მთავარიგადაცემებიEurope Decodedრამდენად აღკვეთს ახალი კანონი შინაური ცხოველებით უკანონო ვაჭრობას?

რამდენად აღკვეთს ახალი კანონი შინაური ცხოველებით უკანონო ვაჭრობას?

ევროკავშირში შეიქმნა ძაღლებისა და კატების  დაცვის პირველი ისეთი კანონი, რომელიც მთელი ევრობლოკისთვის  იქნება სავალდებულო და რომელიც შინაური ცხოველებით უკანონო ვაჭრობისა და სხვა ტიპის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას ემსახურება. გავრცელებულია აზრი, რომ ეს კანონი გაცილებით ადრე უნდა მიეღოთ, რადგან ევროკავშირში ოჯახების 44%-ს ჰყავს სახლში ცხოველი, თანაც ძაღლებისა და კატების გამრავლება-გაყიდვა მილარდი დოლარის მოცულობის ბიზნეს-სეგმენტია.

ეს კანონი შინაური ცხოველებით უკანონო ვაჭრობისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვა ტიპის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას ემსახურება. გავრცელებულია აზრი, რომ ეს კანონი გაცილებით ადრე უნდა მიეღოთ. ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ ცოტა ხნის წინ გამოთქვეს საკუთარი აზრი ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით და ახლა მოლაპარაკებებს იწყებენ, რათა კანონი კიდევ უფრო დახვეწონ.

ევროკომისიის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში 127 მილიონი კატა და ძაღლია და მოსახლეობის 44%-ს ან ერთი ცხოველი ჰყავს სახლში ან – მეორე. ახალი კანონი შინაური ცხოველების შესახებ მთელი ევროკავშირის მასშტაბით აწესებს მათი დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. მაგალითად, სავალდებულო იქნება შინაური ცხოველისთვის მიკრო-ჩიპის მიმაგრება, ასევე ძაღლებისა და კატების სრულყოფილი რეგისტრაცია, როგორც ადგილზე დაბადებულების, ისე ევრობლოკის ფარგლებს გარედან შემოყვანილების. ევროპარლამენტი ივლისში გამოვიდა შეთავაზებით, რომ უნდა აიკრძალოს ძაღლებისა და კატების გაყიდვა ზოომაღაზიებში. და ბოლოს, სისხლის აღრევის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალება ახლო ნათესაური კავშირის მქონე ცხოველების შეჯვარება. მათ შორის:   მშობლებისა და ბებია-ბაბუების შვილებთან და შვილიშვილებთან, ასევე და-ძმებსა და ნახევარ და-ძმებს შორის შეჯვარება.

ახლა ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულოა ევროკავშირის 27 წევრიდან 24-ში. თუმცა მისი სისტემები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

„ევროკომისიის წინადადებით ნაშიერის რაოდენობის ზუსტი ზღვარი დგინდება,“ – განმარტავს ევრონიუსის კორესპონდენტი ჯერარდო ფორტუნა, რომელიც ამ საკითხს აშუქებს. „ძუ ძაღლს თუ კატას ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ შეუძლია ნაშიერის გაჩენა.  მერე სულ მცირე ერთი წელი უნდა შეისვენოს. ასე იმიტომ დადგინდა, რომ ხშირი ორსულობის გამო ცხოველი იფიტება ან იმუნიტეტი უსუსტდება.“

თანაც ეს მიდგომა ე.წ. ლეკვების ფერმების პრობლემას მოაგვარებს.

„ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რათა ლეკვების კონვეიერული გამრავლება აღიკვეთოს. ამჟამად ამ ინიციატივას ევროპული საბჭოც უჭერს მხარს და ევროპარლამენტიც,“, – ამბობს ჯერარდო.

ახალი წესები და რეკომენდაციები შემოდის ცხოველების პატრონებისთვისაც, თუ რა პირობებეში უნდა იყოლიონ ცხოველი.

„რამდენიმე ახალი სტანდარტი შემოდის, მაგალითად თუ როგორ უნდა კვებო, ან რამდენჯერ გაასეირნო სხვადასხვა ჯიშის ცხოველი დღეში, ან რამდენ ხანს უნდა გყავდეს დამწყვდეული,“ – ამბოსბ ჯერარდო ფორტუნა.  „ეს ძირითადად ეხება ტრანსპორტირებას ან ჰოსპიტალიზაციის პერიოდს.“

და სამი ევროპული ინსტიტუტი ახლა ამ კანონის საბოლოო სახეზე მოილაპარაკებს. საინტერესოა, კიდევ რა შეიძლება შეიცვალოს?

„სადაო მხოლოდ ის არის, რომ ევროპარალმენტის პოზიცია უფრო ამბიციურია, ვიდრე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოსი,“ – განმარტავს ჯერარდო. „მაგალითად ისინი ცდილობენ აიკრძალოს ახლო მონათესავე ინდივიდების შეჯვარება ან ვაჭრობის მიზნით მეტისმეტად ხშირი გამრავლება, ასევე თავშესაფარში ჯანმრთელი ძაღლის დაძინება. რასაკვირველია, ევროპული საბჭოს მხრიდან მოსალოდნელია გარკვეული წინააღმდეგობა და ტრადიციული არგუმენტების მოტანა. ერთი სიტყვით, ევროპაში ბიზნესს უფრო დაუმძიმდება  ბიუროკრატიის ტვირთი.“

ევროკავშირში ძაღლებითა და კატებით ვაჭრობა წელიწადში მილიარდ სამას მილიონ ევროს შეადგენს, შინაური ცხოველების მფლობელთა  60% კი ონლაინ ყიდულობს ცხოველს. ინტერნეტით ვაჭრობის გამო ბუნდოვანია ცხოველის წარმოშობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არის თუ არა ვაქცინირებული. ევროკომისიის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში ცხოველების უკანონო შემოყვანის შემთხვევების ძირითადი ნაწილი მოდის რუმინეთსა და უნგრეთზე – რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. რაც შეეხება მესამე ქვეყნებს, ცხოველები ძირითადად შემოჰყავთ რუსეთიდან, ბელორუსიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან.

ეს ახალი წესები ევროკავშირის მასშტაბით დაახლოებით ძაღლისა და კატის 40 ათას მენაშენეს შეეხება, რომლებიც კომერციული მიზნით აშენებენ ცხოველებს და ბევრი ონლაინ ყიდის მათ. საინტერესოა,  რამდენად მოხერხდება მომავალში ონლაინ პლატფორმებზე მიკვლევადობის დადგენა? თუ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ინსპექტირებაში, ან თუნდაც სადამსჯელო ზომებში?

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუკი ცხოველებს აშენებ, ოფიციალურად დაამოწმო, რომ შენს ცხოველს მხოლოდ ჩიპი კი არ უკეთია, არამედ ის რეგისტრირებულიც არის,“ – განმარტავს  თილი მეცი,  ლუქსემბურგელი  ევროპარლამენტარი „მწვანეთა“ ჯგუფიდან, რომელიც  მომხსენებელად დაინიშნა ახალ რეგულაციებზე. „სწორედ ეს არის  ევროკომისიის მიზანი და პასუხისმგებლობა, რომ შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც ყოველ წევრ სახელმწიფოში იმუშავებს, რათა მათ შორის გაჩნდეს თანამშრომლობის გარანტია და შესაძლებელი იყოს ცხოველის შესახებ ინფორმაციის მიკვლევადობა მთელ ევროკავშირში.“

ევროპარლამენტარმა პიტერ ლისიმ ორი წლის წინ, როდესაც ევროკომისია ამ ახალი რეგულაციის წინადადებით გამოვიდა, განაცხადა რომ უკანონო წყვილებით ვაჭრობა მაფიის სტრუქტურის მსგავსად მუშაობსო. საინტერესოა, რამდენად შეზღუდავს ახალი რეგულაცია ამ პრაქტიკას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხოველების უკანონო მოწოდება ძირითადად ხდება რუსეთიდან და ბელორუსიდან, რომლებიც არ მოდიან თანამშრომლობაზე.

„სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ცხოველები რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ ევროკავშირში,“ – ამბობს მეცი. „ასევე მხარს ვუჭერთ, რომ საზღავარზევე მოხდეს ცხოველების რეგისტრაცია. მაგრამ იმასაც უნდა შევხედოთ, თუ რისი აღსრულებაა შესაძლებელი. თუმცა წესად უნდა დაინერგოს, რომ ცხოველის რეგისტრაცია მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუკი  ევროკავშირში უკვე კარგა ხანის წინ შემოიყვანეს.“

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სახლში აყვანილი ცხოველების 90% ან ძაღლია ან კატა, რამდენად შეიძლება ახალი კანონი შეეხოს სხვა კომპანიონ ცხოველებსაც?

„როგორც იცით, ზოგიერთს სახლში გველის ყოლაც უნდა ან ისეთი ველური ცხოველის, რომელთა სახეობებიც დაცვას ექვემდებარება, პატარა მაიმუნების და კიდევ ბევრი სხვა ასეთის,“ – ამბობს თილი მეცი.  „თუკი შევადგენთ დაშვებული ცხოველების სიას, ეს ნიშნავს, რომ რომელი ცხოველიც არ შევა ამ სიაში, მათ ვერ იყოლიებ სახლში.“

მიკვლევადობის ელექტრონულმა სისტემამ შესაძლოა დიდი დახმარება გაგვიწიოს, რათა აღიკვეთოს ცხოველების მიტოვება. ევროპარალამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების“ ჯგუფის მიხედვით, ევროპის ქუჩებსა და თავშესაფრებში დაახლოებით 100 მილიონი უპატრონო ძაღლი და კატაა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეიცვლება ეს ვითარება ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ევროკომისია ამ რეგულაციის პირველ შეფასებას წარადგენს. მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაცია დამტკიცდეს.

ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend