მთავარიგადაცემებიEuropean Storiesელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება ევროპაში

ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება ევროპაში

ელექტროენერგიის საყოველთაო გათიშვა აღარ განმეორდება: ევროპის ელექტროგადამცემი ხაზების ქსელის სტაბილურობას მეგაბატარეა უზრუნველყოფს

ევროკავშირი სპეციალური ზომების პაკეტს ამზადებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს  ელექტროგადამცემი ხაზების ქსელის გაფართოებას. ამ პაკეტის მიზანია, დააჩქაროს ავტორიზაციისა და ე.წ. ჭკვიანი ელექტროხაზების დანერგვის პროცესი, რათა ქსელში დენის მიწოდების წყვეტის შემთხვევა სწრაფად მოაგვარონ.

ევროპას ელექტროგადამცემი ხაზების უფრო გამძლე ქსელი, დენის დამგროვებელი მეტი ინფრასტრუქტურა და დასამუხტი სადგური სჭირდება. ამიტომ ევროკომისიამ უფრო სერიოზულად მოჰკიდა ხელი გადაცემის ქსელის გაფართოებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმას. და დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც მზე კარგად ანათებს და ქარის სიჩქარეც მაღალია, განახლებადი ელექტროენერგია დიდი რაოდენობით მიედინება გადაცემის ქსელში. ქსელმა სტაბილურად რომ იმუშაოს, მზისა და ქარის ელექტროსადგურებიდან დენის მიწოდებას ამცირებენ ამ ქსელში. ეს კი ნიშნავს, რომ უამრავი ძვირფასი ენერგია გამოუყენებელი რჩება. შემცირებული ელექტროენერგია კი მილიარდობით ევროს ზარალს უდრის. მეორე მხრივ, უმზეობა და ქარის ჩადგომაც პრობლემას ქმნის: ამ დროს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდების დეფიციტია. როცა ქარისა და მზის ელსადგურებში გენერაცია იკლებს, ქსელის  სტაბილური მომარაგების მიზნით, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურების გენერაციაზე მოთხოვნა იზრდება. თუმცა ბუნებრივი აირი და ქვანახშირი საფრთხეს უქმნის გლობალურ კლიმატს. კლიმატური პრობლემები რომ თავიდან აირიდოს, ევროკავშირს სურს ელექტროენერგიის შემნახველი ინფრასტრუქტურა  გააფართოოს. ტუმბოს საშუალებით შენახულ ენერგიაზე დამოკიდებული ელექტროსადგურები ჭარბ ელექტროენერგიას –  ქარის იქნება თუ მზის  – ჰიდროელექტროენერგიად გარდაქმნიან, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეიძლება. გარდა ამისა, ბატარეების სულ უფრო მეტ სისტემას ამონტაჟებენ, რადგან ბატარეის ელემენტების ფასი სულ უფრო მცირდება. მაგალითად, გერმანიაში კერძო სახლებში უკვე არსებობს სახურავიდან მიღებული მზის ენერგიის დაგროვების სისტემა. მრეწველობაც და ბიზნესიც სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ ელექტროენერგიის დაგროვების ტექნოლოგიებში. და ბოლოს, დიდი ზომის ბატარეებისგან შემდგარი დაგროვებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უფრო ფართო მასშტაბს იძენს. ათწლეულის ბოლოსთვის ევროკავშირში ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლოა 60%-ზე მეტით გაიზარდოს.  2040 წლამდე თითქმის 500 მილიარდი ევროს ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში, ხოლო 700 მილიარდზე მეტი – გამანაწილებელ ქსელში.

ევროკომისია თავისი „ევროპული ქსელების პაკეტის“ წარდგენას მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. ამ პაკეტის მიზანია, დაჩქარდეს ნებართვების გაცემა და შეიქმნას ე.წ. „ჭკვიანი ქსელი“, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტას სწრაფად და მოქნილად მოაგვარებს. ევროკავშირი ამზადებს „ევროპული ქსელების პაკეტს.“ თავის კლიმატის მიზნებს რომ მიაღწიოს, ევროპას ელექტროგადამცემი ხაზების უკეთესი ქსელი და ელექტროენერგიის დაგროვების უკეთესი ინფრასტრუქტურა სჭირდება.

ბოლინგშტედტი ის ადგილია, სადაც გერმანიაში ყველაზე დიდი ბატარეების დაგროვებითი ინფრასტრუქტურა მდებარეობს. 64 კონტეინერი, რომლებშიც ბატარეების ტექნოლოგიებია დამონტაჟებული, უზრუნველყოფს მაღალ ძაბვაზე მოთხოვნას, მიწოდების მოქნილობასა და სისწრაფეს.  აღარ არის აუცილებელი ქვანახშირზე მომუშავე სარეზერვო ელექტროსადგური.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა გვაჩვენებს, რომ გზამკვლევები ვართ,“ – ამბობს კარინა ფონ შლაინიცი,Large Battery Storages-ის პროექტის ხელმძღვანელი. „ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ძველ მოცემულობაში ვცხოვრობთ, რომელშიც 15 წუთი სჭირდება ქსელის სტაბილიზაციას. უნდა ვეცადოთ, ეს დრო წამებზე დავიყვანოთ, რადგან  განახლებადი ენერგიის არამდგრადი წყაროები, როგორც სახელიც მიუთითებს, არამდგრად ენერგიას იძლევა“.

სწორედ ამიტომ ელექტროხაზების ქსელებს აციფრულებენ.  ერთი სოფლის შემდეგ მონტაჟდება  კიდევ ერთი ბატარეა, რომლის სიმძლავრეც 238 მეგავატ/საათი იქნება.

„რასაც ახლა  აქ ვაშენებთ, ეს პრინციპში ელექტროენერგიის დიდი რეზერვუარი იქნება, რომელიც თითქმის 250 ათასი ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგებას შეძლებს 2 საათით“,- განმარტავს კარინა.

ჩრდილოეთი გერმანია ძალიან დიდი რაოდენობით აწარმოებს ქარის ელექტროენერგიას. თუმცა მისი ყველაზე მეტი მომხმარებელი სამხრეთშია. ამიტომაც გერმანიას ესაჭიროება ე.წ. „ელექტროენერგიის მაგისტრალი“ და  მისი დამგროვებელი ინფრასტრუქტურა.

„ჩვენ ახლა ტრანსფორმაციის იმ ეტაპზე ვართ, რომელიც ინდუსტრიულ საზოგადოებას არასდროს გაუვლია,“ – ამბობს გეორგ გალმეცერი, ECO STOR-ის მმართველი დირექტორი. „ამ დროს ხელს გვიშლის რეგულაციები, რომლებიც უნდა გააუქმონ. ამას მაღალ დონეზე დიალოგის გამართვა სჭირდება!“

ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლება დილემის წინაშე დგას: უმჯობესია, განავითაროს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის დაგროვების ინფრასტურქტურა განახლებად ენერგიაზე გადასვლის მიზნით, თუ  ახალი –  ბუნებრივ აირზე დამოკიდებული – თბოსადგურები ააშენოს? ამის შესახებ ვესაუბრეთ ტობიას გოლდშმიდტს,  ჩრდილოეთ გერმანიის რეგიონის შლეზვიგ-ჰოლშტაინის ენერგეტიკული გარდაქმნის  მინისტრსა და მწვანეთა პარტიის წევრს.

ევრონიუსი: „რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული გარდაქმნისთვის გადამცემი ხაზების ქსელის გაფართოება და ელექტროენერგიის დაგროვების ინფრასტრუქტურის გაფართოება?

ტობიას გოლდშმიდტი: „ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას ვიღებთ ოფშორული ქარის ტურბინებიდან, რომლებიც შუა ზღვაშია ჩადგმული და ჩვენთან არის  დაკავშირებული. იქ გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო შორს უნდა გადაიცეს, ამას კი ახალი ქსელები სჭირდება. ჩვენს შლეზვიგ-ჰოლშტაინის რეგიონში ძალიან სწრაფად გაგვყავს ახალი გადამცემი ხაზები. და ახლა უკვე მასშტაბურად ფართოვდება ბატარეების დაგროვებითი ინფრასტრუქტურა, რათა გადამცემი ქსელები უფრო ეფექტიანად გამოიყენონ“.

ევრონიუსი: „თბოსადგურებს ყველგან აშენებენ, ბუნებრივი აირი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოგვაქვს: ეს ხომ არ ნიშნავს ენერგეტიკის გარდაქმნის დასასრულს?“

ტობიას გოლდშმიდტი: „არა! ჩვენ ენერგეტიკული გარდაქმნის შუა ეტაპზე ვართ, განსაკუთრებით აქ, ჩრდილოეთ გერმანიაში. ჩვენ რეკორდული სისწრაფით ვამონტაჟებთ ქარის ახალ  ტურბინებს, ფოტოვოლტურ სისტემებსა და ბატარეების დაგროვებით ინფრასტრუქტურას. ბუნებრივი აირის იმედად დარჩენა ნამდვილად არ არის სწორი გზა და თბოსადგურებში ჩადებული ყოველი ინვესტიცია მხოლოდ გააძვირებს ელექტროენერგიასა  და ზოგადად ენერგიას მომავალში. განახლებად ენერგიებში ინვესტირებით ვთავისუფლდებით ბუნებრივი აირის მომწოდებლებზე დამოკიდებულებისაგან და საბოლოო ჯამში ამ ინვესტიციის წყალობით ენერგომომარაგება ევროპაში ხელმისაწვდომი გახდება“.

ევრონიუსი: „ევროკომისიის პრეზიდენტი დაჰპირდა ამერიკის პრეზიდენტს, რომ ძალიან დიდი რაოდენობის გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტს შემოიტანს: როგორ უყურებთ ამ საკითხს, კრიტიკულად თუ მოწონებით?“

ტობიას გოლდშმიდტი: „ეს ნამდვილად არ არის კარგი აზრი. ევროპის მოსახლეობას არ სურს ჰიდრავლიკური ხლეჩის შედეგად მიღებული აირი. თანაც ეს ძვირი სიამოვნებაა. და ბოლოს, არც ბაზარი ითხოვს ამ პროდუქტს“.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend