თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. სხდომაზე პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ თუ ბრალდებულებს პატიმრობა არ შეეფარდებოდათ, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. „მათ ბრალი ედებათ მძიმე დანაშაულში, რაც უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას“ , – განაცხადა პროკურორმა და თქვა ისიც, რომ თუ დაკავებულები პატიმრობაში არ იქნებიან, მათ შესაძლოა „იმ გეგმის განხორციელება გააგრძელონ, რომელიც ჰქონდათ“.
„სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა არსებობს. გარდა საჯარო განცხადებებისა და იმ ვებგვერდების დათვალიერების ოქმებისა, რითაც თვალნათლივ დასტურდება ამ პირთა მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, საქმეში მოიპოვება იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს და დაზარალდნენ ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებებით. არსებობს სხვადასხვა სახის დათვალიერების ოქმი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებულებები, ექსპერტების დასკვნები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა. ამდენად, ამ სისხლის სამართლის საქმეში გარდა იმ საჯარო განცხადებებისა, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა და ეს გახლავთ არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ხუთივე ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს“, – განაცხადა საქმის კიდევ ერთმა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა მედიასთან.
ადვოკატები კი აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის აქციის მიზანი „სახელმწიფოს კონსტიტუციის ფარგლებში დაბრუნება“ იყო და ეს სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური დევნაა. მათივე თქმით, იმ მტკიცებულებებით, რომლებიც პროკურატურას საქმეში აქვს წარმოდგენილი, დაკავებულთა ბრალეულობა არ დასტურდება.
„იმ მიზნისთვის ბრძოლა, რომ უზურპატორები ხელისუფლებას ჩამოსცილდნენ და საქართველო დაუბრუნდეს განვითარების ისტორიულ და ლოგიკურ გზას, აუცილებლად გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი პოლიტპატიმარი იქნება ციხეში“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა.
დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ მოსამართლე ლელა მარიდაშვილი, რომელიც დღევანდელ პროცესს უძღვებოდა 2017-2023 წლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ლელა მარიდაშვილმა სხდომაზე თავადაც დაადასტურა, რომ წარსულში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდა. სწორედ ამის საფუძველზე ბრალდებულთა ადვოკატებმა მიიჩნიეს, რომ მოსამართლე პოლიტიკურად მიკერძოებულია და მისი საქმიდან აცილება მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
„ვფიქრობ, დღევანდელი პროცესის მიმართ პოზიტიური მოლოდინი ობიექტური გადაწყვეტილებისა არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა, თუმცა სამაგიეროდ, გამოვლინდა, რომ მოსამართლე, რომელმაც გადაწყვიტა პოლიტიკური პატიმრების ბედი, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში. ის იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და მას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წინასწარი განწყობები არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების ჯგუფურ მცდელობაში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებაში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ პაატა მანჯგალაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. რაც შეეხება პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს – მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას ედავებიან. ხუთივე მათგანს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა მოსამართლემ 26 ნოემბერს ჩანიშნა.