თევზის საყიდლად ზღვის ბიოლოგის კვალიფიკაცია არ უნდა გჭირდებოდეს. და მაინც როდესაც დახლთან ვდგავართ ან რესტორნის მენიუს ვათვალიერებთ, ჩვენს უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, ჩვენი არჩევანი ავნებს ოკეანეს თუ არგებს. ორი ახალი ევროპული აპლიკაცია მიზნად ისახავს, შეცვალოს ეს გარემოება და ზღვის პროდუქტების ყიდვა უფრო გაამარტივოს.
კვიპროსში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის კუნძულოვან სახელმწიფოში, დაჭერილი თევზის რაოდენობა ძალიან შემცირდა. ადგილობრივი მეთევზეები ამბობენ, რომ ზღვაში გასვლა, ფაქტობრივად, აღარც ღირს. ამის მიზეზი ბევრია: ჭარბი თევზჭერა, ჰაბიტატის განადგურება, ინვაზიური სახეობები და კლიმატის ცვლილება. თევზაობა თავის რჩენის საკმაოდ შემოსავლიანი ხელობა იყო. ახლა კი მისი მომავალი ბუნდოვანია. მეთევზე თეოდოროს მელიოსი უკეთეს დროს იხსენებს: “ზღვა სულ სხვანაირი იყო. ადრე ამ ნავით ჩემი ორი შვილის განათლებას ვაფინანსებდი“.
ლარნაკის სათევზაო პორტში მდებარე პატარა ბაზარში უამრავი სახეობის თევზი და ზღვის სხვა პროდუქტი იყიდება. მაგრამ მათგან ძალიან ცოტაა ადგილზე დაჭერილი. უმეტესობა სანაშენიდანაა მოტანილი ან იმპორტირებული პროდუქტია.
თუ გარემოზე ზრუნავთ, თევზის ყიდვა ძალიან რთულია. მართალია, თევზი ჯანსაღი ცილით მდიდარი საკვებია და წითელ ხორცთან შედარებით თევზჭერის ინდუსტრია გარემოში გაცილებით ნაკლებ ნახშირბადს აფრქვევს, მაგრამ ევროპული თევზის მრავალი სახეობა რთულ მდგომარეობაშია, იმპორტირებული თევზი კი კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. მაინც როგორ უნდა გააკეთო სწორი არჩევანი?
ექპერტები ამბობენ, რომ თევზის მოყვარულებმა კვლავ უნდა იყიდონ ეს პროდუქტი, მაგრამ კარგი იქნება, თუ მანამდე იკითხავენ, მაინც სადაურია ეს თევზი? როგორ დაიჭირეს? რამდენად კარგ მდგომარეობაშია ეს კონკრეტული სახეობა? ამ ყველაფერზე პასუხს პროდუქტის ეტიკეტზე ვერ ნახავთ. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი MrGoodFish3.0-ი, რომელსაც კოორდინაციას CMMI ოკეანოლოგი დანიელ ჰეიზი უწევს.
დანიელ ჰეიზი, პროექტ MrGoodFish3.0-ის კოორდინატორი:
“თუ მომხმარებელი ისეთი არჩევანის გაკეთებას შეძლებს, რომელიც უფრო სასარგებლო იქნება როგორც გარემოსთვის, ისე ზღვაში გასული მეთევზეებისთვის, ეს ყველას დაეხმარება, რათა შეინარჩუნონ თევზჭერის ინდუსტრიაც და ინდივიდუალური თევზაობაც. კარგი იქნება, ის მაინც მოახერხოთ, რომ რაც შეიძლება მეტი შეიტყოთ პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობთ. ამ გზით ხელს შეუწყობთ, რომ სამომავლოდ დიდი ცვლილებები მოხდეს როგორც თევზჭერის ინდუსტრიაში, ისე მთლიანად ოკეანის ეკოსისტემაში“.
თევზის ბაზარზე სულ მცირე იმას მაინც აჩვენებენ, თუ საიდან მოაქვთ თევზი. მაგრამ რესტორნებში, კვების წერტილებსა და თევზის კონსერვის მაღაზიებში ეს მოთხოვნაც კი არ არის. ევროპელ მომხმარებელს უბრალოდ არ აქვს ასეთი ინფორმაცია. და მიანც, როგორც კვიპროსის მომხმარებელთა ასოციაციაში ამბობენ, ადგილობრივების 64% პროცენტს ურჩევნია, უფრო ეკოლოგიური პროდუქტი შეიძინოს.
“რატომ ვამბობთ, რომ პრობლემები გვაქვს? როდესაც რესტორანში შევდივართ – ჩვენ ირგვლივ კი ბევრი რესტორანია – ვერ იღებ ინფორმაციას თევზის შესახებ,“ – ამბობს მარიოს დრუშიოტისი, კვიპროსის მომხმარებელთა ასოციაციის პრეზიდენტი. „სად დაიჭირეს ეს თევზი? როგორ დაიჭირეს? რომელი ხელსაწყოთი? თავად რესტორნებშიც არ იციან ეს“.
ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია სმარტფონის აპლიკაცია, რომელიც MrGoodFish3.0-მა შექმნა. ეს აპლიკაცია ევროკავშირის მომხმარებელს ეხმარება, რომ სწრაფად გადაამოწმოს დეტალები თევზის სახეობის შესახებ, სანამ იყიდის ამ პროდუქტს ან შეუკვეთავს. ეს აპლიკაცია მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლიდან უყრის ინფორმაციას თავს და ამატებს სეზონურ რეკომენდაციებს, რეცეპტებსა და პერსონალურ რჩევებს.
“შეგიძლია, გახსნა ეს აპლიკაცია და თქვა, მოიცა, არის კი ეს თევზი აქ დაჭერილი? ამის მერე გადაამოწმებ ინფორმაციას და მიიღებ გადაწყვეტილებას,“ – განმარტავს დანიელ ჰეიზი. „ შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ ეს აპლიკაცია სწორია, რადგან ის იმ მეცნიერთა მონაცემებს ეყრდნობა, რომლებმაც ეს აპლიკაცია შექმნეს. ღირებულებათა ჯაჭვში ძალიან ბევრია ისეთი მოთამაშე, რომლებსაც მთლიანობაში ამ მიმართულებით სიარულის დიდი სურვილი აქვთ. ეს აპლიკაცია, ეს ორგანიზაცია კი ერთად მუშაობის საშუალებას იძლევა, რათა ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს, ინფორმაცია დაამატოს, შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარონ აზრები და მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა გააკეთონ ასეთი ტიპის არჩევანი“.
სწორ არჩევანს შეუძლია დაეხმაროს ზღვის გარემოს. კვიპროსსა და მთელ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნის ინვაზიური თევზის სახეობა ლომთევზა. იგი წითელი ზღვიდან გავრცელდა და ახლა ადგილობრივ ველურ ბუნებას განდგურებით ემუქრება. თუმცა კვიპროსში რესტორნებში უკვე დაიწყეს ლომთევზას მომზადება და მომხმარებლისთვის შეთავაზება. ინფორმირებულმა მომხარებელმა შესაძლოა სწორედ ეს თევზი ამჯობინოს იმ თევზის სახეობას, რომელსაც გადაშენების მეტი საფრთხე ემუქრება. არც ისე დიდი ხნის წინ, ლომთევზას საკვებად გამოყენება უჩვეულოდ ითვლებოდა. დღეს კი ეს თევზი სულ უფრო პოპულარულია.
“ახლა ხალხმა იცის, რომ როდესაც ლომთევზას მიირთმევს, ის მხოლოდ გემრიელ, შედარებით იაფ თევზს კი არ ირჩევს, არამედ გარემოსაც ეხმარება. ერთი გასროლით ორ კურდღელს იჭერ“, – ამბობს სტეფანოს მენტონისი, Stefanos Fish Tavern-ის დირექტორი.
სმარტფონის აპლიკაციამ შესაძლოა სწორედ ასეთი ყველასთვის მომგებიანი არჩევანი შემოგვთავაზოს. ასეთ აპლიკაციებს შეუძლიათ, შეანელონ ინვაზიური სახეობების შემოსვლა და დაეხმარონ ადგილობრივ მეთევზეებს, დაიჭირონ ეს სახეობები. მაგრამ რამდენად ბევრი ევროპელი გამოიყენებს ამ აპლიკაცია?
ჩრდილოეთის ზღვაში, თევზი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ხმელთაშუა ზღვაში. ეიმეიდენში, ამსტერდამთან ახლოს მდებარე ნიდერლანდურ პორტში ადგილობრივ მაღაზიებში ეკომეგობრული მიდგომა გაყიდვების მთვარ წინაპირობად იქცა. მომხმარებელი საკმაოდ შორიდან მოდის, ახლად დაჭერილი თევზი რომ შეიძინოს, რომელიც არ არის გაყინული ან მსოფლიოს მეორე ბოლოდან ჩამოტანილი. საერთაშორისო მდგრადობის ეტიკეტი გამოსაჩენად არის გამომზეურებული. მაგრამ მყიდველების უმეტესობისთვის ხარისხი უმთავრესი კრიტერიუმია.
„ევრობარომეტრის“ (Eurobarometer) ბოლო კვლევის მიხედვით, მომხმარებლის უმეტესობა თევზის შეძენის დროს ფასს ანიჭებს უპირატესობას. მხოლოდ 36 პროცენტი ითხოვს მეტ ინფორმაციას გარემოსდაცვით საკითხებზე.
ნიკ უასდორპი, თევზით მოვაჭრე Ecoseafood-ის ბაზარზე:
“ასეთი მომხმარებელი ყოველთვის ეკითხება გამყიდველს, თუ რას ნიშნავს მდგრადი თევზჭერა. როცა თევზს ახლავს ე.წ. ემ-ეს-სის MSC მსგავსი ეტიკეტი – ეს ნიშნავს, რომ ის ჭარბი თევზჭერის შედეგი არ არის და გარემოსთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია“.
თუმცა მომხმარებლის უკეთ ინფორმირება თავად ევროპის თევზის რეწვის სექტორსაც აძლევს სარგებელს. ეს საკითხი განიხილეს „ნადავლის კეთილდღეობის“ (Catch Welfare) კონფერენციაზე, რომელმაც ქალაქ ეიმეიდენში ისტორიულ კუნძულზე მდებარე ციხესიმაგრეში მოუყარა თავი მიწოდების ჯაჭვის წარმომადგენლებს. კონფერენციის ერთ-ერთი გამომსვლელი სარა პიტონეტ გაიარინი კიდევ ერთი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორია, რომელმაც მომხმარებლისთვის სმარტფონის აპლიკაცია შექმნა. ეს აპლიკაცია, სახელწოდებით VeriFish-ი, იმით არის განსხვავებული, რომ შტრიხკოდის მეშვეობით იხსნება რესტორნების მენიუსა თუ მაღაზიის ეტიკეტზე. იგი მრავალფეროვან მონაცემებს შეიცავს – მათ შორის კვებით ღირებულებასთან დაკავშირებულ ფაქტებს და დეტალურ ინფორმაციას იმ კომპანიის შესახებ, რომელმაც დაიჭირა ან მოაშენა თევზი.
“ამ აპლიკაციის შედეგად ჩვენმა მოქალაქეებმა გაცილებით მეტი გაიგეს იმის შესახებ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა უნდა ვიცოდეთ მდგრადობაზე,“ – განმარტავს სარა პიტონეტ გაიარინი, პროექტ VeriFish-ის კოორდინატორი. „ვიცით, რომ ეს რთული საკითხია და გვინდა, რომ ეს რთული საკითხი იყოს, მაგრამ შესაძლებელია მისი უკეთ გაგება“.
თევზმჭერმა, თევზის მომშენებელმა და გადამამუშავებელმა კომპანიებმა უწყვეტად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამ აპლიკაციებს. მაგრამ ამ პროექტის მესვეურთ სჯერათ, რომ მის მიერ მიღებული სარგებელი ამართლებს მასზე გაწეულ ძალისხმევას. ამ პროექტის მონაწილე მწარმოებლები მომხმარებლის მეტი ნდობით ისარგებლებენ.
“ეს ნიშნავს, რომ, რაც უფრო გამჭვირვალე და მიკვლევადია სექტორის მიერ კეთილი ნებით მოწოდებული ინფორმაცია, მით მეტი მომხმარებელი ჩათვლის ამ მიდგომას გამჭვირვალედ და შესაძლოა, ამის გამო მომხმარებელმა მეტი თევზის პროდუქტი იყიდოს. მეტის ცოდნა საბოლოო ჯამში მეტის მომხარებას ნიშნავს“, – ამბოს იქსაი სალვო, პროექტ VeriFish-ის კომუნიკაციების ოფიცერი.
ციფრულ ინსტრუმენტებს შეუძლიათ, შეავსონ ინფორმაციული ვაკუუმი, თუკი ერთმანეთთან დააკავშირებენ თევზის მყიდველსა და მეთევზეს. მეცნიერებს, თევზის რეწვის სექტორს, გარემოსა და მომხმარებელთა დამცველ ორგანიზაციებს შეუძლიათ, ითანამშრომლონ. თუ შევამცირებთ ევროპის დამოკიდებულებას იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებსა და არამდგრად თევზჭერაზე, შევძლებთ დავიცვათ და შევინარჩუნოთ ოკეანე მომავალი თაობებისთვის.
ავტორი: დენის ლოქტიე

