ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ეს დიპლომატების პირველი შეკრებაა ჰააგის ისტორიული სამიტის შემდეგ, რომელიც ლიდერებს შორის ივნისში ჩატარდა და რომელზეც ალიანსის თავდაცვის ხარჯების 5%-მდე ზრდა შეთანხმდა.
მინისტრები ნიდერლანდებში დასახული გეგმების განხორციელების ტემპებსა და ხარისხს შეაჯერებენ, თუმცა მთავარი საკითხი კვლავ უკრაინა იქნება, რომლის ირგვლივაც სამშვიდობო შეთანხმების მცდელობა გრძელდება ჟენევისა და ფლორიდის შემდეგ ახლა უკვე მოსკოვში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ პროცესს ყურადღებით აკვირდება, ამასთან ხაზს უსვამს, რომ მასში უკრაინის გაძლიერებისა და დახმარების ერთგული რჩება. ეს გამოვლინდა ბლოკის წევრი სახელმწიფოების სურვილში, დამატებით ასობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია გასწიონ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვის მიზნით, რაც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ასევე ჰააგაში შეთანხმდა. ცნობილია, რომ შეხვედრას არ დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მას ევროპელებთან მისი მოადგილე ცვლის.
დღესვე, 3 დეკემბერს, შედგება ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაც, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი დაესწრებიან. ევროპელ დიპლომატებს იმედი აქვთ, რომ უკრაინის პირველი დიპლომატი მოსკოვის შეხვედრებზე ინფორმირებული იქნება და მის შედეგებს ალიანსს გააცნობს.
„დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ვმასპინძლობთ, განვიხილავთ ჰააგის ისტორიულ სამიტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. განსაკუთრებით კი თავდაცვითი ხარჯების ზრდის ნაწილში, რამაც 5 % შეადგინა. მეტი უნდა გავაკეთოთ ინდუსტრიული წარმოების მიმართულებითაც, რაღა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ იმაზეც, რომ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერი იყოს ბრძოლაშიც და მოლაპარაკებებშიც, როდესაც ის ნამდვილად დაიწყება. ვერ გავაკეთებ კომენტარს პუტინის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე, რომელსაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული აკეთებს, სხვათა შორის ფრონტიდან საკმაოდ შორს.
სამშვიდობო პროცესი გრძელდება, წარმატებული შეხვედრები იყო ამერიკულ და უკრაინულ მხარეებს შორის ჟენევასა და მაიამიში, გასულ ღამეს იყო შეხვედრა ასევე მოსკოვში. მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო პროცესი გრძელდება და ეს იმედია მიგვიყვანს მშვიდობამდე. თუ ეს ზედმეტად დიდ დროს წაიღებს და შედეგამდეც ვერ მიგვიყვანს, რუსეთზე ზეწოლის საუკეთესო 2 გზა არსებობს. პირველი,რუსეთს გავაგებინოთ, რომ უკრაინაში შეიარაღების შედინება გაგრძელდება, აშშ-ის და ევროპის წყალობით ახლა სწორედ ეს ხდება. მეორე კი ეკონომიკური სანქციებია, რომლებიც ძალიან ეფექტურია და ახლა სწორედ ამას ვადევნებთ თვალს. აშშ და ევროპა მუშაობენ, რომ ამას მაქსიმალური შედეგი ჰქონდეს. ეს საუკეთესო გზაა, რომ პუტინის გათვლები შევცვალოთ. მიხარია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დაიწყო სამშვიდობო პროცესი, რომელიც მხოლოდ დონალდ ტრამპის ლიდერობით გახდა შესაძლებელი – აშშ-თან ამ მხრივ გვაქვს აქტიური კოორდინაცია. ჩვენთვის მისაღებია, რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო დღევანდელი მინისტრების შეხვედრას გამოტოვებს, მის მოადგილესთანაც კარგი საუბარი გვქონდა”, – აღნიშნა შეხვედრამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
„ყველა ვადევნეთ თვალს მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებს, ასევე კიევსა თუ სხვა ადგილებიდან მიღებულ ინფორმაციას. არავინ უნდა სცადოს ე.წ. სამშვიდობო შეთანხმებიდან მიიღოს ის შედეგი, რომელსაც ფრონტის ხაზზე ვერ აღწევს. რუსეთი ახლა სწორედ ამას ცდილობს. რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს აშშ-ის პოზიციებს მსოფლიოში, ცდილობს, დაყოს ნატო და ამ ყველაფერს ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში აკეთებენ. უკრაინა იმსახურებს მშვიდობას, ისეთს, რომელიც მყარი და ხანგრძლივია”, – თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაზემ.
„ნორვეგია დღეს აცხადებს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოდენობის პროგრამის შესახებ უკრაინისთვის, რომელიც ე.წ. პურლის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა ორ პაკეტად – ერთ-ერთი გერმანიასა და პოლონეთთან ერთად განვახორციელეთ, მეორე კი გერმანიასა და ნიდერლანდებთან ერთად – დღეს სწორედ ის მომენტია, როდესაც უკრაინისთვის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ”, – თქვა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ.

