საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, მათ შორის ორი დებიუტანტია – იური ტაბატაძე და სანდრო ნარიმანიძე.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ მატჩში ქართველი ფეხბურთელები 15 ნოემბერს თბილისში ესპანეთს უმასპინძლებენ, 18-ში კი, სოფიაში ბულგარეთს ეთამაშებიან.
7 ნოემბერს ფრანგმა სპეციალისტმა ალექსანდრე იაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ვილი სანიოლი ნოემბრის მატჩების შემდგომაც დარჩება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
„ხელშეკრულებაზე უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობები. მთავარი მწვრთნელი გუნდში დიდი ხანია მუშაობს. გვქონდა წარმატებები, მაგრამ ფეხბურთის ნაწილია რთული პერიოდიც და დარწმუნებულები ვართ, რომ ვილი ჩვენი ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს. ის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მომავალშიც იქნება“, – განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.
„ზოგჯერ რთული მომენტები გვეხმარება და დადებითად აისახება ჩვენზე, უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებთ და შეცდომებს ვხედავთ. ამ ეტაპზე შენების პროცესში ვართ, უფრო მომავალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, რადგან კარგი მომავლის აშენება ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც გუნდში მოვედი, 3-მცველიან სქემაზე მუშაობა დავიწყე, მჯეროდა, რომ ეს იმუშავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებთან პირველი მატჩი 0:3 წავაგეთ. სწორედ ესაა ფეხბურთის პრობლემა, რომ დროა საჭირო. მაგალითად, შემიძლია მოგიყვანოთ ლუის ენრიკე, რომელსაც პსჟ-ში შესანიშნავი შედეგები აქვს, მაგრამ პირველ სეზონში ხალხი გუნდიდან მის წასვლასაც ითხოვდა. გუნდის შენება დროს მოითხოვს.
ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს არ არის პრობლემა. მე აგრესიის, კონცენტრაციის, დისციპლინისა და სხვა ფაქტორების პრობლემას ვხედავ. უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, თუ გვინდა, რომ წარმატებას კიდევ მივაღწიოთ. თურქეთთან ორივე მატჩში სტანდარტულ სიტუაციებზე კატასტროფა იყო. თუმცა, რეალურად არაფერი შეგვიცვლია, დაცვაში იმავე ტაქტიკით ვთამაშობთ სტანდარტებზე, როგორც 4-5 წლის წინ და მაშინ თუ მუშაობდა და ახლა არ მუშაობს, ამიტომ ვამბობ, რომ პრობლემა დამოკიდებულებაშია. როდესაც ისეთ მაღალ ფეხბურთელებს კარგავ, როგორებიც გველესიანი და კვირკველია არიან, შეიძლება გამოჩნდეს რაღაც პრობლემები, მაგრამ ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, გამოსავალს მივაგნებთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

