ევროპის საუკეთესო სურსათის ექსპერტები ერთიანი ძალით ცდილობენ თაღლითების კვალზე გასვლას. ევრონიუსი თვალყურს ადევნებს მათ ძალისხმევას სპეციალურ გადაცემათა ციკლის მეშვეობით, სახელწოდებით: „სურსათის დეტექტივები“. ამ ციკლის პირველ ეპიზოდში ევრონიუსი თევზის რეწვის ექსპერტებს შეხვდა.
ევროპაში ყოველ წელს სამ მილიონ ტონაზე მეტ თევზს იჭერენ და ყიდიან. არადა, ყველაფერი, რაც კონტინენტზე იყიდება, სულაც არ არის ის, რადაც ასაღებენ. სინამდვილეში, როგორც ნორვეგიელი სურსათის დეტექტივი კვლევითი ორგანიზაცია SINTEF-ის მკვლევარი ტრულს ბაკერიორდ რედერი ამბობს, თევზჭერის ინდუსტრიაში ხშირად ჩნდება კითხვები მიკვლევადობის, გამჭვირვალობისა და თაღლითობის საკითხებზე:
“დღეის მდგომარეობით მიწოდების ჯაჭვის ერთ-ერთი პრობლემა შესაძლოა, ის იყოს, რომ მიწოდებული თევზი აკრძალულ ზონაში ან აკრძალულ დროს იყოს დაჭერილი. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ზოგიერთ ადგილას აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობა იყოს გამოყენებული, ან თევზის მომწოდებელმა დაიბრალოს, რომ მისი თევზი ეკოლოგიურ გარემოშია დაჭერილი და გარკვეული სერტიფიკატის მფლობელიცაა. არადა, სინამდვილეში ამ თევზის მომწოდებელს აღნიშნული სერტიფიკატი არ აქვს.“
თევზის რეწვის კომპლექსური ბუნება ართულებს ზუსტი სურათის დანახვას, რადგან თევზს ქარხნის გემებით ან პატარა ნავებით იჭერენ და მათი მონაცემები ყოველთვის არ არის გაციფრულებული. ხშირად თევზის დასახელების კონვენციებიც განსხვავდება ერთმანეთისგან.
“მაგალითად, უამრავი თევზსაჭერი მოწყობილობა არსებობს,“ – ამბობს ტრულს ბაკერიორდ რედერი. „მათი სახელწოდება სტანდარტული და ერთნაირი არ არის თევზჭერის მრეწველობის აქტორებს შორის. შესაძლოა, სხვადასხვა მეთევზემ, რომლებიც ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ, სულ სხვადასხვა სახელით ჩაწერონ ეს ანგარიშში“.
სურსათის დეტექტივები ტრულს ბაკეიორდ რედერი და კაროლინა გრუნი ერთად მუშაობენ, რათა თაღლითობა მეთევზეობის სექტორში რაც შეიძლება გართულდეს. კაროლინა პოლონეთის ჩრდილოეთით ქალაქ კოშალინში Koszalin მდებარე დანიელების კუთვნილ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში ხარისხის ზედამხედველია. იგი ამბობს, რომ თაღლითობა ძირითადად მანამდე ხდება, სანამ გაყინულ თევზს მის ქარხანაში შეიტანენ.
კაროლინა გრუნი, ხარისხის მართვის დირექტორი, კომპანია ESPERSEN:
“ჩვენ მთლიან თევზებს ვიღებთ, რათა სახეობების გარჩევა შევძლოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომელი თევზი მივიღეთ. მაგრამ მხოლოდ შეხედვით ვერ ვიტყვით, თუ საიდან მოდის ეს თევზი და რა საჭერი მოწყობილობა იქნა გამოყენებული ან როდის დაიჭირეს. ერთი სიტყვით, როდესაც ქარხანაში საქონელს ვიბარებთ, დოკუმენტები სრულ ინფორმაციას არ შეიცავს“.
ტრულსი და კაროლინა ახლა ერთად ცდილობენ იმ ინფორმაციის შევსებას, რომელიც მიწოდების ჯაჭვს აკლია.
“ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაშიც კი მისი მოპოვება რთულია. გარკვულწილად, ძიებაა ჩასატარებელი თითოეულ რგოლში, რომელსაც ვსწავლობთ“, – განმარტავს ტრულს ბაკეიორდ რედერი.
ექსპერტების საბოლოო მიზანი ის არის, რომ შექმნან ციფრული, გაყალბებისგან დაცული ფორმატი ახალი ტიპის პროდუქტის პასპორტისთვის, რომელიც თევზს თან ახლავს დაჭერის წუთიდან სუპერმარკეტის დახლამდე.
“ვცდილობთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ეტიკეტი, რათა შეგეძლოთ ერთ ყუთში მოთავსებული თევზის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მიწოდების სრულ ჯაჭვში,“ – ამბობს ტრულსი. „რაც უფრო გავზრდით მიწოდების ჯაჭვის მიკვლევადობასა და გამჭვირვალობას, მით უფრო რთული იქნება გაყალბება“.
თვალსაჩინო რომ იყოს, თუ რამდენად რთულია მიკვლევადობა, მაგალითად, თევზის დაფასოების ოპერაციას მოგიყვანთ.
“გადამამუშავებელ საამქროში თევზს ვჭრით,“ – განმარტავს კაროლინა გრუნი. „თევზი მომხმარებლისთვის ცნობილი კლასიფიკაციის მიხედვით იჭრება. პრობლემა ის არის, რომ თევზის სახეობების კლასიფიკაცია ძალიან მწირია და დაფასოების სხვადასხვა პარამეტრს გვიდგენს, რომელსაც უნდა მივყვეთ და ეს სტანდარტი რომ დავიცვათ, ერთმანეთში სხვადასხვა შეფუთვის პროდუქტს ვურევთ“.
ახლა, როცა ციფრული პასპორტი ჯერ არ არსებობს, უზომოდ დიდი დრო იფლანგება იმის დასადგენად, თუ რომელი თევზი რომელ პროდუქტში მოხვდა.
“ჩვენი ლოგისტიკის გუნდი საათობით მუშაობს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მონაცემები სწორად არის შეტანილი ჩვენს სისტემაში“, – ამბობს კაროლინა.
სურსათის დეტექტივების მიზანია, რომ ამოცანის ამოხსნის ასეთი ხანგრძლივი პროცესი წარსულს ჩაბარდეს და დაეხმარონ მომხმარებელს, სწორად გაიკვლიოს გზა ინფორმაციის ოკეანეში.
“იმედი გვაქვს, რომ ის სამუშაო, რომელსაც ახლა ვასრულებთ, ინდუსტრიაში სტანდარტად დაინერგება და თევზის რეწვის სექტორში სხვადასხვა მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა აქტორი შეძლებს სტანდარტის მიხედვით შეაგროვოს და ერთმანეთს გაუზიაროს ინფორმაცია. რათა, როდესაც თქვენს თეფშზე დადებულ თევზს დახედავთ, ზუსტად იცოდეთ, რა თევზია და რამდენად ეკოლოგიური სტანდარტის დაცვით დაიჭირეს“, – ამბობს ტრულს ბაკერიორდ რედერი.
ავტორი: ჯერემი უილქსი