რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „ჯაშუშობის ბრალდებით“ დაკავებულმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა მშრალი შიმშილობა დაიწყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მკვეთრად გაუარესდა.
ინფორმაცია ადგილობრივ მედიასთან მისმა ადვოკატმა, ალან ბაზაევმა დაადასტურა და თქვა, რომ თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით კატეგორიული უარი განუცხადა დაკავების ცენტრის ექიმებს.
მისივე თქმით, დაკავების დღიდან ანუ ბოლო თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, თამარ მეარაყიშვილმა 10 კილოგრამი დაკარგა.
მანამდე სამოქალაქო აქტივისტი დაკავების დღიდან მხოლოდ წყალსა და მედიკამენტებს იღებდა.
თამარ მეარაყიშვილს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „სასამართლომ“ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო რეჟიმი მას „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ სდებს ბრალს.
საკითხს 25 დეკემბერს გამოეხმაურა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი. მისი მტკიცებით, არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელიც, თითქოს, „ადასტურებს თამარ მეარაყიშვილის ბრალეულობას“.
მანვე, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ სამოქალაქო აქტივისტის დაკავება უკავშირდებოდა მის გეგმას, ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში გაემართა საპროტესტო აქცია.


