მედიის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია, თუმცა ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოში მედიის თავისუფლებამ იკლო. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით ევრობლოკმა წარადგინა მედიის თავისუფლების აქტი, რომელიც ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო აგვისტოდან გახდა. თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება ევროკავშირის პირველი აქტს მედიის თავისუფლების შესახებ.
ახალი კანონის მიზანია როგორც ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის, ისე მათი წყაროების დაცვა – მათ შორის ჯაშუშური კომპიუტერული პროგრამებისგან. კანონში ჩადებულია ასევე დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოს ჩარევისგან და გამჭვირვალობას მედიის მესაკუთრეების შესახებ.
„გასული ათწლეულის ბოლოს ორი გამომძიებელი ჟურნალისტი მოკლეს: იან კუციაკი სლოვაკეთში და დაფნე კარუანა გალიცია მალტაზე“, – განმარტავს „ევრონიუსის“ რეპორტიორი შანდორ ჟიროში, რომელიც ამ საკითხს აშუქებს. „იყო ევროკავშირისთვის გამოსაფხიზლებელი გზავნილი, რომ მედიის თავისუფლება საფრთხეში იყო. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი გახლდათ, რადგან ევროკომისიამ დაინახა, რომ მედიის თავისუფლება იკლებს თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოში პოლიტიკური წნეხისა და ბიზნესინტერესების გამო. კიდევ იმიტომ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ კომპიუტერულ ჯაშუშურ პროგრამებს იყენებდნენ“.
ეს რეგულაცია მოიცავს სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც იცავენ ინტერნეტში მედიასაშუალებების მიერ განთავსებულ ინფორმაციას, რათა ისინი უსაფუძვლოდ არ წაშალონ. ეს ეხება ისეთ წამყვან ციფრულ პლატფორმებს, როგორებიცაა Google, YouTube და სოციალური მედიააპლიკაციები.
ევროპარლამენტმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა გასულ წელს მიღებულ კანონს და ზოგიერთი წევრი ქვეყნის მთავრობამ დაიწყო კიდეც ეროვნული კანონის ამ რეგულაციაზე მორგება. თუმცა ბოლო დროს ევროპარლამენტარებმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება ახალ რეგულაციას.
„წევრ ქვეყნებს წელიწადზე მეტი დრო ჰქონდათ, ეროვნული კანონები რომ განეახლებინათ, მაგრამ მათმა უმეტესობამ ეს არ გააკეთა,“ – ამბობს იული მაიერჩაკი, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წევრი და ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი. „ამიტომ, დიახ, ჩემი აზრით, დროა, ევროკომისიამ გამოიჩინოს სიმტკიცე და თუ საჭიროა, დაიწყოს სამართლებრივი დევნა ყველაზე ურჩი მთავრობის მიმართ. ეს სანდოობის გამოცდაა“.
ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშში „კანონის უზენაესობის შესახებ“ არის გაფრთხილება, რომ რამდენიმე ქვეყანაში უარესდება ჟურნალისტების მდგომარეობა, პოლიტიკოსები აწარმოებენ ცილისწამების კამპანიებს და იზრდება მედიააქტივების ერთი მფლობელის ხელში თავის მოყრის რისკები. ევროკომისია მიუთითებს ჟურნალისტების უსაფრთხოების რისკებზეც ბულგარეთსა და მალტაში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური წნეხი, მათ შორის სახელმწიფო რეკლამის გადანაწილება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უნგრეთსა და რუმინეთში. მედიის საკუთრების საკითხს აკლია გამჭვირვალობა ბულგარეთში, ჩეხეთში, ნიდერლანდებში, კვიპროსსა და ესპანეთში. ანგარიშში მითითებულია, რომ არსებობს დამოუკიდებელი რეგულირების პრობლემები უნგრეთში, საბერძნეთსა და პოლონეთში.
„ყველაზე სერიოზული დარღვევები გამოვლინდა პოლონეთსა და უნგრეთში, სადაც ოპოზიციურად განწყობილი პირები და გამომძიებელი ჟურნალისტები ამოიღეს მიზანში ჯაშუშური პროგრამებით,” – ამბობს შანდორ ჟიროში. „გატეხეს მათი ტელეფონები და ამას აშკარად პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. მსგავსი შემთხვევები საბერძნეთსა და ესპანეთშიც მოხდა, მაგრამ იქ არ შეინიშნებოდა სისტემური რისკი ოპოზიციისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“.
ახალი კანონის მიხედვით, ჯაშუშური პროგრამის გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუკი ეროვნული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ, სხვა შემთხვევაში აკრძალულია.
ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით „კანონის უზენაესობის შესახებ“ ევროკომისია მიუთითებს ჟურნალისტების უსაფრთხოების რისკებზეც ბულგარეთსა და მალტაში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური წნეხი, მათ შორის სახელმწიფო რეკლამის გადანაწილება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უნგრეთსა და რუმინეთში. მედიის საკუთრების საკითხს აკლია გამჭვირვალობა ბულგარეთში, ჩეხეთში, ნიდერლანდებში, კვიპროსსა და ესპანეთში. ანგარიშში მითითებულია, რომ არსებობს დამოუკიდებელი რეგულირების პრობლემები უნგრეთში, საბერძნეთსა და პოლონეთში.
ორგანიზაციაში „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შიშობენ, არსებობს რისკი იმის, რომ ბევრმა მედიააქტივმა მოიყაროს თავი რამდენიმე კორპორაციის საკუთრებაში. ამასთან მიაჩნიათ, რომ ახალი კანონი დადებით პუნქტებს შეიცავს.
„ევროპის მედიის თავისუფლების აქტი ახლებურად უყურებს შერწყმას“, – განმარტავს იული მაიერჩაკი. „კომპანიების შერწყმის დროს რამდენიმე კრიტერიუმი უნდა მიიღონ მხედველობაში, როგორებიცაა: რა ეფექტი ექნება შერწყმას პლურალიზმზე, რა ინტერესები აქვს გარიგების მხარეს მედიის სხვა სექტორებში, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით შერწყმა და რამდენად აღიარებენ მხარეები სარედაქციო დამოუკიდებლობას“.
ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა