მთავარიგადაცემებიThe Road To Greenევროპის მწვანე ქალაქები

ევროპის მწვანე ქალაქები

რამდენად მწვანეა თქვენი ქალაქი? „ევრონიუსი“ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონსა და ფინეთის ქალაქ ლაჰტის ესტუმრა, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ მოაგვარეს ამ ქალაქებში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რამდენიმე ურბანული პრობლემა.

ევროპელების ორი-მესამედი ქალაქში ცხოვრობს, ამიტომ თუ რა მდგომარეოაში იქნება პარკები, ქუჩები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები – პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ურბანული განვითარებისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის შეთავსებას? მოდი ვნახოთ! ჩვენი მოგზაურობა პორტუგალიის დედაქალაქის მზის ქვეშ იწყება. კლიმატის ცვლილების მიუხედავად, ეს შვიდ ბორცვზე გაშენებული ქალაქი  მოწოდების სიმაღლეზე დგას.

ლისაბონში, სითბური ტალღა და კოკისპირული წვიმა სულ უფრო მოხშირდა. ეს ქალაქი კლიმატთან შეგუების კუთხით ნამდვილ ლაბორატორიად იქცა. ჩვენ გავეცნობით ამ ქალაქის რამდენიმე ტექნიკურ მიღწევას და ლანდშაფტურ გადაწყვეტილებას. აბა, წავედით! ხეები წამყვან როლს ასრულებენ ლისაბონელების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ნაკლებია ხმაური, ჰაერიც იმდენად არაა დაბინძურებული და უფრო სასიამოვნოა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ე.წ. ურბანული სითბური კუნძულების წინააღმდეგ.

ლისაბონი ჩართულია ევროპულ პროექტში LIFELUNGS. ამ ქალაქის ქუჩებსა და ბაღებში 240 ათასი ხის დარგვა იგეგმება.

„ამით მხოლოდ ქალაქს კი არ ვაგრილებთ, არამედ ნახშირბადის მოცულობასაც ვამცირებთ, ვაუმჯობესებთ ბიომრავალფეროვნებას, ჰაერის ხარისხს, გარემო მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი ხდება და ხალხი მეტად გამოდის ქუჩაში“, – განმარტავს მარია ჟუან ტელიადუ, ლისაბონის ქალაქის საბჭოს გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების  დეპარტამენტის წარმოამდგენელი

ქალაქს გამწვანება სხვა საფრთხისგანაც – წყალდიდობისგან იცავს. ქალაქის მესვეურნი ცდილობენ, რომ გაზარდონ ნიადაგის გამტარობა და აღადგინონ წყალსატევები.

„ჩვენ  ლურჯი, მწვანე და ნაცრისფერი ინსტრუმენტების შესანიშნავი კომბინაცია შევქმენით. ეს არის ე.წ. ღრუბლისებრი ქალაქის კონცეფცია, რომლის მთავარი აზრიც ისაა, რომ თავიდან ავიცილოთ ნიადაგის გაუმტარობა და, ამავდროულად, დავაბრუნოთ წყალი თავის ძველ ადგილას“, – ამბობს მარია.

ღრუბლისებრი ქალაქის ასეთი მოდელი, რომელსაც შეუძლია წვიმის წყლის შთანთქმა, დააგროვება და ხელახლა გამოიყენება, ევროკომისიის წყლის მართვის სტრატეგიის ნაწილია. ამის კარგი ილუსტრაცია გახლავთ ის სადრენაჟე გეგმა, რომელსაც ლისაბონის მერი კარლუშ მუედაში მართავს. ამ გეგმის ხერხემალი წყალდიდობის შემაკავებელი გვირაბია, რომელმაც ყველაზე წყალუხვი წვიმის გაწოვა უნდა შეძლოს. ამ ინფრასტრუქტურას შეუძლია წვიმის დროს წყალი მდინარე ტახოს შენაკადში ჩაუშვას.

„ეს ევროპაში ყველაზე  ფართო გვირაბია, რომლის მსგავსიც არ არსებობს. საუბარია გვირაბზე, რომლის დიამეტრიც 5.5 მეტრია,“ – ამბობს კარლუშ მუედაში. „ამ გვირაბში შესაძლებელია წყლის დაგროვებაც, რომელსაც შემდეგ ქუჩების გასარეცხად და ბაღების მოსარწყავად გამოვიყენებთ. როდესაც ხალხს ვუხსნი, რომ ამ გზით ჩვენ ვზოგავთ 4 მილიონ ევროს წყლის გადასახადზე და რომ ეს წყალი  ლისაბონამდე 100 კილომეტრს გადის, იაზრებს, რამდენი ელექტროენერგია დასჭირდებოდა ამას და ამიტომ ამბობს,  მერი რაღაც კარგს აკეთებსო.“

ლისაბონის მერის აზრით, გვირაბზე გაწეული ხარჯი გამართლებულია.

„მართალია, ეს გვირაბი 150 მილიონი ევრო დაჯდა, რაც ძალიან ბევრია, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კლიმატის ცვლილებასთან ადაპატაცია აუცილებელია“, – განმარტავს კარლუშ მუედაში. „ყოველ წელს წყალდიდობის დროს ძალიან დიდია ზარალი, რადგან ხალხი კარგავს სახლებს, ბიზნესებს და ქალაქს დაცვა სჭირდება. ამიტომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, გარკვეულწილად, ჩემი კარტეზიული მეთოდით არის შექმნილი, რადგან ინჟინერი ვარ და ვიცი ეს საქმე“.

2020 წელს ლისაბონი „ევროპის მწვანე დედაქალაქად“ დაასახელეს – ეს არის ჯილდო, რომელსაც ევროკომისია გარემოს დაცვის სფეროში დაწინაურებულ ქალაქებს გადასცემს.

ამ ნომინაციაში 2021 წლის გამარჯვებული რომ გვენახა, ფინეთში ჩავედით. ქალაქ ლაჰტიში, რომლის მოსახლეობაც 120 ათასია, ევროპაში ყველაზე სუფა ჰაერი და წყალია. ეს ქალაქი, რომელიც  მიზნად ბუნების სიყვარულის დანერგვას ისახავს, ბიომრავალფეროვნების აღდგენის მხრივ ლიდერია. აინო კულონენმა, ქალაქ ლაჰტის კლიმატის საკითხების მართვის მენეჯერმა, გვაჩვენა ტბა, რომელიც ოდესღაც ძალიან დაბინძურებული იყო ნარჩენებით.

„არ დაიჯერებთ, რომ ოდესღაც ეს ყველაზე დაბინძურებული ტბა იყო ფინეთში. 60-იან წლებში ყველა საყოფაცხოვრებო თუ ინდუსტრიული ნარჩენი აქ იყრებოდა. დღეისთვის ის გასუფთავებულია. შეგიძლია, იცურო, ითევზაო და სანაპიროთი დატკბე. ეს ქალაქის ერთგვარი მისაღები ოთახია,“ – ამბობს აინო.

აინო კლიმატის საკითხებს მართავს ამ ქალაქში, რომელიც მიზნად ისახავს, რომ 2028 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდეს. საბედნიეროდ, კერძო სექტორიც ჩართულია საქმეში. ლაჰტი არის ქალაქი, სადაც მსოფლიოში პირველი ნახშირბადნეიტრალური  ჰოკეის კლუბია –  Pelicans-ი. 2017-2021 წლებში ლაჰტის  Pelicans-მა საკუთარი გამონაბოლქვი 70%-ით შეამცირა. დარჩენილი პროცენტი კი კომპენსირებულია. კლუბი უფრო მდგრად ტრანსპორტზე გადავიდა და ქვანახშირი განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლა.

ეს ინდუსტრიული ქალაქი ცირკულარული ეკონომიკის წინა ხაზზეც დგას. გამაგრილებელი სასმელების  მთავარი კომპანია Hartwall-ი თავისი წარმოების ნარჩენებს ელექტროენერგიის მისაღებად იყენებს ბიოგაზის საწარმოს საშუალებით.

მიკა მაკელა, კომპანია Hartwall-ის მენეჯერი:

„ ბიოგაზის საწარმოო პროცესიდან მორჩენილ ქერის ჩენჩოს სასუქად იყენებენ ქერის მინდვრებში. და როცა იმ ყანაში  ახალი მოსავლი მოვა, იმას ისევ ჩვენს საწარმოო პროცესის მასალად გამოვიყენებთ. ასე იკვრება წრე“.

ამ საწარმომ გამონაბოლქვის შემცირების დასახულ მიზანსაც მიაღწია.

„გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი ადგილობრივი ცირკულარული პროცესი იქნებოდა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნამდვილად ამოიღებს ხარჯს. და თუ გადახედავ წიაღისეულის დღევანდელ ფასებს, ეს გაცილებით უკეთესია“, – განმარტავს კომპანია Hartwall-ის მენეჯერი.

ლაჰტის შემდეგი მიზანი ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებაა, რომელიც ისევ მაღალია. მანამდე ქალაქის მერი გამწვანებას უწყობს ხელს, რათა ახალი ინვესტიციები მოიზიდოს.

ნიკო კინარაინენი, ლაჰტის მერი:

„ქალაქში ნებისმიერი კომპანია უწყობს ხელს ქალაქის გამწვანებას და ეს ძალიან მეამაყება. ახლა 400 მილიონი ევროს ღირებულების შოკოლადის ქარხანას ვაშენებთ, რომელიც ნახშირბადნეიტრალური იქნება.  რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია“.

სანამ ევროკავშირის მწვანე დედაქალაქის ტიტულის კიდევ ერთ მფლობელს მივესალმებით, გადავწყვიტეთ, ადგილობრივებისთვის მიგვებაძა და ტბას მივაშურეთ.

ავტორი: სირილ ფურნერისი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend