უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 საარმიო კორპუსის მეთაურის, ბრიგადის გენერალ ანდრიი ბილეცკის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა საგრძნობლად გაიზარდა და შემდგომი გაფართოება უფრო რთული იქნება.
ვრცელ ინტერვიუში, რომელიც ბილეცკიმ უკრაინულ გამოცემა „ბომბარდირს“ მისცა, იგი ამბობს, რომ ძალთა არსებული ბალანსის პირობებში უკრაინას შეუძლია, გაზარდოს თავისი შესაძლებლობები, გააჩეროს რუსული არმია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს სამშვიდობო შეთანხმებაზე მსჯელობა. მე-3 საარმიო კორპუსის მეთაური ინტერვიუში საქართველოზეც საუბრობს, როგორც ქვეყანაზე, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია.
ანდრიი ბილეცკი, მე-3 საარმიო კორპუსის მეთაური:
„ჩვენ გარდამტეხი მომენტის წინაშე ვდგავართ. ესაა „უცნაური მშვიდობა“. ვხედავთ, რომ ხალხი უკიდურესად გამოიფიტა. ეს ორივე მხარეს ეხება. მე-12 რაუნდში მყოფ მოკრივეებს ვგავართ. კონცენტრირებული ვართ საკუთარ მდგომარეობასა და გამოფიტვაზე, იმაზე, რომ აი, ახლა დავეცემით. მაგრამ ვფიქრობ, რუსებიც მსგავს მდგომარეობაში არიან. ახლა, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დაზვერვის ყველა მონაცემით (მათ შორის ჩვენი დასავლელი მოკავშირეების), რუსების პირადი შემადგენლობის შევსება ვერ ანაზღაურებს ფრონტზე დანაკარგს. რუსებს კატასტროფული მდგომარეობა აქვთ შეიარაღების ყველა ძირითად სახეობაში, იქნება ეს ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები თუ სხვა რამ.
ისინი ახლა გაცილებით წარმატებულები არიან, პირობითად რომ ვთქვათ, ტერორის, უკრაინის საჰაერო ტერორის თვალსაზრისით, ვიდრე საბრძოლო შეხების ხაზზე. დიახ, არის ჩავარდნების, უკანდახევის შემთხვევები, ეს უდავოა. მაგრამ რამდენად ადეკვატურია ამის ფასი რუსებისთვის? ისინი ცდილობენ, დაგვარწმუნონ ჩვენც, ამერიკელებიც, მთელი მსოფლიოც… ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ ასეთი ფასის გადახდა კიდევ დიდხანს შეუძლიათ. ეს კი სიმართლე არ არის. ისინი ამას დიდხანს ვერ შეძლებენ. რატომ ვფიქრობ ასე? შეხედეთ ყველაზე მარტივ და თვალსაჩინო ინდიკატორს: ისინი უკვე ვეღარ აკომპენსირებენ თავიანთ დანაკარგს. ეს ნიშნავს, რომ სისტემის დეგრადაცია ყოველთვიურად გაღრმავდება და უფრო მასშტაბური გახდება.
მეორე: მე არ ვითვლი დანაკარგს რაიმე „ფანტასტიკური“ ციფრებით. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩვეენ აღვწერთ განადგურებული მოწინააღმდეგის რაოდენობას დეტალურად.
მოწინააღმდეგის ობიექტური დანაკარგი მინიმუმ 6-ჯერ, ზოგჯერ 8-ჯერ აღემატება ჩვენსას. ჩვენ არ გვაქვს ადამიანურ რესურსში იმხელა განსხვავება, რომ მოწინააღმდეგეზე 6-8-ჯერ ნაკლები დანაკარგი გვქონდეს და მაინც შეგვეძლოს დიდხანს ასეთი კამპანიის წარმოება. ასეთ შემთხვევაში, რუსეთს 260 მილიონი მოსახლე უნდა ჰყოლოდა, რომ ეს შესაძლებელი ყოფილიყო. ამიტომ ისინი იფიტებიან. პირადი შემადგენლობის ხარისხი დიდი ხანია დაეცა, ხოლო საბრძოლო მომზადება ობიექტურად სულ უფრო მეტად სუსტდება ყოველთვიურად. არ ვიტყვი, რომ ჩვენთან საქმე უმჯობესდება — ეს სხვა საკითხია, მაგრამ იქ ყველაფერი უკიდურესად ცუდად და არაპროფესიონალურადაა.
აქვთ მათ ძლიერი მხარეებიც: წელს მათ გაზარდეს უპილოტო კომპონენტის მასშტაბები, ასევე ჯარებში ტექნიკური დაზვერვის საშუალებები, ძლიერად ავითარებენ რადიოელექტრონულ ბრძოლასაც. ეს რუსების ძლიერი მხარეა, თუმცა, მთლიანობაში აშკარაა, რომ საქმე იქ ძალიან ცუდად მიდის. მთელი ამ ინფილტრაციის ტაქტიკის შედეგი, რომლითაც ისინი ასე ამაყობენ და არავინ ამბობს, რომ ეს ტაქტიკა მხოლოდ თბილ სეზონზე მუშაობს, არის უზარმაზარი, კიდევ უფრო გაზრდილი ადამიანური დანაკარგია.
ვფიქრობ, ისინი ამჟამინდელი აქტივობით ცდილობენ დროის მოგებას, სანამ სტრატეგიულ ჩიხში შევლენ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ახლავე გავდევნით, უბრალოდ ისინი მალე შევლენ სტრატეგიულ ჩიხში, როდესაც წინსვლის შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ იქნება. ამ ჩიხის წინ ისინი წმინდა საბჭოთა აგენტურული მეთოდებით ცდილობენ დაარწმუნონ მსოფლიო და უკრაინაც, რომ შეუძლიათ ომი კიდევ ორი-სამი წელი შეუჩერებლად გააგრძელონ და საბოლოოდ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს.
ვფიქრობ, უახლოეს მომავალში — 3-5 თვის განმავლობაში — მნიშვნელოვანი ძვრები მოხდება. თუ უკრაინა შეძლებს არმიაში მუშაობის ინტენსიფიკაციას საბრძოლო მომზადების, ბრძოლის ველზე ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების დანერგვისა და მათი გაფართოების კუთხით, რათა მაქსიმალურად ჩანაცვლდეს ადამიანი მანქანით იქ, სადაც ეს შესაძლებელია (იქნება ეს უპილოტო საფრენი აპარატებით, სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსებით, დაცვის ტექნიკური საშუალებებითა თუ სხვა რამით) — თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, არსებობს შანსი, რომ რუსები უახლოეს მომავალში შეჩერდებიან. მაშინ ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებების გამართვასა და ჩვენთვის ამ ეტაპზე მისაღებ პირობებზე შეთანხმებას.
საქართველოს მაგალითი ძალიან ბევრ რამეს აჩვენებს. ეს სამწუხარო მაგალითია: ეს არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა — 90-იანებშიც და 2008-შიც — თუ რა არის რუსეთი, რუსული იმპერიალიზმი, რომელიც უბრალოდ ფართოვდება ყველა მიმართულებით და მოაქვს ნგრევა. ქვეყანამ მიიღო ომში მარცხი, და ფაქტობრივად, კაპიტულაცია. ამის შემდეგ კი იყო ე.წ. „სასაზღვრო ბანერების ომი“, როდესაც საოკუპაციო ხაზზე ბანერებს ყოველ რამდენიმე თვეში ცოტა უფრო წინ სწევენ და ეს წლებია, გრძელდება. გარდა ამისა, ქვეყანამ მიიღო აშკარად პრორუსული მთავრობა. როგორც არ უნდა უარყონ, ეს რეალობაა.
ჩემი ერთ-ერთი თანამებრძოლი, რომელიც 2024 წლის დასაწყისში წავიდა საქართველოში, ბათუმში, ამბობს, რომ არა ახალგაზრდები, არამედ ზრდასრული, 50 წლის კაცები დადიან პლაჟზე და გასაბერ რგოლებს ყიდიან. ის გაესაუბრა მათ და გაირკვა, რომ ზოგიერთი მათგანი ვეტერანია. მას დეპრესია დაეწყო, მიხვდა, რომ ჩვენი მომავალიც შეიძლება ასეთი იყოს და ჩვენმა თანამებრძოლებმაც ოდესის პლაჟებზე გასაბერი რგოლები გაყიდონ, თუ ასე მოვიქცევით. სინამდვილეში ჩვენც სწორედ ამისკენ გვიბიძგებენ. საქართველოში ვეტერანები ამბობენ, რომ სხვა გზა არ აქვთ.
ათასი პროცენტით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა ამ ომის დაწყებაა. ისინი სხვა რამეში არიან ძლიერები: ეს არის აგენტების, დამსმენების, ზედამხედველებისა და პატიმრების ქვეყანა. ეს არის ტრადიციების ქვეყანა — პოლიციურ-ქურდული ტრადიციების.
მე ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ კაპიტულაციისა და საზოგადოების დემორალიზაციის შემთხვევაში, ისინი თავიანთ მიზნებს გაცილებით სწრაფად მიაღწევენ, ვიდრე სამხედრო გზით. ისინი ფულს ჩადებენ მედიაში, ბიზნესს, პოლიტიკოსებსა და ძალოვნებს მოისყიდიან. ყველამ ვიცით ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. სანამ არის საფრთხე და ომი — ჩვენი ძალა ინიციატივაშია. მაგრამ ვიცით მეორე მხარეც: ანარქიულობისა და შიდა ქიშპობისკენ მიდრეკილება. ეს, შესაძლოა, უფრო საშიშიც კია, ვიდრე თავად ომი. ამ ვითარებაში რამდენიმე წელიწადში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ოკუპაცია ომის გარეშეც. მაგრამ ხანდახან, როდესაც პესიმიზმი გეუფლება, შეხედავ და გაიაზრებ, ჩვენ მაინც ვიბრძვით. ასეთ სიტუაციაში უამრავი ადამიანი ავლენს ხასიათსა და ენთუზიაზმს. ჩვენ ვანადგურებთ მტერს უზარმაზარი რაოდენობით. ჩვენ ობიექტურად გვაქვს ყველა შანსი, საკმაოდ მოკლე ვადაში მივაღწიოთ კარგ შედეგს, ან მინიმუმ ყაიმს.

