პორტუგალია ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
ბოლო 40 წლის განმავლობაში შედარებით უინტერესო და მარტივად პროგნოზირებადი კენჭისყრის პროცესის მიუხედავად, ამჯერად რთული გამოსაცნობია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას მომდევნო ხუთი წლის ვადით.
იმის მიუხედავად, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვნად შეუკვეცეს უფლებამოსილებები და ის უმეტესწილად ფორმალური ხასიათის გახდა, სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევების დროს სწორედ ამ ინსტიტუტის ხელში ჩნდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტი.
პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი, ვეტო დაადოს სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს, დაშალოს მთავრობის შემადგენლობა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაც პორტუგალიის ჯერ კიდევ მოქმედმა კონსერვატორმა პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ 2021 წლიდან მოყოლებული სამჯერ, ორ-ორ წლიანი შუალედით გააკეთა. მიმდინარე საპრეზიდენტო რბოლაში ის მონაწილეობას არ იღებს, რადგან თანამდებობას, ორი ვადით, 2016 წლიდან იკავებს.
თუმცა, 2026 წლის საპრეზიდენტო რბოლაში რეკორდული რაოდენობის, 11 კანდიდატი მონაწილეობს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არის წარსულში სპორტული კომენტატორი, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი პარტია „ჩეგას“ („საკმარისია“) ლიდერი ანდრე ვენტურა, რომლის მთავარი წინასაარჩევნო ხაზი კორუფციასა და მიგრაციასთან „შეუპოვარ ბრძოლაზე“ გადის.
მისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე არის 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკიდან წასული ანტონიო ხოსე სეგურო, რომელიც „სოციალისტურ პარტიას“ ლიდერობდა და გეგმავს, ებრძოლოს პოპულისტურად განწყობილ ულტრამემარჯვენე ძალებს.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს ევროპარლამენტის წევრი, ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული „ლიბერალური“ პარტიის ყოფილი ლიდერი ჟოაო კოტრიმ დე ფიგეირედო. ის გადასახადების შემცირებასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას ემხრობა, რითაც კომპანიებს თანამშრომლების მიღება-გათავისუფლებას გაუმარტივებს.
თუმცა, კენჭისყრის დღემდე ერთი კვირით ადრე, 64 წლის პოლიტიკოსი სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც აწ უკვე წაშლილი ონლაინ პოსტის გამო, მისმა ყოფილმა თანაშემწემ ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, რაც პოლიტიკოსმა კატეგორიულად უარყო.
პორტუგალიის პრეზიდენტთა მსურველებს შორის არის ისეთიც, ვისაც არც პოლიტიკური გამოცდილება აქვს და არც ტრადიციული წინასაარჩევნო დაპირებებით გამოირჩევა. ხელოვანი და კომიკოსი მანუელ ჟუელ ვიეირა სატირულ კამპანიას აწარმოებს და გამარჯვების შემთხვევაში, თითოეულ პორტუგალიელს „ფერარის“ ჰპირდება.
კანდიდატურების მრავალფეროვნებასთან ერთად, განსხვავებულია პორტუგალიელთა შეხედულებები მათ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით.
„ვისურვებდი, რომ, სულ მცირე, ჩვენი დემოკრატია არ დავკარგოთ. ამ მხრივ, ყველაფერი საკმაოდ რთულადაა. უბრალოდ არ მინდა, ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვონ. ჩემი მთავარი საზრუნავი ახლა ეს არის. ბევრი ვიბრძოლე, ბევრი გადავიტანე თავისუფლებისა და დემოკრატიის მოსაპოვებლად და არავითარ შემთხვევაში არ მინდა, იმ ძველ დროს დავუბრუნდეთ“, – ამბობს ლისაბონის მცხოვრები მარია ბარარდო.
„ადამიანებს აქვთ უფლება კენჭი იყარონ პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად, თუკი მათ ამისთვის აქვთ ხმათა საჭირო რაოდენობა, ამას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ასევე აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ თითოეული მათგანის გეგმების სერიოზულობას. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეწინააღმდეგები კანდიდატების სიმრავლეს, მაინც ვღელავ და უკმაყოფილო ვარ შესაძლო შედეგებით“, – აცხადებს პორტუგალიელი სტუდენტი მატილდა ლაბორინიო.
მოქალაქეების მსგავსად, პრეზიდენტობის მსურველთა სიმრავლეზე მიუთითებენ ექსპერტებიც, რომლებსაც, მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, რთულად მიაჩნიათ დაასახელონ, საითკენ გადაიხრება საზოგადოებრივი განწყობები 18 იანვრის არჩევნებზე.
„ჩვენი 50-წლიანი საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში პირველად, გვყავს 11 კანდიდატი. პირველი არჩევნები 1976 წელს გაიმართა, რევოლუციიდან ორი წლის თავზე. ეს არის არჩევნები, სადაც, კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე არ ვიცით, ვინ გაიმარჯვებს, რაც პოლიტოლოგიისა და საზოგადოებრივი შეხედულებების თვალსაზრისით, საინტერესოა.
დარწმუნებული მხოლოდ იმაში ვარ, რომ ამ არჩევნებზე მეორე ტური გვექნება. ახლა შეიძლება ითქვას, რომ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა, თუკი ბოლო გამოკითხვის შედეგებს გადავხედავთ, აშკარაა, რომ ულტრამემარჯვენე კანდიდატს, ანდრე ვენტურასა და „სოციალისტური პარტიის“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს აქვთ მეორე ტურში გადასვლის კარგი შანსი.
თუკი ულტრამემარჯვენე კანდიდატი შეძლებს ამის გაკეთებას, მისი ოპონენტი იქნება ან ულტრამემარცხენე ან სოციალისტი და აქ ვხვდებით ყველაზე დიდ სირთულეს ელექტორატის თვალსაზრისით.
კერძოდ, შესაძლოა, ისინი არ იყვნენ დადებითად განწყობილი ულტრამემარჯვენეებისადმი, მაგრამ ზოგიერთმა არ გააიგივოს საკუთარი შეხედულებები სოციალიზმთან ან პირიქით, ამიტომ მეორე ტურის შემთხვევაში, არჩევანი იქნება ძალიან შეზღუდული, რაც ამომრჩეველს აიძულებს არა სასურველ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, არამედ საკუთარ შეხედულებებთან მიახლოებულ კანდიდატს“, – თქვა ლისაბონის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოცენტმა, პოლიტოლოგმა, პაულა ესპირიტუ სანტომ
თუკი პორტუგალიელი ამომრჩეველი 18 იანვარს ვერ გადაწყვეტს მოქმედი პრეზიდენტის მემკვიდრის საკითხს, ამის გაკეთება მას ხელახლა 8 თებერვალს მოუწევს.
მას კი, ვინც „ვარდისფერი სასახლის“ მთავარ სავარძელს ჩაიბარებს, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლაც მოუწევს, პორტუგალიაში არსებული პოლიტიკური ლანდშაფტის და სადავო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პარალელურად, რამაც მოქალაქეები, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამოიყვანა ლისაბონის ქუჩებში.

