მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობამ“ გაიმარჯვა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დათვლილია ხმათა 99.9%. მმართველი პროევროპული პარტია ოპონენტებს დიდი სხვაობით ამარცხებს.
ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“ – 50.15%
„პატრიოტული ბლოკი“ – 24.19%
„ალტერნატივა“ – 7.97%
„ჩვენი პარტია“ – 6.20%
„დემოკრატია სახლში“ – 5.62%
საპარლამენტო არჩევნებში ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა მაია სანდუს პარტია და პრორუსულად განწყობილი „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

წინასწარი გამოკითხვები მიუთითებდა, რომ გაიმარჯვებდა პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“, თუმცა სხვაობა მისი მეტოქის ხმებთან მინიმალური იყო, რის გამოც ექსპერტები კოალიციის შექმნის აუცილებლობას გარდაუვლად მიიჩნევდნენ.
მოლდოვის პარლამენტში 101 მანდატია და უმრავლესობის შესაქმნელად პარტიას მინიმუმ 51 მანდატი სჭირდება. დილის შვიდი საათის მონაცემებით, მაია სანდუს პარტიას პარლამენტში 55 მანდატი ექნება, რაც მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს.
ამ არჩევნების შედეგს მოლდოვის საგარეო პოლიტიკურ კურსზე დიდი გავლენა ექნება. მმართველი პარტიის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს, ხოლო აუცილებელი რეფორმების გატარებას ვეღარაფერი შეაფერხებს.
პრეზიდენტ მაია სანდუს თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგზე ზეგავლენისთვის კრემლმა ასობით მილიონი ევრო დახარჯა. მაია სანდუმ ისაუბრა იმ სავარაუდო სცენარებზე, რომელთა განვითარებისთვისაც მოლდოვაში ასობით ახალგაზრდას რუსული სპეცსამსახურები ამზადებდნენ. ისინი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობდნენ.
„ყველამ ვიცით, რომ რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყო ჩართული მოლდოვის რესპუბლიკის არჩევნებში. მე და ჩვენმა შესაბამისმა ორგანოებმა ვისაუბრეთ იმ სხვადასხვა მეთოდზე, რომლებსაც ისინი მიმართავდნენ. ისინი ხმების მოსყიდვას ცდილობდნენ და ამისთვის ასობით მილიონ ევროს ხარჯავდნენ. ვისაუბრეთ ასევე მოლდოვის რესპუბლიკაში ახალგაზრდების წვრთნაზე, რომელიც ძალადობის ორგანიზებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად. ყველამ ვნახეთ, როგორ აიყვანეს და ამზადებდნენ მოლდოველებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რათა რუსეთმა კიშინეუში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მოლდოვის პირადი მიზნებისთვის გამოყენება შეძლოს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე.
ხმის დათვლის პროცესი არ დასრულებულა, თუმცა არჩევნების შედეგებზე ამას უკვე მნიშვნელოვანი გავლენა აღარ ექნება. ამომრჩეველთა აქტივობამ 52.1% შეადგინა. არჩევნებზე ხმა მოლდოვის მილიონ-ნახევარზე მეტმა მოქალაქემ მისცა.