ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სუპერლიგის გასული სეზონის ფინალისტები, „ქუთაისი 2010“ და „თსუ“ შეხვდნენ.
დრამატულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად სამი ოვერტაიმი გახდა საჭირო. საბოლოოდ, მატჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა, ანგარიშით 113:104 მოიგეს.
„თსუ“ პირველ ოვერტაიმში ალექსანდრე ფევაძემ იხსნა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
მეორე ოვერტაიმში გამარჯვების შანსი „თსუს“ ჰქონდა, თუმცა ჯავიონ ოგუნიემმა ზუსტი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და თამაში მესამე ოვერტაიმში გადაიყვანა. ოგუნიემის ანგარიშზე 16 ქულა და 15 მოხსნაა.
„ქუთაისიდან“ 20 ქულა დეტრეკ ბრაუნინგმა, 23 კი ტაირი ბოიკინმა ჩააგდო, გუნდის ლიდერი კი იყო გიორგი სულაბერიძე, რომელიც გუნდს 27 ქულით და 10 მოხსნით დაეხმარა.
გადამწყვეტ ოვერტაიმში „თსუ-ის“ ლიდერობა საკუთარ თავზე კურვაზიე მაკკოლიმ აიღო, მან საბოლოოდ 25 ქულა მოაგროვა. გიორგი ცინცაძემ 13 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, მიხეილ ბერიშვილმა და გიორგი ტურძილაძემ 14-14 ქულა ჩააგდეს. გუნდს გამარჯვებაში 19 ქულით მალკომ დრამრაითიც დაეხმარა.
„თსუ“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული მესამედ გახდა.