როგორც გერმანული საიფორმაციო სააგენტო DPA იუწყება, გერმანიის საჰაერო ძალებმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით, პოლონეთში საბრძოლო თვითმფრინავები განათავსეს.
გერმანიის საჰაერო ძალების ცნობით, „ევროფაიტერის“ ტიპის რამდენიმე ერთეული ნორვენიხის საჰაერო ბაზიდან აფრინდა და პოლონეთის სამხედრო აეროდრომისკენ, მალბორკში, გაემართა.
„დღეს ჩვენ პირველ ოთხ თვითმფრინავს პოლონეთში, მალბორკის აეროდრომზე გადავიყვანთ, რათა დავიწყოთ ნატოს ჩრდილოეთით გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ოპერაცია. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ვიქნებით ჩართული იქ მიმდინარე მისიაში“. – განაცხადა ტაქტიკური საჰაერო ძალების 31-ე ფრთის „ბიოლკეს“ მეთაურმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა რენე დიგელერმა.
პოლონეთში საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთის მიერ ბალტიის ზღვის რეგიონში საჰაერო სივრცის დარღვევისა და ნატოს ტერიტორიებზე დრონების გამოჩენის გამო გადაიყვანეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიმდინარე მანევრების შესახებ ამ წლის ოქტომბერში განაცხადა.
„ბრძანება თავად აღმოსავლეთის სადარაჯო მისიიდან მომდინარეობს და მეოთხე მუხლის შესაბამისად ნატოს კონსულტაციების ნაწილია, სწორედ ამ მუხლის მიხედვით გადაწვიტა ალიანსმა ნატოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. გერმანიამ ამ საქმეში მხარდაჭერის პირობა ოქტომბერში დადო“. – განაცხადა ტაქტიკური საჰაერო ძალების 31-ე ფრთის „ბიოლკეს“ მეთაურმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა რენე დიგელერმა.
გერმანიის შეიარაღებული ძალები აპირებენ, გაგზავნონ 150-კაციანი სამხედრო ჯგუფი, რომელშიც ასევე შედიან საჰაერო ხომალდების პილოტები, ტექნიკოსები, ლოგისტიკის პერსონალი, დაცვის თანამშრომლები და სამხედრო პოლიცია.
DPA-ს ცნობით, გერმანელი სამხედროები ადგილზე მომავალი წლის მარტამდე დარჩებიან.

