მთავარიევროპაპოლონეთი„გამოვლენილია რკინიგზაზე დივერსიის მომწყობთა ვინაობა“ - ამბობენ ვარშავაში

„გამოვლენილია რკინიგზაზე დივერსიის მომწყობთა ვინაობა“ – ამბობენ ვარშავაში

16 ნოემბერს ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარ აფეთქებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დივერსიული აქტი უწოდა.

ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ საგამოძიებო სტრუქტურებმა უკვე დაადგინეს ეჭვმიტანილთა ვინაობა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა გამოსავლენად, ვისი დაკვეთითაც განხორციელდა თავდასხმა პოლონეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე:

„სპეცსამსახურების, პოლიციისა და პროკურატურის ინტენსიურმა მუშაობამ მოგვცა საშუალება, დაგვედგინა დივერსიის ჩამდენთა ვინაობა… ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ორივე ინციდენტის მიზანი იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანება. ორივე ქმედება იყო დაგეგმილი. მათ ჰყავდათ დამკვეთები, რომელთა მიზანი იყო სარკინიგზო კატასტროფის გამოწვევა.

70 საათზე მეტია გასული. დადგენილია ორივე პირის ვინაობა – ორივე უკრაინის მოქალაქეა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობენ რუსულ სპეცსამსახურებთან. ეს არის ჩვენი საგამოძიებო სტრუქტურების დასკვნა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ გავასაჯაროებ ამ ორი მოქალაქის სახელებსა და გვარებს. ახლაც კი, როდესაც ამ სიტყვებს გეუბნებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამიტომ მათი ვინაობის გასაჯაროება გაართულებს ოპერაციას.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი არის ბელარუსის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინის მოქალაქე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დივერსიის მოწყობისთვის ლვივის სასამართლომ გაამტყუნა. კიდევ ერთი პირი არის დონბასის მცხოვრები, რომელმაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უშუალოდ თავდასხმებამდე, მეორე ეჭვმიტანილთან ერთად გადმოკვეთა პოლონეთის საზღვარი. დივერსიების მოწყობის შემდეგ მათ დატოვეს პოლონეთი ტერესპოლის სასაზღვრო ზონის მეშვეობით. ეს თავდასხმებიდან მალევე მოხდა, ამიტომ სპეცსამსახურებმა ვერც კი მოასწრეს მათი ამოცნობა…

ამჟამად ტარდება სამუშაოები ეჭვმიტანილთა დამხმარეების გამოსავლენად… შესაძლოა, ეს ინციდენტები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე სერიოზული იყოს, რომლებიც პოლონეთის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება…“

16 ნოემბერს სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ლიანდაგები და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend