სულ მცირე, 4 პირი დაშავდა ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, 15 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად, რასაც რამდენიმე შენობის ნგრევა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა.
ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა მომხდარის ზუსტი მიზეზების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
უტრეხტის მერის განცხადებით, ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წარმატებით დასრულდეს იმ პირთა ძებნა-შველის ოპერაცია, რომლებიც, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდნენ.
„რამდენიმე დაშავებული გვყავს, თუმცა, მათი რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება. ამასთან, არ ვიცით, მაგალითად, დარჩა თუ არა ვინმე ნანგრევების ქვეშ, ამიტომ ახლა ყველა ეს საკითხი პრიორიტეტულობის მიხედვით გადაწყდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები სრულად არიან მობილიზებული.
იმდენად ძლიერი აფეთქება იყო, რომ ამან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოქალაქეებს და ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, საშინელია, როდესაც ადამიანებს ამხელა ტკივილი მიადგებათ ხოლმე…
ახლა ჩვენ მხოლოდ მოგაწვდით ინფორმაციას დაშავებულების შესახებ, მას შემდეგ, რაც დაზუსტებული მონაცემი გვექნება. ამჟამად საუბარი მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე ნაადრევია. შემიძლია, გითხრათ, რომ პოლიცია ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს“, – განაცხადა უტრეხტის მერმა.
ადგილობრივი მედიის თანახმად, აფეთქებას ასევე ხანძარი მოჰყვა, რომლის ლიკვიდირება მხოლოდ ექვს საათში გახდა შესაძლებელი. მათივე ცნობით, შემთხვევის დროს საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა.

