მთავარიმსოფლიოNATOბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის საკითხზე მსჯელობენ.

მინისტრები განიხილავენ ალიანსის ავიაციასა და სხვა ტექნიკის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის ინიციატივასაც, რათა NATO-მ უფრო ეფექტიანად შეძლოს საზღვრების დაცვა. შეხვედრის დაწყებამდე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა. „NATO ახლა გაცილებით ძლიერი და მრისხანეა“, – განაცხადა მარკ რუტემ და თქვა ისიც, რომ ამაში განსაკუთრებული წვლილი დონალდ ტრამპსა და მის გუნდს მიუძღვის. ბრიფინგზე „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ ინიციატივაზე ისაუბრეს და გამოთქვეს იმედი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამ პროგრამაში ჩართვის სურვილს ბევრი ქვეყანა გამოთქვამს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეხვედრა, ბრიუსელი, ბელგია, 15 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright NATO

„ჩვენ, კოლექტიურად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა ძლიერი დარჩეს. მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს, პირადად თქვენ და მთელ თქვენს გუნდს იმისთვის, რომ NATO ახლა გაცილებით ძლიერი და მრისხანეა. მაგრამ ამასთან, ალიანსი უფრო სამართლიანიც გახდა. პრეზიდენტ ეიზენჰაუერის დროიდან მუდმივად არსებობდა ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი – კი, NATO არსებობდა და ამერიკის შეერთებული შტატები მისი ერთგული იყო, თუმცა არსებობდა ძლიერი მოლოდინიც, რომ ევროკავშირსა და კანადასაც უნდა გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

თქვენი ლიდერობის დამსახურებით ჰააგაში სწორედ ეს ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, თქვენ და რა თქმა უნდა, მთელ ამერიკულ ხელმძღვანელობას, რადგან თქვენ კიდევ ერთხელ გადაწყვიტეთ, უზრუნველყოთ, რომ უკრაინამ საჭირო რესურსები მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოკავშირეების დაფინანსებით. ეს პროგრამა მუშაობს და ამ დროისთვის 2 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. დღეს კი ველოდებით ბევრ ახალ განცხადებას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვებიან. მთლიანობაში, დიდი პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა მარკ რუტემ.

„პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა – დროა, ჩვენმა მოკავშირეებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. და მათ ეს გააკეთეს. მათ ამ ვალდებულებების შესრულება დაიწყეს. ეს მალე შესაძლებლობებად გადაიქცევა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პროცესის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია“ – ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ქვეყნები ამერიკულ იარაღს ყიდულობენ და გადასცემენ NATO-ს უკრაინისთვის ბრძოლაში გამოსაყენებლად – ალიანსის მიერ ამ კონფლიქტში მშვიდობის დასამყარებლად.

თუ რამე ვისწავლეთ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ეს არის მშვიდობის აქტიური უზრუნველყოფა ძალის გამოყენებით. მშვიდობას მაშინ იღებ, როცა ძლიერი ხარ და არა მაშინ, როცა ლაპარაკობ ან თითს უქნევ ვინმეს. მშვიდობა მოდის მაშინ, როცა გაქვს ძალა და რეალური შესაძლებლობები, რომლებსაც მოწინააღმდეგეები პატივს სცემენ. მჯერა, რომ სწორედ ამას აკეთებს NATO. მჯერა, რომ სწორედ ეს არის „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ ინიციატივაც. ჩვენი მოლოდინია, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა გაიღებს ფინანსებს იმისთვის, რომ უკრაინას მიეწოდოს საჭირო დახმარება და ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend