მთავარიევროპაალბანეთიალბანეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა

ალბანეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა

22 დეკემბერს, საღამოს,  ალბანეთის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებმა დედაქალაქ ტირანაში გამართეს საპროტესტო აქცია, რომელიც მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეტაკებებში.

აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ედი რამას ადმინისტრაციის წინ მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რის გამოც რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ერთ-ერთი მომიტინგე მოლოტოვის კოქტეილის მოხვედრის შემდეგ დაშავდა.

18 დეკემბერს ტირანაში პარლამენტის სესიის დროს ალბანელ კანონმდებლებსა და პარლამენტის მანდატურებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, ისმოდა შეძახილები,  ტრიბუნიდან მაშხალებს ანეთბდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალბანეთის მომავალ ომბუდსმენს, ქვეყნის ადამიანის უფლებათა უმაღლეს წარმომადგენელს ირჩევდნენ პარლამენტის სესიაზე.

ალბანეთის ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ მმართველი სოციალისტური პარტია არჩევნების გაყალბებასა და ქვეყანაში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა, ეს ის საკითხებია, რომლებსაც ისინი უკვე თვეებია აპროტესტებენ.

„მოდი, გავერთიანდეთ უფრო მყარად. თქვენი სახელით მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, ყველა ოპოზიციონერს, ასევე მამაც ადამიანებს, გააგრძელონ გადამწყვეტი ბრძოლა ამ ერის მომავლისთვის,  რომელიც კვდება, რომელიც განადგურებულია, ვიბრძოლოთ ამ კურთხეული ერის ბედისთვის. ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყნის შვილები უკვე სხვაგან მიდიან, რადგან აღარ სჯერათ მისი. ეს აღარ უნდა დავუშვათ“, – განცხადა ოპოზიციისა და დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სალი ბერიშმა.

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრის, ბელინდა ბალუკუს გადადგომაა. იგი ამ დრომდე იკავებს თანამდებობას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურმა სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend