15 ოქტომბერს ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდაა. ზამთრის დადგომამდე კრემლმა უკრაინაზე თავდასხმის მასშტაბი გაზარდა და მის სამიზნედ კრიტიკული ინფრასტრუქტურა იქცა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიჰალის თქმით, სექტემბრის თვეში რუსეთმა 5600-ზე მეტი დრონი გამოიყენა.
„რუსეთის საჰაერო ტერორი გრძელდება. სწორედ ამიტომ ამ ზამთარში სასწრაფოდ გვჭირდება დამატებითი გამანადგურებლები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ჰაერიდან გაშვებული მართვადი რაკეტები. მხოლოდ სექტემბერში რუსეთმა 5600-ზე მეტი დრონი და 180-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნეც ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ამრიგად, ზამთრის დადგომამდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თავდასხმის მოსაგერიებლად საჭირო აღჭურვილობა მოგვაწოდოთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიჰალმა.
პარალელურად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოკავშირეების მხრიდან კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება მკვეთრად შემცირდა, რამაც NATO-ს შესაძლებლობების შესახებ კითხვის ნიშნები გააჩინა. ამასთან დაკავშირებით მედიასთან NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ისაუბრა და განაცხადა, რომ NATO-ს შესაძლებლობები უსაზღვროა და ის რუსეთზე ბევრად ძლიერია.
„ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ახალი პროგრამაა, რომელიც აგვისტოში დავიწყეთ. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები კვლავ უზრუნველყოფს უკრაინას აუცილებელი ლეტალური და არალეტალური სამხედრო მხარდაჭერით, რომელსაც მოკავშირეები დააფინანსებენ. უკვე ორი მილიარდი დოლარია გამოყოფილი. ყველა საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ დღეს ბევრი სხვა ქვეყანაც შემოუერთდება მხარდაჭერის ამ პროგრამას. ესაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და განსაკუთრებით, გამანადგურებლები, რომლებიც უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის რუსეთის უწყვეტი თავდასხმისგან დასაცავად აუცილებელია.
რუსები ფიქრობდნენ, რომ ამ ომს დაწყებიდან სამ კვირაში მოიგებდნენ, ახლა კი მეოთხე წელი სრულდება და მათ მილიონი ჯარისკაცი დაკარგეს. წელს მათ უკრაინის ტერიტორიის ძალიან მცირე ნაწილზე მიაღწიეს წარმატებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ მილიონი ადამიანი დაკარგეს. უკრაინის მხარდაჭერა კი გრძელდება“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
„ბევრი კითხვა გაჩნდა იმის შესახებ, შეუძლია თუ არა NATO-ს თავის საჰაერო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე მოქმედება და ჩვენ ეს შეგვიძლია. გარწმუნებთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია. პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთი, არა NATO-ს შიგნით, არამედ საჯარო დებატის დროს, ამბობს, რომ თუ რუსული თვითმფრინავი, განზრახ თუ უნებლიედ, NATO-ს საჰაერო სივრცეში შევა, ის მაინც უნდა ჩამოვაგდოთ. მე ამას არ ვეთანხმები. აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, წარმოადგენს ეს თვითმფრინავი საფრთხეს თუ არა. თუ ის საფრთხისშემცველია, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. NATO რუსეთზე ბევრად ძლიერია, ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა და როდესაც რუსული თვითმფრინავი ჩვენს საჰაერო სივრცეს დაარღვევს, ფრთხილად უნდა დავატოვებინოთ და რუსეთს ავუხსნათ, რომ ეს აღარ გააკეთოს“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
თავდაცვის მინისტრების სხდომას, ასევე ესწრებოდა აშშ-ის ომის დეპარტამენტის მდივანი პიტ ჰეგსეთიც, რომელმაც დაადასტურა, რომ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება ერთმანეთზე გადაჯაჭვულია.
„მოკავშირეები ხშირად ამბობენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება და ევროპის უსაფრთხოება ერთმანეთის სინონიმებია. ამრიგად, ახლა დროა, რომ NATO-ს ყველა წევრმა ქვეყანამ სიტყვები საქმედ აქციოს ინვესტიციების სახით. ყველა ქვეყანამ, რომელიც ამ მაგიდასთან შეიკრიბა, სიტყვები საქმით დაამტკიცა. ნამდვილად ვაფასებ გენერალური მდივნის, რუტეს ლიდერობას ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში და ყველა იმ ერს, რომელთა მხარდაჭერაც დღეს დავინახეთ. კიდევ ბევრ ვალდებულებას ავიღებთ, რაც მსოფლიოსთვის გზავნილი იქნება. ყველა ქვეყანამ მიზნები იარაღად უნდა აქციოს, ვალდებულებები შესაძლებლობებად და დაპირებები ძალად. მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი – ძალა. ეს ერთადერთია, რისი პატივისცემაც აქვთ. ევროპის მიერ უწყვეტი ინვესტიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისა და ამ კონფლიქტის დასრულებისთვის. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, – განაცხადა აშშ-ის ომის დეპარტამენტის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა.
ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, ლიეტუვამ და შვედეთმა, უკრაინისთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოყვეს.
მარკ რუტემ მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, უკრაინისთვის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ იმსჯელონ.