მთავარიგადაცემებიატლანტის ოკეანის კუნძულებზე განვითარებული წყალქვეშა ტურიზმი ოკეანის დაცვას ემსახურება

ატლანტის ოკეანის კუნძულებზე განვითარებული წყალქვეშა ტურიზმი ოკეანის დაცვას ემსახურება

ევროპის ატლანტის ოკეანის კუნძულებზე ჩატარებული წყალქვეშა არქეოლოგიური ძეგლების დათვალიერებისა და ვეშაპებზე დაკვირვების ტურები, რომლებსაც თავად მეცნიერები ატარებენ, აჩვენებს, რომ სასვებით შესაძლებელია ბუნების დაბინძურებისა და დაზიანების ნაცვლად, ტურიზმი  ოკეანის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მოემსახუროს.

ფაიალი, ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული, ზაფხულობით მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს. თუმცა მყვინთავების ერთი ჯგუფი ყველასგან განსხვავდება – იგი ევროპული კვლევითი პროექტის ecoRoute-ის  ნაწილია, რომლის ფარგლებშიც  ზღვის ბიოლოგები და არქეოლოგები ტურისტებთან ერთად ყვინთავენ და ტურისტებს წყალქვეშა სამყაროს ისტორიას აცნობენ.

ჟოზე ბეტენკორტი, ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის (Universidade NOVA de Lisboa) არქეოლოგი:

“ხშირად ამის მსგავს არქეოლოგიურ ძეგლებს არ მიიჩნევენ კულტურულ მემკვიდრეობად – უბრალო ნამსხვრევებად თვლიან. ხალხმა არაფერი იცის მათ შესახებ. სწორედ ამიტომ ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია, რომ ვაჩვენოთ, რამდენად ძვირფასი განძია ეს ნამსხვრევები მდგრადი ტურიზმისთვის.“

წყლის ზედაპირთან ახლოს მე-19 საუკუნეში ჩაძირული ინგლისური ორთქლის გემი დევს. ასეთი სიძველე იმ ტურისტს იზიდავს, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს.

“ამ ხალხს კუნძულის ისტორიისა და მისი ბუნების განცობა სურს,“ – ამბობს ანა ბესუგო, კომპანია ZUGADVENTURES -ის ზღვის ბიოლოგი და გიდი. „ამიტომ მგონია, რომ ნამდვილად დასფასებელია ჩვენთვის, რომ შეგვიძლია ასეთი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს სტუმრებს და მათთან ერთად ამ ყურის მშვენიერებით დავტკბეთ.“

მეცნიერებს სურთ ტურისტების შთაბეჭდილებები შეისწავლონ.

“ნამდვილად გასნხვავდება ასე ყვინთვა დამოუკიდებლად ყვინთვისგან!,“ – გვიზიარებს თავის აზრს ჯგუფის მონაწილე ტურისტი ქალი. “ჩაძირული გემის ამბავს იგებ და ზოგადად აქაურ ისტორიასაც,“ – ამბობს ტურისტი მამაკაცი.

აზორის კუნძულების აკვატორიაში 30% პროცენტი დაცული ტეროტორიაა. ამ პორტუგალიური არქიპელაგის ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ არ მისცეს ნება მასობრივ ტურიზმს, საფრთხე შეუქმნას მის ბუნებასა და კულტურულ საგანძურს.

ჟილბერტო კარეირა, ბიომრავალფეროვნებისა და საზღვაო პოლიტიკის განყოფილების დირექტორი, აზორის საზღვაო პოლიტიკის რეგიონული დირექტორატი:

“ჩვენ გვაქვს საშუალება შევხედოთ, რა ხდება მსოფლიოს სხვა ადგილებში და ვეცადოთ, არ გავიმეოროთ მათი შეცდომები. საჯარო სამსახურები ყურადღებას აქცევენ ამ საკითხს და დანარჩენი დაინტერესებული მხარეებიც ჩართული არიან საქმეში. ყველა აღიარებს, რომ ტურიზმი მდგრადი გზით უნდა განვითარდეს, აჩქარების გარეშე და უნდა შეიქმნას გარანტია იმისა, რომ ის ბუნებრივის სიმდიდრე, რომელზეც ტურიზმი დგას, არასდროს გაქრება.“

ზღვისპირეთის ტურიზმი ევროპის ე.წ. ლურჯი ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორია – სწორედ მასზე მოდის დასაქმების ნახევრაზე მეტი და წლიური შემოსავალი 200 მილიარდ ევროს შეადგენს. ჩვენ ecoRoute-ის გუნდს გავყევით მდგრადი წყალქვეშა ტურიზმის კიდევ ერთი საცდელი ადგილისკენ. წყალქვეშ 20 მეტრის სიღრმეში ღუზა და ზარბაზნებია ზღვის ფსკერზე ჩაფლული. ისინი აქ გათხრის სხვა ადგილიდან გადმოიტანეს. და ახლა ტურისტებს შეუძლიათ ატლანტის ოკეანეში ნაოსნობის ისტორიას ზღვის ფაუნის თანდასწრებით გაეცნონ.

ecoRoute-ი  და სხვა ევროპული პროექტები ტურისტულ რუკაზე ახალ მიმართულებებს  ნიშნავენ ისე, რომ მათ ზიანი არ ადგებათ. ერთ ადგილას, მაგალითად, ტივტივები იმიტომ განათავსეს აქ წყალში, რომ მყვინთავების ნავებს ღუზის ჩაშვების გარეშე გაჩერების საშუალება მისცენ, რადგან ღუზა ზღვის ფსკერს აზიანებს.

პედრო როსა, ფაიალის მდგრადი ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი:

“ჩვენ სხვაადსხვა ადგილებში ვმუშაობთ. მიმდინარე პროექტი ზღვას მოიცავს, თუმცა ის შესაძლოა ეხებოდეს სალაშქრო ბილიკებსაც, მაგალითად. გვინდა 10-20 წელიწადში ისევ გვქონდეს მშვენიერი ადგილები, ტურიზმს კი შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს.“

აზორის კუნძულები და ევროპის სხვა შორეული რეგიონები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტში არიან ჩართული, რომლებიც ზღვისპირეთის ეკომეგობრულ განვითარებას ემსახურებიან.

ესპანეთის კანარის ერთ-ერთი კუნძულის ტენერიფეს აკვატორიაში დედამიწის ვეშაპებისა და დელფინების პოპულაციის მესამედი ბინადრობს. ვეშაპებზე დაკვირვების ტურები აქ ძალიან დიდი ბიზნესია. თუმცა მისაელ ვარგასს, ზღვის ბიოლოგს, სურს, რომ მისმა ტურებმა რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს გარემოს. დიდი კომერციული ნავებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხშირად იყენებენ ვეშაპებზე დაკვირვებისთვის, მისი წყნარი გასაბერი ნავი Biocean-ი არ აწუხებს ამ ვეშაპებს. და რადგან ნავზე ტურისტების მხოლოდ მცირე ჯგუფია, ყველას კარგად ესმის გიდის, რომელიც ვეშაპების ბიოლოგიასა და ქცევაზე საუბრობს.

მისაელ მორალეს ვარგასი, Biocean-ის ზღვის ბიოლოგი:

“ჩვენ ჰიდროფონებს ვიყენებთ, წყალქვეშა მიკროფონებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ არა მარტო დავაკვირდეთ ცხოველებს, არამედ მოვუსმინოთ კიდეც.“

ჰიდროფონები ამ ტურისტებს საშუალებას აძლევს, რომ გაიგონონ, როგორ უსტვენს და ტკარცალებს ვეშაპი.

„გარემო სასწრაფოდ უნდა დავიცვათ, ამიტომ უნდა შევქმნათ ისეთი ბიზნეს-მოდელები, რომლებიც ხალხს აზრს შეაცვლევინებს და ისინი ბუნებას საკუთარ ნაწილად აღიქვამენ და არა განცალკევებულ სხეულად,“ – განმარტავს მისაელ მორალეს ვარგასი.

ეს კომპანია თანამშრომლობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კიდევ ერთ პროექტთან – TWINNEDbySTARS-ი, რომელიც ცდილობს ზღვისპირას დასვენების დროს ადამიანი ხმაურიანი ატრაქციონების ნაცვლად ისეთი შინაარსიანი გართობით დააინტერესოს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას.

იენ ლამ გონსალესი, ULPGC-TIDES-ის პოსტდოქტორანტი მკვლევარი:

„აშკარაა, რომ შესაძლებელია შენი საქმიანობა იყოს ეკოლოგიურიც და კონკურენტუნარიანიც, განსაკუთრებით როდესაც შენი მთავარი მიზანია განათლებისა და გარემოს დაცვის ღირებულებების გავრცელება ტურისტებში.“

ისევ ფაიალის კუნძულზე დავბრუნდით, აზორის არქიპელაგში, სადაც ვეშაპებზე დაკვირვებით დაკავებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ Naturalist-მა სამეცნიერო კვლევა თავისი ყოველდღიური ტურების განუყრელ ნაწილად აქცია. ნავის ბორტზე მყოფი სერტიფიცირებული ზღვის ბიოლოგები გზად შემხვედრ ველური ბუნების ნებისმიერ წარმომადგენელზე ინფორმაციას იწერენ და აგროვებენ ისეთ ნიმუშებს, როგორებიცაა ვეშაპის კანის ნაწილაკები. ეს მონაცემები კვლევით ინსტიტუტებს ეგზავნებათ, რაც საველე სამუშაოებთან დაკავშირებულ ხარჯს ამცირებს – პარალელურად კი ტურისტებს შეუძლიათ საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორია ნამდვილი ზღვის მეცნიერება.

ჯიზელა დიონისიო, Naturalist-ის ზღვის ბიოლოგი:

“გვინდა სამაგალითო ვიყოთ, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელსაც სხვა კომპანიებიც გამოიყენებენ, რათა განამტკიცონ მეცნიერებასა და ტურიზმს შორის კავშირი და უკეთეს მონაცემებს დაეყრდნონ. რადგანაც ამ კომპანიებთან ერთად ყოველდღე გავდივართ ოკეანეში, გრძელვადიან პერიოდში შეგვიძლია მონაცემების შეგროვება.“

ეს ორი ევროპული პროექტი TWINNEDbySTARS-ი და  ecoRoute-ი აჩვენებს, რომ არსებობს რამდენიმე გზა, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი საზაფხულო დასვენება ოკეანის მეგობრად. თუმცა მეცნიერები გვახსენებენ, რომ ზღვის ეკოლოგიის დასაცავად არ არის აუცილებელი იყო მყივინთავი ან ვეშაპზე დამკვირვებელი. პლაჟზე დასავენებლად გასულ ტურისტებსაც შეუძლიათ აკრიფონ იქ დაყრილი ნაგავი წასვლამდე – რათა სანაპირომ სილამაზე არ დაკარგოს, ზღვის ბიომრავალფეროვნება კი დაიცვას პლასტმასით დაბინძურების მავნე შედგებისგან.

კარლა დამასო, აზორის კუნძულების ოკეანის ობსერვატორიის კოორდინატორი:

“ჩვენ კლიმატის ცვლილების, დაბინძურებისა და სახეობების მასობრივი გადაშენების პრობლემების წინაშე ვდგავართ. მაგრამ ამ წუთას ჯერ კიდევ შესაძლებელია შევცვალოთ საკუთარი ქცევა ისე, რომ ყველაფერი გამოკეთდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ტურისტებმაც იცოდნენ ეს.“

მთელ მსოფლიოში ზღვისპირა ტურიზიმის ცუდად მართვის გამო დაბინძურებულია სანაპირო ზოლი და საფრთხე ექმნება ზღვის ბიომრავალფეროვნებას. თუმცა კანარისა და აზორის კუნძულების მსგავს ადგილებში სურთ დაამტკიცონ, რომ თავისუფლად შეგვიძლია დავტკბეთ ოკეანით… მისი დაზიანების გარეშე.

ავტორი: დენის ლოქტიე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend