მთავარიაზიაირანიირანი ატომური ენერგიის სააგენტოს კვლავ არ აძლევს უფლებას, ქვეყნის ბირთვული ობიექტები შეამოწმოს

ირანი ატომური ენერგიის სააგენტოს კვლავ არ აძლევს უფლებას, ქვეყნის ბირთვული ობიექტები შეამოწმოს

ირანი კვლავ არ აძლევს ატომური ენერგიის სააგენტოს თანამშრომლებს იმის საშუალებას, რომ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე ინსპექცია ჩატარდეს. ამის მიზეზად კი თეირანი რადიაციის რისკს ასახელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს არ აქვს უფლება, ირანი დაადანაშაულოს ვალდებულებების დარღვევაში, რადგან მდგომარეობა „უპრეცედენტოა“… სააგენტო ქვეყანაში დაზიანებული ბირთვული ობიექტების შემოწმებას უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობს. უწყებამ წარსულში ირანისგან მოითხოვა, რომ სააგენტოსთან ითანამშრომლოს, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ურანის მარაგების შესახებ და სააგენტოს წარმომადგენლებს მისცეს წვდომა, შეამოწმონ ირანის ბირთვული ობიექტები…

ირანმა და ატომური ენერგიის სააგენტომ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე, თუმცა მოგვიანებით თეირანში განაცხადეს, რომ რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ინსპექციის შეწყვეტის მიზეზი ისრაელისა და ამერიკის თავდასხმა იყო, რამაც მხარეებს შორის ურთიერთობები დაძაბა… აქვე გეტყვით, რომ ირანის რამდენიმე ბირთვულ ობიექტზე ისრაელმა და აშშ-მა იერიში ივნისში მიიტანეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად, თეირანის ბირთვული პროგრამა განადგურდა.

„ასეთ გარემოებაში საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს არ აქვს უფლება თქვას, რომ ირანმა თავისი ვალდებულებები დაარღვია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ობიექტებზე, რომლებიც სათანადო უსაფრთხოების მდგომარეობაში აღარ იმყოფება. ამ ობიექტებზე განხორციელდა თავდასხმა და არსებობს ბირთვული დასხივებისა და საშიში რადიოაქტიური მასალების გაჟონვის რისკი. გარდა ამისა, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს არასოდეს დაუწესებია კონკრეტული ინსპექციის პროცედურა ასეთ ობიექტებზე, რადგან ამის არანაირი პრეცედენტი არ არსებობდა.

ევროპული ქვეყნები ელიან, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება. რა მაგიდაზე საუბრობენ? როდესაც საქმე „მაგიდას“ ეხება, ევროპული მხარე ყოველთვის სთავაზობს ირანს, დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან შეერთებულ შტატებთან ერთად. ეს აჩვენებს, რომ მათ არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობის — დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობიანი და ეფექტიანი როლი ითამაშონ დიპლომატიურ პროცესში. შესაძლოა, მათ არ გააჩნიათ საჭირო რესურსები და თავდაჯერებულობა, რათა თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ. შესაბამისად, ეს უფრო პიარს ჰგავს, ვიდრე კეთილსინდისიერებითა და სერიოზულობით გამყარებულ პოზიციას”, – განაცხადა ისმაილ ბაგაიმ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend