მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპის მიზანია, 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს

დონალდ ტრამპის მიზანია, 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული პენტაგონის 2027 წლის 1,5 ტრილიონი დოლარის ოდენობის უზარმაზარი ბიუჯეტი შეაქო. ამის შესახებ პიტ ჰეგსეთმა ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ­-უორზში სამხედრო კორპორაციის Lockheed Martin-თან ვიზიტისას განაცხადა.

„გასულ წელს ისტორიული ბიუჯეტი გვქონდა. პრეზიდენტმა ჩვენი 2027 წლის ეროვნული თავდაცვისთვის ერთ-ნახევარი ტრილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის გეგმა წარადგინა. ეს გზავნილია მსოფლიოსთვის. ახლა ჩვენ ამ თანხის ყოველ ცენტს გონივრულად დავხარჯავთ. ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენი ჯარისკაცების ცხოვრების ხარისხს, რომლებიც საუკეთესოს იმსახურებენ. იქნება ეს ყაზარმები, ხელფასი, ცხოვრების ხარისხი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ჩვენს ჯარისკაცებში“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.

აშშ-ის 2026 წლის სამხედრო ბიუჯეტთან შედარებით, რაც 901 მილიარდ დოლარს შეადგენს, დონალდ ტრამპის გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის დაახლოებით 600 მილიარდი დოლარით უნდა გაიზარდოს. გასულ კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ხარჯების ზრდის მიზეზად „პრობლემური და სახიფათო დრო“ დაასახელა. სიტყვით გამოსვლისას სამხედრო მდივანი პიტ ჰეგსეთი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო, მან ამერიკის შეერთებული შტატების არმია შეაქო და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად საჭიროა ამერიკის თავდაცვის ძალებში ინვესტიციის ჩადება.

„სულ რაღაც ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რა შეუძლიათ ჩვენს სამხედროებს ყველა ეშელონში, როდესაც ვენესუელის ბრალდებული ნომინალური ლიდერი, ნიკოლას მადურო, შუაღამისას ყველაზე გამაგრებული ადგილიდან, მისი სახლიდან, დედაქალაქში არსებული მათი უდიდესი ციხესიმაგრიდან გამოვიყვანეთ. მათ არ იცოდნენ, ჩვენ რომ იქ ვიყავით, სანამ არ დავიჭირეთ, ხოლო 24 საათის შემდეგ უკვე ნიუ-იორკში გადმოვიყვანეთ. მინდა გითხრათ, რომ პლანეტა დედამიწაზე ვერც ერთი სხვა სამხედრო ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რაც ჩვენმა წარმოუდგენელმა მეომრებმა გააკეთეს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.

სამხედრო კორპორაცია Lockheed Martin-თან პიტ ჰეგსეთის ვიზიტი პენტაგონის პროგრამის ნაწილია, რომელსაც პენტაგონი „თავისუფლების არსენალის ტურნეს“ უწოდებს. პროგრამის ფარგლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თავდაცვის სფეროში არსებულ კონტრაქტორებს მოუწოდებს, გააძლიერონ პენტაგონთან თანამშრომლობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend