მთავარიევროპაიტალიაიტალიის პარლამენტმა ფემიციდის შესახებ კანონს მხარი ერთხმად დაუჭირა

იტალიის პარლამენტმა ფემიციდის შესახებ კანონს მხარი ერთხმად დაუჭირა

იტალიის პარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში ფემიციდი ოფიციალურად შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში და ამ დანაშაულისთვის სასჯელად უვადო პატიმრობა განისაზღვრა. კანონი დაამტკიცა იტალიის  პარლამენტმა იმ დღეს, როდესაც მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

კანონი ერთხმად მიიღო იტალიის პარლამენტმა, როგორც მმართველმა მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალამ, ისე ოპოზიციამ. ინიციატივა მხარდაჭერილია პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის კონსერვატიული მთავრობის მიერ. ეს გადაწყვეტილება ბოლო წლებში ქალების მიმართ გახშირებული ძალადობისა და მკვლელობების საპასუხო ნაბიჯია.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიციირებული კანონი ფემიციდის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკა ერთიანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ცხელი ხაზი, გაორმაგდა დაფინანსება ძალადობის მსხვერპლთა ცენტრებისა და თავშესაფრებისთვის. ეს რეალური ნაბიჯებია, თუმცა აქ არ ვჩერდებით. ყოველდღე კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ თითოეული ქალის თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.

ახალი კანონი ასევე ამკაცრებს სასჯელს გენდერული ნიშნით ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის, მათ შორის დევნის, ფსიქოლოგიური ძალადობისა და შურისძიების შემთხვევებისთვის.

საზოგადოებრივი პროტესტისა და დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა 2023 წელს უნივერსიტეტის სტუდენტის, ჯულია ჩეკეტინის მკვლელობა, რომელიც იტალიაში ქალთა უსაფრთხოებაზე მსჯელობის მიზეზი გახდა.

მიუხედავად ოპოზიციის მხარდაჭერისა, მემარცხენე პარტიები აცხადებენ, რომ მთავრობის ნაბიჯები მხოლოდ სამართლებრივ მხარეს ეხება და პრობლემის უმეტესი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია.

ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს იტალიაში  ფემიციდის 106 შემთხვევა დადასტურდა, 62 შემთხვევაში მკვლელი ყოფილი პარტნიორი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend