ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში წესრიგის აღდგენის ძალისხმევისთვის შეაქო.
ლუკაშენკა აცხადებს, რომ ბელარუსი მზადაა, აშშ-სთან გარიგება დადოს. თუმცა ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მათი ინტერესები იქნება გათვალისწინებული და ყველაფერი სამართლიანად აღსრულდება.
ბელარუსის პრეზიდენტმა ტრამპს უთხრა, არ ენერვიულა იმის გამო, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არ მიანიჭეს.
„მე სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში წესრიგის აღდგენას. ეს მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯებია, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც მოიცავს ღაზის სექტორსაც. საბოლოოდ იქ მცხოვრები ხალხი შეძლებს ნორმალურად ცხოვრებას.
ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან გარიგების დასადებად. სასწორის ერთ მხარეს მათი კითხვები და მოთხოვნებია, მეორე მხარეს კი ჩვენი ინტერესები. უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები? მოდი, გადავჭრათ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ მხრივ დონალდ ტრამპის წინადადებას გონივრულად მივიჩნევ. თუმცა ჩვენი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული და ყველაფერი სამართლიანად უნდა მოხდეს. ეს საკითხი ოდესღაც უკვე შევათანხმეთ ამერიკელებთან“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ.


