ფინეთში, ქალაქ ტურკუს პორტში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვაო ძალა გამოჩნდა. ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების გაზრდასთან ერთად, ნატო და მოკავშირეები აძლიერებენ ძალისხმევას სასიცოცხლო საზღვაო მარშრუტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით. სამხედრო სწავლებას Freezing Winds 25 სამხრეთმა ფინეთმა უმასპინძლა. მანევრების თემატიკა საზღვაო კავშირების გაძლიერებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ამოცანებს, საბრძოლო მოქმედებებს, ამფიბიურ სადესანტო ღონისძიებებს, ასევე საზღვაო და სანაპირო ძალების ერთობლივ ოპერაციებს ითვალისწინებდა.
საზღვაო მანევრებში ალიანსის წევრი ქვეყნების 20 საბრძოლო, მომარაგებისა და მხარდაჭერის საზღვაო საშუალებები მონაწილეობდა.
„ჩემი აზრით, ნატოს მოკავშირეებისთვის უმნიშვნელოვანესია ერთობლივი წვრთნების ჩატარება. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნიდან ვართ. თითოეულ ქვეყანას ოპერაციების განსხვავებული პროცედურა გვაქვს, მაგრამ, საერთო ჯამში, ისინი მსგავსია. შესაბამისად, დიდი უპირატესობაა ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა. აქ, ფინეთში, გამოწვევებით აღსავსე გარემოა. არსებობს მრავალი სანავიგაციო შეზღუდვა. რთული ფსკერი და წყალქვეშა პირობები. ვიტყოდი, ქაოსურიც კი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიმყოფებით და ვატარებთ ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებს“, – ამბობს მე-2 რანგის კაპიტანი იანის აუცე, იგი ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო მუდმივმოქმედი ჯგუფის პირველი შემადგენლობის მეთაურია.
ბალტიის ზღვაში ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო მუდმივმოქმედი ჯგუფის ხომალდები ალიანსის სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ. ბელგიური, დანიური, ფრანგული, პოლონური და სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდები ამერიკულ საზღვაო ძალებთან ერთად კომპლექსურ სწავლებებში ჩაერთნენ. წვრთნებში მყვინთავთა ჯგუფები და საზღვაო უპილოტო სისტემებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
„საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი მაგალითია ის, რომ ამჟამად ჩვენს ხომალდზე იმყოფება პორტუგალიის გამნაღმველ-მყვინთავთა გუნდი. ეს ორ ერს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის დემონსტრირებაა. მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რადგან ყველას შეგვიძლია ერთმანეთისგან ვისწავლოთ. ჩვენ გვაქვს დისტანციურად მართვადი და ავტონომიური მანქანები და თითოეულს აქვს საკუთარი შესაძლებლობები, რომელთა გაზიარებაც შეგვიძლია“, – აღნიშნა გერმანიის საზღვაო ძალების ოფიცერმა მე-3 რანგის კაპიტანმა ალექსანდერმა.
ბალტიის ზღვაში გამართული მანევრები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფორმაციით, ნაწილია იმ მასშტაბური წვრთნებისა, რომლებიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყო და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
თავად სწავლება, სახელწოდებით Freezing Winds 25 მოიცავდა საავიაციო კომპონენტსაც, აქ საბრძოლო და სადაზვერვო საშუალებებთან ერთად ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ.
„მისიის მიზანია მთელი საზღვაო არეალის მონიტორინგი, რათა გამოავლინოს გემები, რომლებმაც შესაძლოა პოტენციური საფრთხე შეუქმნან წყალქვეშა ინფრასტრუქტურას, იქნება ეს კაბელები, ინტერნეტკაბელები თუ ბალტიის ზღვაში გამავალი მილსადენები. გემების იდენტიფიცირების შემდეგ შეგვიძლია, განვახორციელოთ მათი აქტივობების მონიტორინგი, დავკითხოთ ისინი და ვნახოთ, წარმოადგენენ თუ არა ისინი საფრთხეს ამ ინფრასტრუქტურისთვის“, – ამბობს საფრანგეთის საზღვაო ძალების ოფიცერი მე-3 რანგის კაპიტანი არნო. ალიანსის საზღვაო მანევრები ბალტიის ზღვაში 2025 წლის 24 ნოემბერს დაიწყო. ნატოს ხომალდებმა რეგიონი უკვე დატოვეს. თუმცა ერთობლივი ოპერაციებისთვის მზადყოფნის შესანარჩუნებლად სამხედრო მანევრები მომავალშიც იგეგმება.

