აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანელებს, განაგრძონ პროტესტი. თავდაპირველად სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ პოსტში მან დაწერა, რომ დახმარება გზაშია. მანამდე დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ თეირანს ვაშინგტონთან მოლაპარაკებები სურდა, უკვე დღეს კი ამბობს, რომ ირანის ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრას აუქმებს მანამ, ვიდრე მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეების უაზრო მკვლელობა არ შეჩერდება.
„მივმართავ ყველა ირანელ პატრიოტს: გააგრძელეთ პროტესტი, დაიბრუნეთ თქვენი ინსტიტუციები, თუ ეს შესაძლებელია და შემოინახეთ მკვლელებისა და თქვენზე მოძალადეების სახელები – ისინი ძალიან ძვირ ფასს გადაიხდიან. თუ გარდაცვლილთა რიცხვი სიმართლეა და მე ამ მხრივ არაერთგვაროვანი ინფორმაცია მივიღე, თქვენ ძალიან ცუდად გექცევიან. ერთი სიკვდილიც ზედმეტად ბევრია. მე გავაუქმე ირანის ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი ყველა შეხვედრა, ვიდრე ეს უაზრო მკვლელობები არ დასრულდება. მე უკვე ვთქვი, რომ დახმარება გზაშია. თქვენ დაინახეთ, რომ ჩვენ ტარიფები დავუწესე ყველას, ვინც ირანთან ბიზნესს აწარმოებს, რაც ძალაში უკვე შევიდა”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის არაერთი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი სამხედრო ხასიათის ნაბიჯები გადადგმასაც განიხილავდა, იმ შემთხვევაში, თუ თეირანის მხრიდან ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ ლეტალური ძალის გამოყენება დადასტურდებოდა, მეორე მხრივ, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი საკითხის დიალოგის გზით გადაჭრას ამჯობინებს.
„ჩვენ ვესაუბრებით ყველას რეგიონში იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდეს ვითარების დეესკალაცია. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი სახის ესკალაცია იქონიებს კატასტროფულ შედეგს რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთაც. შესაბამისად, ეს მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან“, – ამბობს კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი მაჯედ ალ ანსარი.
ირანი დაიმუქრა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები და ისრაელი თეირანის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან, თუ ვაშინგტონი ირანში მომიტინგეების დასაცავად ძალას გამოიყენებს. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, ეროვნული მასშტაბით გამართული დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობას 2000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


