მთავარისაქართველოსიღარიბე და ფასები საქართველოში

სიღარიბე და ფასები საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე საქართველოში 0.4 პროცენტი იყო, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5 პროცენტს უახლოვდება.

„ორი-სამი კვირაა, ყველაფერი ძალიან გაძვირებულია. მუშაობს ღმერთის წყალობით ჩემი შვილი და მეუღლე, მაგრამ მაინც გვიჭირს ამ ფასების მატებასთან გამკლავება. ძალიან ძნელია. პენსია და ხელფასი არ იზრდება, სამაგიეროდ, ფასები 300 პროცენტით იზრდება”, – ამბობს ეთერ ინწკირველი.

„პროდუქტებს ძირითადად მარკეტებში ვყიდულობ. ბაზარშიც ვცადე, მაგრამ დიდი სხვაობა არ არის. ხორცი, თევზი – რაც აუცილებელია რომ მიიღოს ორგანიზმმა, პირველ რიგში ეგ არის ყველაზე მეტად გაძვირებული. ბოსტნეულიც კი, რითაც შეიძლება, რომ ადამიანს ჩაენაცვლებინა ის ხორცი თუ თევზი, ისიც კი გაძვირებულია… თუნდაც ბურღულეული”, – გვითხრა კიდევ ერთმა რესპონდენტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„პროცენტებში არ გადამიყვანია, მაგრამ თვალსაჩინოდ არის მომატებული… ჩვეულებრივ პროდუქტებს ვყიდულობ, მანგოებს და ასეთებს არა… ნაწილს ბაზარში, ნაწილს მაღაზიაში – იქაც იგრძნობა მატება. ხელფასსა და პენსიას არაფერი ემატება, თავისთავად ცხადია, ემატებათ საჯარო მოხელეებს მარტო – პენსიონერებს რა? 20 ლარს გადმოგიგდებენ და 50-ს, ბოდიში და აგახევენ ყოველთვე ზედმეტს”, – გვეუბნება პენსიონერი მამაკაცი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 2025 წლის ნოემბერში ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე:

ხილი და ყურძენი (16.9%), თევზეული (15.5%), ზეთი და ცხიმი (14.9%), პური და პურპროდუქტები (13.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (12.0%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.6 %), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.5 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 %).

გაზრდილი ფასების პირობებში, კვლავაც მაღალი რჩება ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. კერძოდ, 2025 წლის იანვრის მონაცემებით სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 700 ათასამდე ადამიანი იღებდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

„წლების დინამიკაში თუ შევხედავთ, ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი იზრდება გამუდმებით – სულ არის ზრდა და ახლა უკვე მოსახლეობის 19 პროცენტზე მეტი იღებს საარსებო შემწეობას, რომელიც არის თავის მხრივ რეკორდულად მაღალი – იზრდება ერთი მხრივ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ არ შეუძლიათ სახელმწიფოს ფინანსური შემწეობის გარეშე გადარჩნენ და მეორე მხრივ, იზრდება მათ რიცხვი ობიექტურად, იმიტომ რომ ეს კრიტერიუმები და პარამეტრები, რომლებითაც აფასებენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, აშკარად აჩვენებს, რომ ისინი იმსახურებენ ამ საარსებო შემწეობას. ეს რა თქმა უნდა, აჩვენებს იმ მდგომარეობას, რომელიც არის ქვეყანაში და აჩვენებს იმას, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რომელზეც საუბრობენ გამუდმებით, არ ეხება, არ მიდის ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ ადამიანამდე – ყველაზე მოწყვლად ჯგუფებამდე ეს ზრდა არ მიდის და ის რესურსები, რომლებიც ქვეყანაში არის, ხმარდება ყველაზე მდიდარს – ხელისუფლებასთან დაახლოებულ ელიტას, რასაც თვითონაც ადასტურებენ კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბური კამპანიით.

ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან საარსებო შემწეობის პროგრამაში, ითვლება, რომ აღარ ცხოვრობენ სიღარიბეში, შესაბამისად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ აბსოლუტური სიღარიბე მცირდება, თუმცა, ამის მიღმა თუ გავიხედავთ, ნამდვილად ჩანს, რომ ოჯახების დიდი წილი დამოკიდებულია ყოველთვიურად ძალიან მწირ დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან, სამწუხაროდ, ეს დაფინანსება – შემწეობის ოდენობა იმდენად მცირეა, ვერ ვიტყვით, რომ კარგია ამ პროგრამის არსებობა, რადგან ადამიანები ღირსეულად ცხოვრობენ – რა თქმა უნდა, პროგრამა უნდა არსებობდეს, თუმცა გაცილებით მეტი უნდა იყოს შემწეობა, რომელსაც ადამიანები მიიღებდნენ”, – ამბობს სალომე შუბლაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი.

„დადასტურებულად ვიცით,  რომ სკოლებში ბავშვების დიდი ნაწილი შიმშილობს, რაც არის სწორედ სოციალური ფონიდან გამომდინარე. იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, ფუნდამენტურად არის გადასახედი როგორც ეკონომიკა, ასევე სოციალური პოლიტიკა, იქნება ეს მშრომელების უფლებების დაცვის კუთხით, სახელფასო პოლიტიკის კუთხით თუ სხვა… ის, რომ წლებია, საუბრობენ ისეთ პროგრამაზე, როგორიც არის სასკოლო კვების პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა ოჯახებისთვის, ის რომ პენსია არის სასაცილოდ დაბალი, ის რომ მინიმალური ანაზღაურება პრაქტიკულად არ არის ქვეყანაში განსაზღვრული – თუ ამ მხრივ არ შეიცვალა პოლიტიკა, შეუძლებელი იქნება ჩვენ კონკრეტულ სუპერმარკეტებში რაღაცებზე ფასი დავუწიოთ და ამან მოგვცეს რაიმე ტიპის გაუმჯობესება”, – ამბობს გოტა ჭანტურია, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” წევრი.

საახალწლო ფასების თემაზე ევრონიუს ჯორჯია ე.წ. დეზერტირების ბაზრიდან მომავალ მოქალაქეებსაც გამოელაპარაკა. ჩვენი რესპონდენტების ნაწილი პენსიონერი აღმოჩნდა.

„შვილო, სირცხვილია, ეს რომ ვთქვა – როგორი ფასებია? საშინელი ფასებია… მით უმეტეს მე პენსიონერი ვარ… ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ, მაგრამ ბევრი რამის რაციონიდან ამოღება გვიწევს… ასე გავდივართ იოლას… შარშან თუ სამნაირი თევზი გვქონდა ახალი წლის სუფრაზე, ახლა უკვე მორჩა – ერთ სახეობასღა თუ შევძლებთ… თხილი უნდა იყოს 20 ლარი?” – გვეკითხება პენსიონერი.

საქართველოში ამჟამად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 350 ლარი,  ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 450 ლარით განისაზღვრება. 2026 წლის იანვრიდან კი 20-დან 45 ლარამდე მატებაა დაგეგმილი.

„ჩავედით, ჩავიარეთ, ვერაფერი ვიყიდეთ, ისეთ ფასებია და მივდივართ ხელცარიელი… ჯერ კიდევ ცოტა ადრეა ახალ წლამდე და კიდევ მოიმატებს”.

„კარგი რაც არის, ძალიან ძვირია ყველაფერი, ვერ მიწვდება უბრალო ადამიანი, ისეთ სიძვირეა და ახლა უფრო და უფრო მოიმატებს… ისე რომ სულ ვეღარ შეწვდები… ინდაური რომ 100 და 150 ლარი ეღირება და გოჭი 300… ჩვენც, მოკვდავ ხალხსაც, გვაქვს გემოვნება და გვინდა, რომ გვქონდეს საახალწლო სუფრაზე მაინც, მაგრამ ხელფასები რა ხელფასებია? პენსიას 20 ლარს უმატებენ და ყველაფერს აძვირებენ – ორი ბოთლი ზეთია პენსია… ახლა ამბობენ, რომ გადასახადები ძვირდება და რა უნდა ვქნათ? ახალი წლის მერე გადასახადები ძვირდებაო… რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა ვიარსებოთ?”

„პენსიაზე მყოფი ხალხი რას ვიყიდით? ვერაფერს. შაქარი მაქვს – ინსულინზე ვარ დამოკიდებული, მერე იქ კიდევ სხვა წამლები მჭირდება, აუარებელი – დღეში 7 აბს ვსვამ სხვადასხვას – მაგის ყიდვაც ხომ მინდა? მარტო წამალი ხომ არ არის? იქ გადასახადია, ის არის, ეს არის… ვაშლს რომ ვეღარ იყიდი ნორმალურს, ისეთი ფასებია… 7-8 წლის წინ ერთ ყუთს ვყიდულობდით გორელებისგან, ვყიდულობდით 7-8 ლარად – დიდ ყუთს. ახლა ეს თითქმის 1 კილოგრამის ფასია”,- გვეუბნებიან შემხვედრი პენსიონერები.

„ყველაფერზე გაძვირებულია ფასები – ნიგოზზეც, ტკბილეულზე საერთოდ ისეთ ფასებია შარშანდელთან შედარებით, ვერ წარმოიდგენთ… ხილი, ყველაფერი… ახლა რაც ვიყიდეთ, ყველაფერი გაძვირებულია – ბევრი ვერაფერი ვიყიდეთ, ეს ცარიელი ყუთებია, ბავშვების საახალწლო საჩუქრები უნდა ჩავდო… ყუთებიც კი ისეთ ძვირია – 20 ლარი ღირს ეს ყუთი… ერთი წლის მანძილზე რაღაცას იკლებ მერე, რომ ბავშვები რაღაცით გაახარო… ჩემი მეუღლე ემიგრანტია, საზღვარგარეთ მუშაობს და ეს გვეხმარება – აქ რომ მუშაობდეს, ამდენ რამეს ვერ შევძლებდით ფიზიკურად”, – ამბობს თბილისის მცხოვრები თეა ცუცქირიძე.

„ჩვენს ეკონომიკაში ძალიან დიდი წილი უჭირავს ემიგრანტებისგან მიღებულ ფულად გზავნილებს, რომლებიც პრაქტიკულად არჩენენ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს. სამწუხაროდ, ემიგრაციის მაჩვენებელიც არის მზარდი, სტატისტიკაც ამას აჩვენებს და საერთო სურათი არის საკმაოდ მძიმე – საერთო პოლიტიკური ვითარების ფონზე… როგორც იცით, საუბარია იმაზე, რომ ემიგრანტებს ხმის უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ, რაც ასევე აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლებია ამ ქვეყნისთვის შრომობენ, საკმაოდ მძიმე პირობებში”, – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი სალომე შუბლაძე.

„ჩვენ ვუყურებთ, რომ ახალგაზრდების პრაქტიკულად მეოთხედი, არ არის არც დასაქმებაში, არც განათლებაში და მათ პერსპექტივა არ აქვთ და ეს ათწლეულებია ასეა… ახლანდელი განათლების რეფორმაც ამაზეა ორიენტირებული, რომ დაბალკვალიფიციური მუშა ხელი წარმოქმნას, რომ მერე ასეთივე სამუშაოზე იყვნენ დასაქმებულები. მაშინ, როდესაც ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებულნი იმპორტზე და არაფერს არ ვაწარმოებთ პრაქტიკულად, სასკოლო კვება რაც ვახსენე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისი ღირსება ის არის, რომ ადგილობრივ წარმოებას უწყობს ხელს გარანტირებულად – არაერთი კვლევა არსებობს, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ უწყობს ის ხელს ადგილობრივი თემის განვითარებას, ისევე როგორც აუმჯობესებს მოსწავლეების სოციალურ მდგომარეობას, აკადემიურ მოსწრებას და სხვა… მაგრამ ერთ-ერთი არის ეკონომიკური მაჩვენებელი – ანუ სასკოლო კვებაში ჩადებული 1 დოლარიც კი 9 დოლარ ამონაგებს იძლევა…

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გარეშე კი ვერანაირი გაუმჯობესება ვერ გვექნება. მაშინ როდესაც ჩვენ ვართ ტურიზმის სექტორსა და ინვესტიციებზე დამოკიდებული… პირიქით, ხელშეწყობა მიდის ე.წ. მტაცებლურ ბიზნესებზე – ტოტალიზატორებზე მაგალითად, რომლებიც მთლიანად არიან ორიენტირებული ადამიანების გაღარიბებასა და არა მათ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ჯანდაცვა, განათლება, პენსიები, შრომითი პირობები  – თუ ესენი ფუნდამენტურად არ გადაიხედა, ჩვენ მუდმივად გვექნება სიღარიბისა და უთანასწორობის კვლავწარმოება ქვეყანაში”, – ამბობს გოტა ჭანტურია.

საქართველოში დღეს საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 255 ლარია. ამ მაჩვენებელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ადგენს, რომელიც, თავის მხრივ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend