გერმანია მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მილიარდებს გამოყოფს სამხედრო აღჭურვილობის გასაძლიერებლად. ამასთან, ქვეყანა ცდილობს, მეტი ადამიანის დარწმუნებას, რომ შეუერთდნენ და იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ გერმანიას ბუნდესვერის აღორძინება სურს. მოსკოვის მხრიდან მომდინარე საფრთხესთან ერთად იმატებს პრობლემებიც გერმანიის სამხედრო ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით.
„ახალგაზრდა თაობის ყველა წარმომადგენელს მოუწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლის წინაშეც აქამდე არასდროს მდგარა. მათ საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვები: რა შემიძლია გავაკეთო? რა წვლილის შეტანა შემიძლია, რომ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება და საცხოვრებელი სახლი დავიცვა. აქვს თუ არა ამას ჩემზე გავლენა და მინდა თუ არა პასუხისმგებლობის აღება და რა დოზით?“ – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
წელს სამხედრო ხარჯების ზრდასთან ერთად, რაზეც გერმანია და NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, ალიანსი წევრ ქვეყნებს სამხედრო პერსონალის გაზრდისკენ მოუწოდებს.
შედეგად ბერლინი ათიათასობით სამხედრო მოსამსახურის დამატებას აპირებს. კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც ნატოში ევროპულ მხარეს ყველაზე ძლიერი რეგულარული არმია უნდა ჰყავდეს.
„ჩემი მიზანი იგივეა. ვიმეორებ იმას, რაც გერმანიის პარლამენტსა და სხვაგანაც არაერთხელ მითქვამს: გერმანიას, თავისი მასშტაბისა და ეკონომიკური სიძლიერის გათვალისწინებით, ნატოს ევროპულ მხარეს ყველაზე ძლიერი რეგულარული არმია უნდა ჰყავდეს“, – ამბობს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
ქვეყანაში, სადაც ნაცისტური წარსულის გამო სამხედრო სამსახურს ხშირად გულგრილად ან ეჭვის თვალით უყურებდნენ, მატერიალურ და პერსონალურ რესურსებთან დაკავშირებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
გერმანიამ 2011 წელს მამაკაცებისთვის სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა, რის გამოც მოგვიანებით მოხალისეების მოზიდვა გაუჭირდა. ბოლო წლებში ჯარში 180 000-ზე ოდნავ მეტი სამხედრო ირიცხებოდა, ახლა კი მთავრობას სურს, მომდევნო ათწლეულში ეს მაჩვენებელი 260 000-მდე აიყვანოს.
„ერთი მხრივ, ბუნდესვერმა უნდა სცადოს, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. არსებობს მიდგომები, მაგალითად, უკეთესი ანაზღაურება. ეს ერთ-ერთი გზაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი აღჭურვილობის დეფიციტის ფუნდამენტური მოგვარებაა. რადგან ძალა, რომელსაც არ აქვს საკმარისი ტანკი, გემი და ყაზარმა, მიმზიდველი არ არის დაინტერესებული პირებისთვის“, – ამბობს თავდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, თომას ვიგოლდი.
ახალი სამხედრო საცხოვრებლების მშენებლობის პროგრამა 2031 წლისთვის 76 ახალი შენობის აშენებას ისახავს მიზნად.
გასულ თვეს მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა სამხედრო სამსახურის ახალი სისტემის შექმნის გეგმა, რომელიც პერსონალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად. ის ითვალისწინებს უფრო მეტ ანაზღაურებას და გაუმჯობესებულ პირობებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოკლევადიან ვალდებულებებს აიღებენ.
2027 წლის შუა პერიოდიდან ახალგაზრდა მამაკაცები ვალდებული იქნებიან, გაიარონ სამედიცინო შემოწმება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად ჯარში გაიწვევენ.