ღაზის ცენტრში 15 იანვარს მომხდარ ორ იერიშს ათამდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ალ-აქსას მოწამეთა საავადმყოფოს ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ისრაელის სამხედრო უწყებას საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ოქტომბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ანკლავში 450 პირზე მეტი დაიღუპა. UNICEF-ის ინფორმაციით, ამ ადამიანებს შორის 100-ზე მეტი ბავშვია.
ორწლიან ომში ისრაელის შეტევებს 71 441 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. უცნობია, მათგან რამდენია უდანაშაულო მოქალაქე და რამდენი ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლი, რომლებმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის ქიბუცებზე სასაკლაო მოაწყვეს, 1200 ადამიანი მოკლეს, 200-ზე მეტი კი გაიტაცეს.
თელ-ავივი ეწინააღმდეგება ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც სუბიექტურს უწოდებს, თუმცა თავად ომში დაღუპულთა რიცხვი არ წარმოუდგენია.
ყველაფრის ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზის დაწყებას მეტწილად სიმბოლური ნაბიჯი უწოდა. ამან კი ბევრი კითხვა გააჩინა იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება 20-პუნქტიანი გეგმის უფრო რთული ელემენტების იმპლემენტაცია უკვე სამომავლოდ.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა განაცხადა, რომ გეგმის მეორე ფაზა ყველაფერთან ერთად „ჰამასის“ განიარაღებასა და ღაზაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, ისევე როგორც ანკლავის აღდგენის ხანგრძლივ სამუშაოებს.

