ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციები გრძელდება ეკვადორში. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში საწვავის ფასი საგრძნობლად გაიზარდა.
ეკვადორის დედაქალაქ კიტოში საპროტესტო აქციებზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ქვეყნის ჩრდილოეთში, აბორიგენი მოსახლეობის ლიდერები მთავრობას მოუწოდებენ აქციის ორი მონაწილის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები დასაჯონ, დაშავებულებს დაეხმარონ, პროტესტის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული სამართლებრივი საქმეები შეწყვიტონ და პროვინციაში ბოლო დღეებში ჩასული პოლიციელები და სამხედროები გაიყვანონ.
საპროტესტო აქციები გამართეს სხვადასხვა პროფკავშირის წარმომადგენლებმაც.
„ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა გვინდა. ეს პრეზიდენტ ნობოაზეა დამოკიდებული. თუ ის მოთხოვნებს არ შეასრულებს… ხალხი უკვე გაბრაზებულია და ჩვენ მობილიზაციას გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ის თავის პოლიტიკას არ შეცვლის”, – ამბობს აქციის მონაწილე და პროფკავშირის ლიდერი, ვილსონ ალვარეზი.
პროფკავშირების წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, მათ შორის დიზელზე სუბსიდიების გაუქმებას აპროტესტებენ.