მთავარიევროპადანიადანია NATO-ს წევრ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად სამხედრო წვრთნებს ატარებს

დანია NATO-ს წევრ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად სამხედრო წვრთნებს ატარებს

დანია და NATO-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა გრენლანდიასა და მის გარშემო სამხედრო წვრთნებს ატარებენ, რომელშიც ასობით სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სამხედრო წვრთნების მიზანია დანიის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მზადყოფნის გაძლიერება არქტიკის რეგიონსა და გრენლანდიის ირგვლივ. სამხედრო სწავლება 9 სექტემბერს დაიწყო და 19 სექტემბრამდე გასტანს.

სამხედრო სწავლებაში დანიისა და NATO-ს მოკავშირეების – საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთისა და ნორვეგიის 550-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სამხედროების თქმით, პირადი შემადგენლობა მოკავშირეებთან ერთად ვარჯიშობს, რათა გრენლანდიის, დანიის სამეფოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ და არქტიკულ რეგიონებში გაიზარდოს ერთობლივი რეაგირების შესაძლებლობები. NATO-ს წევრი ქვეყნების განსაკუთრებულ ყურადღებასა და შეშფოთებას იწვევს რუსეთის სამხედრო ოპერაციები არქტიკაში.

„ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ რუსეთმა ბოლო 20 წლის განმავლობაში არქტიკაში პოზიციები განიმტკიცა. ბერინგის სრუტეში, ალასკასა და რუსეთს შორის, ისინი აწარმოებენ ოპერაციებს, რომლებიც აქამდე არასდროს გვინახავს. ვხედავთ, რომ ისინი ჩინეთის სანაპირო დაცვის გემებთან ერთად მუშაობენ. ამასთან, ნორვეგიის ჩრდილოეთითა და ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ბალტიის ზღვის არეალში, ჩრდილოვან ფლოტთან ერთად რუსეთმა მკვეთრად შეცვალა ქცევა“, – განაცხადა დანიის არქტიკის სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა სერენ ანდერსენმა.

დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დანია  მზადაა, მეტი გააკეთოს არქტიკაში. მან ასევე დასძინა, რომ მედიაღონისძიებაზე გრენლანდიის, დანიის, შვედეთისა და ისლანდიის თავდაცვის მინისტრებთან ერთად მან აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთიც მიიწვია, თუმცა მან ვერ შეძლო დასწრება.

„ღონისძიებაზე შეერთებული შტატებიც იყო მოწვეული, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ვერ მიიღეს მონაწილეობა. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ, მეტი გავაკეთოთ აქ, არქტიკაში. ჩვენ ასევე მზად ვართ, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ“, – ამბობს დანიის თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პოულსენი.

წვრთნების ფარგლებში დანია განალაგებს ფრეგატს, ორ ვერტმფრენს, F-16-ის ორ გამანადგურებელსა და შეიარაღებული ძალების სამივე შტოს პერსონალს, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend