მთავარიმსოფლიოNATOნატოს სამხედრო მანევრები რუმინეთში

ნატოს სამხედრო მანევრები რუმინეთში

რუმინეთში 2800 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე პარტნიორებთან ერთად კომპლექსურ სწავლებაში ჩაერთო.

წვრთნები, რომლებიც დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, რამდენიმე მთავარ ამოცანას გულისხმობდა. პირველ ეტაპზე შემოწმდა შეიარაღების, აღჭურვილობისა და სამხედრო ტექნიკის მონაწილე ქვეყნებიდან რუმინეთში სწრაფი გადაგზავნის შესაძლებლობები. გამოყენებული იყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი. შემდეგ დაიწყო წვრთნების აქტიური ფაზა, რომლის ფარგლებშიც  ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს ჯარისკაცებმა კომპლექსური საცეცხლე და ტაქტიკური ამოცანები შეასრულეს.

„ეს წვრთნები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ რომ  საშუალება გვეძლევა, ვივარჯიშოთ რეალური საფრთხის მსგავს პირობებში. მეორე მხრივ,  ჩვენ აქ მართლა ვათავსებთ ჯარებს. ეს კი აჩვენებს, რომ ნატოს შეუძლია, თავისი ჯარები აქ სწრაფად გადმოიყვანოს. და ბოლოს, ეს სტრატეგიული მხარდაჭერის დემონსტრირებაა, განსაკუთრებით რუმინელებისთვის, რომლებთანაც ყოველდღიურად ვმუშაობთ საფრანგეთის ეროვნული თანამშრომლობის ფარგლებში“, – ამბობს ბრიგადის გენერალი მაქსიმ დიუ ტრენი, საფრანგეთის არმიის მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადის მეთაური.

საფრანგეთის არმიის ცნობით, წვრთნებში სხვადასხვა ტიპის 400-ამდე ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა. ტაქტიკური მომზადების ფაზა მოიცავდა ხუთდღიან უწყვეტ, დინამიკურ მანევრებს ბატალიონების ბრძოლისუნარიანობის საველე პირობებში შესამოწმებლად.  წვრთნები ითვალისწინებდა შეტევით და თავდაცვით მანევრებს, საჰაერო მხარდაჭერას ვერტმფრენებითა და დრონებით, მობილურობასა და ასე შემდეგ.

საცეცხლე მომზადება კი გულისხმობდა სხვადასხვა სახეობის შეიარაღების გამოყენებასა და სროლას.  მანევრებში მონაწილეობდნენ ჯარისკაცები ბელგიიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ესპანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

„როგორც კი ეს მასშტაბური წვრთნები დასრულდება, ანუ როდესაც ყაზარმებში ჩავალთ,  პირველ რიგში, პროცედურებს განვაახლებ, გავითვალისწინებ იმ გამოცდილებას, რომელიც  გაგვიზიარეს ჩვენმა მოკავშირეებმა საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. მჯერა, რომ ეს არის მთავარი მიზანი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ შევძელით როგორც კარგის, ისე ცუდის დანახვა და, საბოლოო ჯამში, შევძელით ყველაფრის გაუმჯობესება, რასაც აქამდე მივაღწიეთ“, – თქვა რუმინეთის არმიის მე-2 მექანიზებული ქვეითი ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვალენტინ მიჰალაჩემ.

რუმინეთმა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მსგავს მასშტაბურ სამხედრო მანევრებს პირველად  უმასპინძლა. როგორც წვრთნების ხელმძღვანელობა ამბობს, დაგეგმილი სამხედრო მანევრების ყველა მიზანი შესრულებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend