ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, საახალწლოდ გამოცხადებული ამნისტიის ფარგლებში დამატებით 22 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის 20 ბელარუსის ხელისუფლების მიერ „ექსტრემისტული დანაშაულებისთვის“ გასამართლებული. ეს ტერმინი ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმართ გამოიყენება.
გათავისუფლებულთა შორის არიან 15 ქალი და 7 მამაკაცი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, შეწყალება „ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე“ მოხდა.
ბოლო თვეებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბელარუსთან დიალოგი განაახლა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა.
რამდენიმე კვირით ადრე მინსკმა 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის ცნობილი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი, სანაცვლოდ კი ვაშინგტონმა ქვეყანას სანქციები მოუხსნა.
ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის გადაწყვეტილებით ციხეებიდან გაათავისუფლეს, ლიეტუვასა და უკრაინაში დეპორტირებულნი იყვნენ.
ამ ეტაპზე, უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ბელარუსში 1000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია. მათი უმეტესობა დააკავეს 2020 წლის შემდეგ გამწვავებული რეპრესიების დროს, როდესაც ლუკაშენკAმ მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა ძალით ჩაახშო.


