იაპონიაში, 8 დეკემბერს, გვიან ღამით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. წყნარ ოკეანეში 7-ნახევარი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია, თუმცა დაზიანდა გზები, საცხოვრებელი სახლები, აბონენტებს შეუწყდათ ელექტროენერგიის მიწოდება და ასევე რეგიონში შეფერხდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა.
სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 30 მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას შესაძლო განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
იაპონიაში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრამ წყნარი ოკეანის ზოლში მდებარე დასახლებებსა და ქალაქებში მსუბუქი ნგრევა და ცუნამი გამოიწვია. ქვეყანაში მიყენებულ ზარალს აფასებენ. ხელისუფლება მოსახლეობას განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებს.
ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულია 33 მოქალაქე, რომელთა შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოქალაქეების უმეტესობა ჩამოცვენილი საგნების შედეგად დაშავდა.
მიწისძვრა 8 დეკემბერს დაახლოებით 23:15 საათზე წყნარ ოკეანეში, იაპონიის მთავარი კუნძულის, ჰონსიუს ჩრდილოეთით მდებარე აომორის სანაპიროდან დაახლოებით 80 კილომეტრში მოხდა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, 70 სანტიმეტრამდე სიმაღლის ცუნამი იყო ივატეს პრეფექტურის კუძის პორტში, 50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ტალღები აომორის სამხრეთ რეგიონის სხვა ადგილებსაც დაატყდა თავს.
ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 800-ს აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში შეფერხდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა. რკინიგზის ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ გარკვეულ მიმართულებებზე მოძრაობა უკვე 9 დეკემბერს, საღამოს საათებში აღდგა.
ამასთან, ბირთვული საკითხების რეგულირების სამსახურმა განაცხადა, რომ აომორის როკასიოს ბირთვულ ობიექტზე გამოყენებული საწვავის გაგრილების ავზიდან დაახლოებით 450 ლიტრი წყალი დაიღვარა, თუმცა წყლის დონე ნორმის ნიშნულს არ გადასცდენია. შესაბამისად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობდა.
მათივე ცნობით, სხვა ატომურ ელექტროსადგურებსა და საწვავის შესანახ ობიექტებზე რაიმე დარღვევა და დაზიანება არ გამოვლენილა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას მომდევნო დღეებში განმეორებითი ბიძგებისა და შესაძლო ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
სააგენტომ მოუწოდა რეგიონის 182 მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, რომ მომდევნო კვირაში მზად იყვნენ საგანგებო სიტუაციებისთვის. თუმცა დასძინა, რომ ეს გაფრთხილება არ ნიშნავს მასშტაბური მიწისძვრის პროგნოზს.
8 დეკემბერს მიწისძვრა სანაპირო რეგიონის ჩრდილოეთით დაახლოებით იმ ადგილას მოხდა, სადაც 2011 წელს 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ და ცუნამმა თითქმის 20 000 ადამიანი იმსხვერპლა და ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგური გაანადგურა.

