეთ, რომ ბოლოს და ბოლოს დაიდო ყველა სავაჭრო ხელშეკრულების დედა ხელშეკრულება. რას ნიშნავს ეს?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 2 მილიარდი ადამიანისთვის ვქმნით ბაზარს. ეს უზარმაზარი, ყველაზე დიდი სავაჭრო შეთანხმებაა, რომელიც ოდესმე გაუფორმებია ევროკავშირს ან ინდოეთს“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „რასაკვირველია, ეს ნიშნავს, რომ ახლა ვაჭრობის თითქმის გაორმაგების მოლოდინი გაქვთ. გარდა ამისა, იმასაც ამბობთ, რომ ტარიფები შემცირდება ევროკავშირის საექსპორტო პროდუქტის თითქმის 96%-ზე. როდის დაიწყებს ეს შეთანხმება მოქმედებას?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „რაც შეიძლება მალე. ის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროპისა და ინდოეთის ეკონომიკებისთვის, ისე გლობალური ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენ ორივე ერთად მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედს წარმოვადგენთ. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ეკონომიკებს გავაძლიერებთ, ამით გლობალურ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „ჩვენი ინდოეთში ყოფნის 72 საათის განმავლობაში ინდოეთის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა მოდიმ თქვენთვის და ევროკომისიის ხელმძღვანელისთვის წითელი ხალიჩა დააგებინა. თქვენ დაესწარით სამხედრო აღლუმს. თუ შეიძლება, რომ ამ ვიზიტის კულისების დეტალები გაგვიმხილოთ?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „ეს ვიზიტი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ რიგში, ეს ძალიან სასიამოვნო ვიზიტი იყო პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის და ჩემთვის. ჩვენ ვიყავით რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ზეიმის მთავარი სტუმრები, ეს ინდოეთში ძალიან დიდი დღესასწაულია. და დავესწარით ძალიან დიდ აღლუმს, რომელზეც ინდოეთი აჩვენებს არა მხოლოდ სამხედრო პოტენციალს, არამედ საკუთარი კულტურის მრავალფეროვნებას, თავისი ხალხის ცოდნას, ნიჭსა და საკუთარ კულტურას. მეორე ნაწილი იყო სამიტი, რომელზეც, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გარდა, ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში და ასევე მომავალი ხუთი წლის „ერთიან სტრატეგიულ დღის წესრიგს“ (Joint Strategic Agenda). ეს აჩვენებს, რომ ამ ძალიან არასტაბილურ სამყაროში შესაძლებელია პროგნოზირებადი გარემოს შექმნა, როდესაც სანდო პარტნიორები თანხმდებიან ვაჭრობაზე, უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, ხალხზე ფიქრობენ“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „ეს არის თქვენი საბოლოო გზავნილი ამ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით? თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ყველა არსებული სავაჭრო შეთანხმების დედა, რომელიც დაიდო ძალიან მკაცრად დაცულ ბაზართან. მაგრამ მე მაინტერესებს, ამ ხელშეკრულების რეალური ღირებულება ის ხომ არ არის, თუ როგორ ჩანს ის მოცემულ მომენტში, როდესაც ყველგან ტარიფებია? აი, ასეთ დროს რომ დაიდო მსგავსი ხელშეკრულება, ეს ხომ არაა მისი ღირსება?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „არა, ჩვენ, ორივე მონაწილე მხარეს, ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა გვაქვს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის სათქმელია, რომელსაც მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი დემოკრატიული ქვეყანა ეუბნება საერთაშორისო საზოგადოებას. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ქმნის პროგნოზირებისა და თანამშრომლობის საფუძველს დაპირისპირების საპირწონედ. რომ სანდო პარტნიორებს შეუძლიათ, სიკეთე მოუტანონ მსოფლიოს“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „გამოდის, თქვენ არ გჯერათ, რომ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის დრო დასრულდა? ბევრმა ასე იფიქრა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტარიფების შემოღების შემდეგ…“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „არა, ეს მრავალმხრივი სისტემის გამყარების ძალიან კარგი საშუალებაა. ჩვენ ვცხოვრობთ არა ბლოკების სამყაროში, არამედ მრავალმხრივ სამყაროში. ხოლო მრავალმხრივ სამყაროში სამი რამ არის აუცილებელი. პირველია მრავალმხრივი სისტემის გაძლიერება; მეორე – საერთაშორისო კანონის დაცვა და ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა პოლუსთან. სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი ერთი კვირით ადრე „მერკოსურის“ შეთანხმებას. ახლა მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას ინდოეთთან და ვაგრძელებთ მუშაობას ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებზე ახალ პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში სხვადასხვა საკითხზე“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი ბრძანდებით და ვიცი, მეტყვით, რომ არ გსურთ ჰიპოთეტური მსჯელობა და მხოლოდ რეალობას აღიარებთ, მაგრამ…
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „თუ იცით, რატომღა მეკითხებით?“
მარია ტადეო, ევრონიუსი: „მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ. როგორ გგონიათ, რამდენად ჩავიდოდით ნიუ-დელიში ამ შეთანხმების დასადებად, ან „მერკოსურს“ თუ მოვაწერდით ხელს ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტად ტრამპი რომ არ აერჩიათ და მას ასეთი აგრესიული სატარიფო პოლიტიკა არ გაეტარებინა?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „ამ ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკება ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, რასაკვირველია, როდესაც ასეთ გამოუცნობ სამყაროში ცხოვრობ, საჭიროა, პროგნოზის გაკეთების საშუალება მისცე ბიზნესს, საჭიროა, ინვესტიცია ჩადო, აწარმოო, ივაჭრო და მოქალაქეებს მისცე იმედი და უსაფრთხოების გარანტია“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „ინდოეთის მინისტრმა გვითხრა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არც კი გიხსენებიათ, რომ თქვენ ორს შორის ნამდვილად ორმხრივი სამიტი შედგა. მართალია?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „როგორ გგონიათ, ევროპა და ინდოეთი არ არიან იმდენად დიდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იმსჯელონ? დიახ, ეს სამიტი ეხებოდა ინდოეთსა და ევროპას და მეტს არავის“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „პრეზიდენტი ტრამპი არ გიხსენებიათ? ხომ არ გგონიათ ან გეშინიათ, რომ რაიმე ფორმით შურისძიებაა მოსალოდენლი, რაც უფრო მეტ შეთანხმებას აფორმებთ ამერიკის გარეშე?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „მაგრამ რატომ?“
მარია ტადეო, ევრონიუსი: „არაფერს გააკეთებენ? ეს მათ საფრთხეს არ უქმნის?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „არა, ჩვენ დავდეთ სავაჭრო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ის ახლა ევროპარლამენტში დევს დასამტკიცებლად და ახლა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არ მუშაობს კარგად და რამდენიმე გლობალური ეკონომიკური აგენტი არღვევს გლობალურ ვაჭრობას, გვესაჭიროება სავაჭრო ურთიერთობების სტაბილიზაცია სავაჭრო შეთანხმებების დადების გზით და ასეც ვიქცევით. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მსოფლიო ეკონომიკისთვის“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, როდესაც თქვენ პრეს-კონფერენციაზე პასპორტი ამოიღეთ. მე ვუყურე ინდურ ტელევიზიებს და ეს მომენტი ყველამ აჩვენა. როდესაც თქვენ ისაუბრეთ თქვენს წარმოშობაზე, ამან ნამდვილად ძალიან გაამართლა. მაინტერესებს, ზოგიერთი სხვა ქვეყნის, კონკრეტულად ამერიკის, სტრატეგიის ნაწილი ხომ არ არის, როდესაც საუბრობს სხვა ქვეყნების სისუსტეზე, რეგრესსა და ცივილიზაციის წახდომაზე? შესაძლოა, თავაზიანობა უფრო ამართლებს?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: “არა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი ხედვა ის არის, რომ ამ მრავალმხრივ სამყაროში გვქონდეს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყანასთან, რომელთაც აქვთ განსხვავებული კულტურა, ენა და ტრადიცია. გასულ წელს მე და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 11 თუ მეტი სამიტის თანათავმჯდომარეები ვიყავით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იქნებოდა ეს აფრიკის კავშირი, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნები, შუა აზიის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი აფრიკა თუ დასავლეთი ბალკანეთი. მთელი მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურეთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომ დავამყაროთ სანდო ურთიერთობა პარტნიორებთან“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „და მაინც ხომ არ არის საჭირო მითითება, რომ ზრდილობა სისუსტედ არ ჩათვალონ? ზოგიერთი, როდესაც ძალიან თავაზიან ევროკავშირს უყურებს, ფიქრობს, რომ ის სუსტია. ხომ არ ეტყოდით მათ, რომ ასე ნუ იფიქრებენ, რომ ეს შეცდომაა?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „დიახ, მე არ მინდა, ამ სიტყვათა თამაშში ჩავერთო. ჩვენ რეალობას ვეყრდნობით და ჩვენი რეალობა მარტივია. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა და ვართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დემოკრატია. ჩვენ უამრავი მეგობარი გვყავს მთელ მსოფლიოში – მეგობრები, პარტნიორები, მოკავშირეები და ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „როგორი შთაბეჭდილება გექმნებათ, ეს მეგობრები და მოკავშირეები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ თქვენთან კავშირის დამყარებას, თუ ევროკავშირი ცდილობს მათთან ურთიერთობების დამყარებას ახლა, რადგან ძალიან გჭირდებათ ისინი? რამდენად ორმხრივია ეს მცდელობა, რამდენად ატყობთ, რომ მათაც სურთ ევროკავშირი?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „ჩემი აზრით, ყველა აცნობიერებს, რომ ჩრდილოეთიც და სამხრეთიც უფრო მრავალფეროვანია ახლა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. და ყველა ხვდება, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, რათა მშვიდობიანი, სტაბილური სამყარო გვქონდეს. რომ იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და ძლიერი ეკონომიკა“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას ინდოეთსა და ევროკავშირს შორის, რასაც გვერდს ვერ ავუვლით, ეს არის უკრაინის ომი. ევროკავშირმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, ინდოეთს რამე ფორმით ჰქონოდა გავლენა რუსეთზე და უფრო მკაფიოდ დაეგმო ომი. რამდენად შეეხეთ ამ საკითხს ინდოეთში ვიზიტის დროს? თუ წამოჭერით ეს თემა და თქვით, რომ დახმარება გჭირდებათ, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ უკრაინასა და ომზე პრემიერ-მინისტრ მოდისთან. მაგრამ როგორც ჩემს პრესკონფერენციაზე განვაცხადე, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება მქონდეს პრემიერ-მინისტრ მოდის იმედი“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „დარწმუნებული ხართ?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია პრემიერ-მინისტრ მოდის დავეყრდნოთ, რათა მშვიდობისკენ წავიდეთ დიალოგისა და დიპლომატიის გზით“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „და ბოლოს, მინდა გრენლანდიას შევეხო, რომელთან დაკავშირებითაც ცოტა ხნის წინ ევროკავშირში დიდი დაძაბულობა იყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკან დაიხია საბოლოოდ, ტარიფები არ დააწესა. რა გაკვეთილი მიიღეთ აქედან? დარწმუნებული ხართ, რომ კრიზისმა გადაიარა?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „იმედი მაქვს, კი“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „ხომ არ გასწავლათ ამ გაკვეთილმა, რომ როდესაც მყარ პოზიციას იკავებ, ისინი უკან იხევენ?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „არა, ჩემი აზრით, ძირითადი დასკვნა ის გამოვიტანეთ, რომ ყველას აფიქრებს არქტიკის რეგიონის უსაფრთხოება. და ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა გადის ნატოზე, სხვადასხვა არქტიკულ ქევყანასთან თანამშრომლობაზე, რათა არქტიკის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „ბატონო პრეზიდენტო, რამდენად მართალია მოარული ხმები, რომ თებერვალში დანიშნულ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მარიო დრაგიც მიიღებს მონაწილეობას. მართალია?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „გასული წელი იმით დავიწყეთ, რომ თებერვალში თავდაცვის საკითხებზე მოვაწყვეთ არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც მე მოვიწვიე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. ეს იყო საკვანძო მომენტი, რათა სწორად დაგვესვა აქცენტი ჩვენს დღის წესრიგში თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ასევე ჩვენს ურთიერთობაზე ნატოსთან და დიდ ბრიტანეთთან. წელს იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ერთიანი ბაზრის კუთხით, რაც თავდაცვასა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გავაკეთეთ. სწორედ ამიტომ მოვიწვიე მარიო დრაგი და ენრიკო ლეტა ევროპულ საბჭოზე, რათა ვიკამათოთ ერთად, შევაჯამოთ, რაც უკვე გაკეთებულია მათი ანგარიშის მიხედვით, კიდევ რა არის გასაკეთებელი და დასაჩქარებელი, რათა წავახალისოთ კონკურენტუნარიანობა, გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ერთიანი ბაზარი“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: და ბოლო კითხვა. რისი მიღწევის იმედი გაქვთ? იმიტომ, რომ თქვენ საუბრობთ შარშანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელმაც სათავე დაუდო თავდაცვის საკითხის ირგვლივ მოვლენების განვითარებას. არ ნერვიულობთ? იმიტომ ხომ არ გინდათ მარიო დრაგისა და ლეტას დასწრება შეხვედრაზე, რომ მათი ანგარიშის პუნქტები არ სრულდება საკმარისად სწრაფად? ხომ არ ღელავთ?“
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „ლიდერების შეხვდრისგან იმას ველოდები, რომ მათ ძალიან მკაფიო პოლიტიკური სახელმძღვანელო პრინციპები უნდა მისცენ ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს, ისევე, როგორც გასულ წელს გააკეთეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე. წელს ერთიან ბაზარსა და კონკურენტუნარიანობაზეც იგივე უნდა გაიმეორონ. ამ დღის წესრიგს ახალი სტიმული უნდა მივცეთ. როგორც იცით, ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდეთ გამარტივებაში, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო, რომ აღვასრულოთ, რაც საჭიროა, რათა კონკურენტუნარიანობა და ერთიანი ბაზარი ეფექტური იყოს. თუ თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება გვინდა, მყარი ეკონომიკური საფუძველი უნდა გვქონდეს“.
მარია ტადეო, ევრონიუსი: „გამოდის, რომ 2026 წლის მიზანი ეს პაკეტი იქნება“.
ანტონიუ კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „დიახ“.
ავტორები: მარია ტადეო და ლორენ უოლკერი

