იქნებ სწორედ ამაზე ფიქრობდა, ახალგაზრდა ფელიქს ვარლა, როცა მონპარნასზე აღმართს მიუყვებოდა… იმ დღეზე, როცა მისი ნამუშევრები საყვარელ საქართველოში იქნებოდა დაფასებული და აი ასე გამოიფინებოდა ქართულსალონებსა და გალერეებში.
ლეგენდარული ვარლა, ანუ ფელიქს ვარლამიშვილი. უდიდესი მხატვარი, რომელმაც აღიარება ჯერ უცხოეთში მოიპოვა, იქ გახდა სასურველი და მხოლოდ შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში მისი ტილოები.
ახლა ეს ნამუშევრები წინანდლის მამულშია გამოფენილი.
„ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გრძელდება საგამოფენო სერია, რომლის მასპინძელიც მუდმივად არის Silk Hospitality და მხარდამჭერი არის კომპანია სილქნეტი. გავხსენით ფელიქს ვარლამიშვილის, ვარლას, როგორც მას ეძახდნენ და უწოდებდნენ, გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი არის 17 ნამუშევარი სხვადასხვა კოლექციონერებისგან. გამოფენა ბაია გალერეასთან თანამშრომლობით შედგა. შარდენის გალერეაც იყო ჩართული ამ პროცესში, რომ კოლექციონერებს ნამუშევრები მოეწოდებინათ. ვფიქრობ, რომ ამ დარბაზში ძალიან კარგად და კამერულად შეკრული ექსპოზიცია არის“, – ამბობს „სილქ ჰოსფითალითის“ არტ. კურატორი, მარიამ კაკაბაძე.
ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრების უმრაფვლესობა პარიზშია შექმნილი. მან საქართველო 1928 წელს დატოვა, მაშინ მხატვარი 25 წლისა იყო. ჯერ სტამბულში ცხოვრობდა რაღაც პერიოდი, შემდეგ კი საფრანგეთში ჩავიდა. მხატვრის ძმიშვილი ამბობს, რომ მისი გამგზავრების შესახებ, ოჯახმა მხოლოდ წერილის მეშვეობით შეიტყო.
„30-იანი წლებია და პარიზში თავის დამკვიდრება, როგორც მხატვრის, თითქმის წარმოუდგენელია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქართველისთვის. მაგრამ ის ნიჭერებასთან ერთად სიჯიუტითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. ეს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. სწორედ ამან შეაძლებინა ასეთი დიდი მემკვიდროების დატოვება. 1933 წელს ის პარიზში აწყობს პირველ პერსონალურ გამოფენას”, – ამბობს ფელიქს ვარლამიშვილის და ნატა ვარლამიშვილი.
ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდიო – ამბობდა ვარლა. ასე შეიქმნა მისი განუმეორებელი სტილი, რომელსაც აღიარებენ და დღემდე სწავლობენ ხელოვნების მცოდნეები.
საფრანგეთი, მოგზაურობა, ისევ საფრანგეთი… ვარლა საქართველოში აღარ დაბრუნებულა. მაგრამ დაბრუნდნენ მისი ნამუშევრები. 1987 წელს, ფელიქს ვარლამიშვილის ანდერძის მიხედვით, ვარლას მეუღლემ საქართველოს 10 ნახატი გადასცა.
ვარლას ხელოვნება გაიცნო და დააფასა მისმა სამშობლომ. ყოველდღიურად იზრდება ინტერესი მის მიმართ. დიდი საერთაშორისო აუქციონებზე, ლამის ბრძოლაა გამართული რომ ხელოვნების მოყვარულებმა და კოლექციონერებმა მისი ნამუშევრები შიძინონ. მათ შორის უკვე საკმაოდ ბევრია ქართველი და ამ გზით საქატველოში უკვე 300-ზე მეტი ნამშევარი დაბრუნდა.
„ამდენი ნამუშევრის საქართველოში დაბრუნება, ჩვენთვისაც წარმოუდგენელია. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვთქვა, ყველა იმ ქართველი ხელოვნებადმცოდნის თუ კოლექციონერის მიმართ, რომლების აუქციონზე იძენენ მის ნამუშევრებს. უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობაა საქართველოში დაცული და ეს ნამდვილად ჭეშმარიტი დაბრუნებაა”, – ამბობს ფელიქს ვარლამიშვილის და ნატა ვარლამიშვილი.
ფელიქს ვარლამიშვილის შემოქმედება ერთგვარად აერთიანებს ქართულ და ფრანგულ სახელოვნებო ტრადიციებს. კულტურათა შერწყმა, რომელიც მის შემოქმედებაში იგრძნობა, განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს მის ნამუშევრებს.
„ყველა ნამუშევარი, რაც აქაა წარმოდგენილი, გამოხატავს ამ მხატვრის ძალიან დიდ სიყვარულს საქართველოს მიმართ და ძალიან საინტერესო სტილს. გამორჩეულს. მაშნვე იცნობ ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებს. გარკვეული სტილისტური კავშირი არის ბიზანტიურ მოზაიკებთან, ფიროსმანთან, ქართულ მინანქართან. მისი არაჩვეულებრივი ფერები, რომლებიც გამოირჩევა თითქოს ძვირფასი ქვების ბრწყინვალებით, სწორედ გამოხატავენ ძველი შუასაუკუნეების ქართული მინანქრის ნიმუშებს. უცნაურად გავს ის პეტრე ოცხელის სტილისტიკას. თუმცა მისგან სრულიად განსხვავებულია. ეს არის მხატავრი, რომელიც ზოგჯერ ცხოვრების რუტინულ სცენებს აძლევდა ძალიან სადღესასწაულო ელფერს. ეს არის მხატვარი, რომელიც სიცოცხლეს გამოხატავს ყველაზე საუკეთესო, სადღესასწაულო ფორმით. მისი ხელოვნება გამსჭვალული არის ჰუმანისტური იდეებით. ეს არის ძალიან დიდი საგანძური, რომელიც ახლა საქართველოს უბრუნდება. ეს გამოფენაც ამ საგანძურის ერთ-ერთი პატარა ნიმუშია“, – ამბობს გამოფენის კურატორი ბაია წიქორიძე.
წინანდლის მამულში გამართულ გამოფენაზე, ფელიქს ვარლამიშვილის 17 ნამუშევარია წარმოდგენილი. მათ შორის -სამ ნამუშევარს, პირელად იხილავს ქართველი დამთვალიერებელი. აქ არის კერძო კოლექციბში დაცული, 1930-იან წლებში შექმნილი „ქართული დღეობა“ და უფრო გვიანდელი „ქართული ქორწილი“ და „ტროას ცხენი“.
„ზოგადად წინანდლის მამული გვანებივრებს ასეთი კარგი გამოფენებით. ბედნიერებაა, რომ იმის მიუხედავად, რომ მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებშია დაცული, გვქვს საშუალება, რომ ეს ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან ვნახოთ. ალბათ ყველამ უნდა ნახოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა, პირველ რიგში იმიტომ, რომ გავიაზროთ ჩვენი წარსული, ჩვენი კულტურა და იმ ადამიანების მნიშვნელობა, რომლებიც სამშობლოს გარეთ მოღვაწეობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად რამდენი რამ შესძინეს ჩვენს კულტურას“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე, მზია ჩიხრაძე.
ლეგენდარული ქართველი მხატვარის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრების ხილვის შესაძლებლობა წინანდლის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ჯერ კიდევ აქვთ, ქართველ ხელოვნების მოყვარულებს და საქართველოს სტუმრებს.

