მთავარიაზიაკატარიისრაელმა კატარის დედაქალაქში დაბომბა შენობა, სადაც „ჰამასის“ ლიდერები იმყოფებოდნენ

ისრაელმა კატარის დედაქალაქში დაბომბა შენობა, სადაც „ჰამასის“ ლიდერები იმყოფებოდნენ

9 სექტემბერს ისრაელმა კატარის დედაქალაქ დოჰაში დაბომბა შენობა, რომელიც მათი მტკიცებით, „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო.

ბოლო ცნობებით, დოჰაში „ჰამასის“ მაღალი რანგის წარმომადგენლები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ აშშ-ის წინადადების განსახილველად შეიკრიბნენ.

23-თვიანი ომის განმავლობაში და მანამდეც, კატარი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მედიატორის როლს ასრულებდა. ენერგორესურსებით მდიდარ სპარსეთის ყურის ქვეყანაზე თავდასხმამ დოჰაში დიდი შეშფოთება გამოიწვია.

კატარის პრემიერ-მინისტრმა თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა და აღნიშნა, რომ  ქვეყანას უფლება აქვს,  „აგრესიას უპასუხოს“. მან მოუწოდა რეგიონის ქვეყნებს, დროულად მოჰყვეს რეაგირება ისრაელის „ბარბაროსულ“ ქმედებას.

„კატარის სახელმწიფო ადასტურებს, რომ არ შეეგუება სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის არცერთ ფაქტს. დოჰა მკაცრად უპასუხებს ნებისმიერ დაუფიქრებელ ნაბიჯს ან თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და რეგიონის სტაბილურობას. კატარი იტოვებს უფლებას, უპასუხოს ამ აშკარა აგრესიას და ამისთვის ყველა საჭირო ზომას მიიღებს“, – აცხადებს კატარის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი.

ეს ამბავი ვაშინგტონში არ გამორჩენიათ. კატარი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და მის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ბაზა მდებარეობს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდასხმის შესახებ ინფორმირებულიც იყო და ამ ფაქტის გამო უკმაყოფილო ნამდვილად არაა. ის შემთხვევას მშვიდობის დამყარების შესაძლებლობად მიიჩნევს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა დაუყოვნებლივ დაავალა სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, კატარელებისთვის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ეცნობებინა, რაც მან გააკეთა კიდეც. პრეზიდენტი კატარს შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირედ მიიჩნევს და არ მოსწონს, თავდასხმა რომ სწორედ აქ მოხდა. დონალდ ტრამპი თვლის, რომ ეს სამწუხარო ინციდენტი, შესაძლოა, მშვიდობის შესაძლებლობად იქცეს. ის ესაუბრა კატარის ემირსა და პრემიერ-მინისტრს, მადლობა გადაუხადა ჩვენი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მან დაარწმუნა ისინი, რომ მსგავსი რამ მათ ტერიტორიაზე აღარ განმეორდება“, – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლივიტი.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაჯედ ალ-ანსარიმ, სოციალურ პლატფორმა X-ზე გააქილიკა სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის, გაფრთხილება და განაცხადა, რომ ის  მაშინ მიიღეს, როცა ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად აფეთქების ხმა ისმოდა.

თავდასხმის შემდეგ „ჰამასმა“ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყველა მაღალი რანგის ლიდერი თავდასხმას გადაურჩა და მხოლოდ ხუთი დაბალი რანგის წევრი დაიღუპა, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ.

„ჰამასი“ ხშირად აქვეყნებს ცრუ ინფორმაციას და ლიდერების მკვლელობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ადასტურებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend