ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთში საერთაშორისო სასამართლოების დადგენილებების აღსრულება აიკრძალა.
იურისტების განმარტებით, განკარგულება, უპირველეს ყოვლისა, შეეხება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ასევე უკრაინის საკითხზე პოტენციურ სპეციალურ ტრიბუნალს.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, არ აღსრულდება იმ საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები, რომელთა იურისდიქცია არ ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
ამ დადგენილების მიღებას წინ უძღოდა რუსეთის სასამართლოს 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორსა და რვა მოსამართლეს დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა ვადით 3,5-დან 15 წლამდე. მოსკოვი მათ ბრალს სდებს „უდანაშაულო პირის განზრახ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაში ან სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრაში, უკანონო დაკავებაში, ასევე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებზე თავდასხმის მომზადებაში“.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაკავების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა. მათ ბრალი ედებათ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ამჟამად კიევი ვერ აკონტროლებს, თუმცა ბრალდებებს მოსკოვი უსაფუძვლოს უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს.


