ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა დარწმუნებულია, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ახლოსაა ისე, როგორც არასდროს. მისივე აზრით, „ბურთი ახლა კიევის მოედანზეა“.
ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრას ესწრება, რუსულ და ბელარუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებთან აცხადებს, რომ ამ ომში არსებობს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მოხდეს გაუთვალისწინებელი რამ, რამაც, შესაძლოა, სრულად შეცვალოს ფრონტზე არსებული ვითარება. მისივე თქმით, ომში მყოფი ორივე ქვეყანა ყურადღებით უნდა იყოს:
„აღმოჩნდა, რომ, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთი უფრო მიდრეკილია მოლაპარაკებებისკენ. ეს უნდა ვაღიაროთ. თუკი უნდა გადაწყდეს ტერიტორიული საკითხები, ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი თითოეული კილომეტრის, მეტრის გათვალისწინებით, ვისი სამხედროები უნდა იყვნენ და ვისი არა. წვრილმანებამდე ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი…
ზელენსკის ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ ახლა არ დავიწყებ მის გაკრიტიკებას. ერთხელ, ომის დაწყებისას ვურჩიე, როგორც უნდა მოქცეულიყო. მაშინ რომ გაეთვალისწინებინა, ეს პუნქტები საჭირო აღარ იქნებოდა და, შესაბამისად, ეს 28 პუნქტიც არ იარსებებდა. აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო. უკრაინას რომ მინსკის შეთანხმება შეესრულებინა, ომი არ იქნებოდა და უკრაინა იმ საზღვრებშივე იქნებოდა, რომლებშიც სურს, ანუ 1991 წლის [საზღვრებში].
თუმცა, თუ ზელენსკის სურს, უკრაინამ ამჟამინდელ საზღვრებში გააგრძელოს არსებობა, მინდა, მას კი არ ვურჩიო, რადგან, ალბათ ჩემზე უკეთ იცის ვითარების შესახებ, არამედ ვუთხრა: „ფრონტზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, დაფიქრდით, თუ როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ, საჭიროა შეთანხმება. არ არის საჭირო მოლაპარაკებების პროცესის გაწელვა…
არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორ შეინარჩუნო ის, რაც გაქვს? შენ გაქვს ყველაფერი – ზღვაზე გასასვლელიც, ოდესაც შენია, მიკოლაევიც – ერთ მშვენიერ წუთას კი, შესაძლოა, შენი აღარ იყოს. ამიტომ, საჭიროა, ყველაფერი აწონ-დაწონოთ და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ“ – მიმართავს ლუკაშენკა ვოლოდიმირ ზელენსკის.
ალექსანდრ ლუკაშენკას აზრით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს ევროპას, მინსკი კი, როგორც ამბობს, მზად არის მოსკოვსა და კიევს შორის იმ მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, რომლებიც ბოლოს 2015 წელს გაიმართა, უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 7 წლით ადრე.


