„აი, ეს არის ჩემი დამზადებული ჩანთა, ამ ჩანთისთვის დამჭირდა ორი გაკვეთილი” – სამი შვილის დედამ მარიკა ბილვანიძემ ბავშვობის ოცნება აისრულა და ჭრა-კერვის სამთვიანი კურსი გაიარა. ის ბოლნისში, სოფელ დისველიდან დადიოდა აქ – განათლების ცენტრში. ეს პროექტი კი ქალთა გაძლიერებისთვის შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზაცია „სენის“ დახმარებით.
„9 წელია, რაც დისველში ვცხოვრობ და როცა გავიგე, რომ იყო ასეთი რამ, ჭრა-კერვის კურსი, ოცნება მქონდა ბავშვობიდან, რომ ჩემი სახლი რომ მექნებოდა, ჩემი ხელით გაკეთებული ფარდა, თუნდაც თეთრეული ჩემი ხელით შემექმნა და დამეკიდა. როცა გავიგე, რომ არსებობდა ეს კურსი, დიდი სიხარულით მოვედი. ბავშვობაში ჩემს თოჯინებს ხელით ვუკეთებდი რაღაცებს. ძალიან თბილი, კარგი გარემო დაგვხვდა, ძალიან ტკბილი მასწავლებელი“, – ამბობს კურსდამთავრებული მარიკა ბილვანიძე.
ნარგული კახაძე, ქართული ენის მასწავლებელიც ამ პროექტის კურსდამთავრებულია. ისიც ამბობს, რომ პროექტმა ბავშვობის ოცნების ასრულების შესაძლებლობა მისცა.
„ამ ყველაფერმა ის შეცვალა, რომ ვფიქრობ, საკერავი მანქანა უნდა ვიყიდო აუცილებლად და ჩემი ხელით შექმნილი თეთრეული თუ ფარდა გავაკეთო ოჯახისთვის და მეზობლებსაც, რა თქმა უნდა, მოვემსახურები და ქალაქში წასვლა აღარ დაგვჭირდება, რომ ფარდა გავკეროთ და მოვიტანოთ სოფელში სახლში დასაკიდად“, – ამბობს კურსდამთავრებული, ნარგული კახაძე.
„ნაბიჯი განვითარებისკენ” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ქალების და აქ ვსაუბრობთ ეკომიგრანტ, სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, მათთან აქტიურად ვმუშაობთ. ეს მიმდინარე პროგრამაა და მის ფარგლებში 50-მდე ქალია შერჩეული, რომლებიც სხვადასხვა პროფესიულ უნარს ეუფლებიან, მათ შორის არის ჭრა-კერვა, გელ-ლაქის შესწავლა, ასევე ციფრული უნარები, ანუ ყველა ის უნარი, რომლებიც მათ დაეხმარებათ, დამოუკიდებლად შემოსავალი მიიღონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი შემდგომი განვითარებისათვის”, – განაცხადა CENN-ის პროექტების მენეჯერმა, ნინო თევზაძემ.
დახმარება ამ ქალებისთვის მხოლოდ აქ არ სრულდება. მომავალში ბოლნისში სოციალური საწარმო დაფუძნდება. იქ ჭრა-კერვის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან.
ამ სამომავლო გეგმების შესასრულებლად კი დისველელ ქალებს სახელმწიფოს მხარდაჭერაც სჭირდებათ. სჭირდებათ მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც სოფელში საერთოდ არ დადის და რომელიც დისველელებს თუნდაც ბოლნისამდე ჩაიყვანს.
სიუჟეტი მომზადებულია ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში.

